საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, სოციალურ ქსელებში ატეხილი მითქმა-მოთქმა სიების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, არასერიოზულია.
„ეს არის ხელოვნურად ატეხილი ახალი აჟიოტაჟი, ახალი კამპანია, რასაც რეალობასთან შეხება არ აქვს. ჩვენ გვახსოვს, მსგავსი სიები გამოქვეყნდა რამდენიმე წლის წინაც და მაშინაც ჰაკერულ თავდასხმებზე მიუთითებდნენ. მაშინ ითქვა, რომ ეს იყო 2011 წელს გატანილი რაღაც სიები, სადაც შესწორებები იყო შეტანილი, მითითებული იყო რაღაც პერსონალური ინფორმაცია და ასე შემდეგ. ეს სიები ვერანაირ ზიანს ვერ მიაყენებს ვერავის, ჯერ ერთი, ძველი განუახლებელი სიებია, სადაც გარდაცვლილი ადამიანებიც არიან და ამაზე დღეს საუბარი არასერიოზულია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება, რომ ამასთან დაკავშირებით დეტალური მოკვლევა მიდის და თუ კი რაიმე რისკი იქნება, მას გამორიცხავენ და შედეგებსაც დადებენ. ყოველ შემთხვევაში, ის მითქმა-მოთქმა, რომელსაც სოციალური ქსელების მომხმარებელთა ნაწილი უზრუნველყოფდა, არასერიოზულია და არანაირ სარისკო ოპერაციებს არ შეიცავს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
ვებგვერდმა ZDNet დაწერა, რომ ჰაკერულ ფორუმზე 4,9 მილონზე მეტი ქართველი ამომრჩევლის, მათ შორის გარდაცვლილების პირადი მონაცემები გამოქვეყნდა. საუბარია ისეთ მონაცემებზე, როგორებიცაა სახელი და გვარი, დაბადების თარიღი მისამართი, საიდენტიფიკაციო და ტელეფონის ნომრები. ჰაკერული ფორუმის წევრის მტკიცებით, პირადი მონაცემები ცესკოს ვებგვერდიდანაა აღებული.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში საკითხის დეტალური შესწავლა მიმდინარეობს.