საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ ფეხბურთელები კორონავირუსის გამო ხელფასის 70 პროცენტზე უარს ამბობენ. ინფორმაცია გუნდის ლიდერმა ლიონელ მესიმ გაავრცელა. წერს BBC.
განცხადებაში ნათქვამია, დაზოგილი თანხა კორონავირუსით გამოწვეული პაუზის დროს კლუბის პერსონალის ანაზღაურებას მოხმარდება.
მანამდე კლუბის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ეპიდემიით მიყენებული ზარალის გამო ხელფასების შემცირებას აპირებდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.