მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ტვიტს უპასუხეს, რომელშიც მან განაცხადა, რომ აშშ-ში ჰარის და მეგან მარკლის უსაფრთხოების დაფინანსებას არ აპირებს.
„სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია არ აპირებენ აშშ-ის მთავრობას რესურსების გამოყოფა სთხოვონ უსაფრთხოების მიზნებისთვის. უსაფრთხოების კერძოდ დაფინანსებული ზომები უკვე შეთანხმებულია“, - განაცხადა პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
29 მარტს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰარის და მეგან მარკლის უსაფრთხოების დაფინანსებას არ აპირებს.
„დედოფლისა და გაერთიანებული სამეფოს დიდი მეგობარი და თაყვანისმცემელი ვარ. ცნობილი იყო, რომ ჰარი და მეგანი, რომლებმაც სამეფო დატოვეს კანადაში იცხოვრებდნენ. ახლა მათ კანადა დატოვეს და აშშ-ში ჩამოვიდნენ. მაგრამ აშშ მათი დაცვის ხარჯებს არ გადაიხდის. მათ უნდა გადაიხადონ“! - დაწერა ტრამპმა.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ჰარი და მეგანი საცხოვრებლად ლოს-ანჯელესში გადავიდნენ.
პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა 8 იანვარს გაავრცელეს განცხადება იმის შესახებ, რომ სამეფო ოჯახის მაღალი რანგის წევრების სტატუსს ტოვებენ, ფინანსური დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად მუშაობას აპირებენ.
18 იანვარს კი ცნობილი გახდა, რომ პრინცი ჰარი და მეგან მარკლი სამეფო ტიტულებით აღარ ისარგებლებენ და საჯარო სახსრებს არ მიიღებენ, წყვილს აღმატებულობის ტიტული ჩამოერთმევათ, თუმცა ისინი სასექსის ჰერცოგად და ჰერცოგინიად დარჩებიან.