ბელარუსში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. Covid 19-მა ვიტებსკში ცნობილი მსახიობი ვიქტორ დაშკევიჩი იმსხვერპლა.
გარდაცვლილის ცოლი აცხადებს, რომ ის და მისი ქმარი პნევმინიის დიაგნოზით ტუბდისპანსერში გადაიყვანეს, თუმცა იმის გამო, რომ საავადმყოფოში ადგილები არ იყო, სახლში დააბრუნეს, - ინფორმაციას ამის შესახებ ნნ.ბყ ავრცელებს.
მას შემდეგ, რაც ცოლ-ქმრის მდგომარეობა დამძიმდა, ისინი სხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც კორონავირუსი არ დაუდგინდათ.
75 წლის დაშკევიჩის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა, რის გამოც მისი მესამედ ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. განმეორებითმა ანალიზმა კი კორონავირუსი გამოავლინა. მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
ბელარუსის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში დღეისათვის კორონავირუსის 152 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
"ბელარუსში კორონავირუსით ცნობილი მსახიობი გარდაიცვალა" ნიშნავს, რომ ეს მსახიობი კორონავირუსით იყო ცნობილი! უნდა იყოს: "ბელარუსში ცნობილი მსახიობი კორონავირუსით გარდაიცვალა".