მარინა ენდელაძე: დავინდოთ ჩვენი თავიც, მოსახლეობაც და იქნებ ჩვენც დაგვინდოთ, რომ ნაკლები პაციენტი იყოს

მარინა ენდელაძე: დავინდოთ ჩვენი თავიც, მოსახლეობაც და იქნებ ჩვენც დაგვინდოთ, რომ ნაკლები პაციენტი იყოს

მოემატა რაოდენობა, გვყავს 100 ინფიცირებული პაციენტი, რაც რა თქმა უნდა, არ არის სასურველი, მაგრამ სასიამოვნო ფაქტია ის, რომ ჯერჯერობით ლეტალური შედეგი არ გვაქვს, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების დირექტორმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მარინა ენდელაძის თქმით, შესაძლოა, ლეტალური შედეგებიც დადგეს, მაგრამ მედიკოსები ძალ-ღონეს და ენერგიას არ იშურებენ იმისთვის, რომ ყველაფერი კარგად იყოს.

„ამჟამად ჩვენთან პაციენტების რაოდენობა მომატებულია, მაგრამ ბევრი გავწერეთ კიდეც და ველოდებით, რომ დღეს შესაძლოა, ერთიც გაეწეროს. გვყავს ძალზე საყურადღებო პაციენტებიც და ერთ მათგანზე პროგნოზს ჯერ ვერ გავაკეთებ. მართალია, ჩვენი ქვეყანა ყველაზე მოწინავეა და კარგი შედეგები გვაქვს თითქოს, რომ ბევრი ინფიცირებული პაციენტი არ გვყავს, მაგრამ ამან არ უნდა მოგვცეს დიდი იმედი. იმისთვის, რომ დრამატულად არ განვითარდეს მოვლენები, დავიცვათ ყველა მითითება, რაც სახელმწიფოს მიერ არის გამოცხადებული. ასე რომ, დავინდოთ ჩვენი თავიც, ჩვენი მოსახლეობაც და იქნებ ჩვენც დაგვინდოთ, რომ ნაკლები პაციენტი იყოს და ყველაფერმა კარგად ჩაიაროს“, - განაცხადა ენდელაძემ.

საქართველოში კორონავირუსის 100 შემთხვევა დადასტურდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსისგან 18 ადამიანი განიკურნა.