„ბირთვისის ციხეში მიუწვდომელ ადგილას გამაგრებულმა ქართველებმა დიდხანს ვერ გაძლეს და ქეიფი დაიწყეს. სწორედ ამ ქეიფის შედეგად მოახერხა მტერმა ამ მიუწვდომელი გარემოს აღება. ასე რომ, დახურულ გარემოში ცხოვრების თვალსაზრისით მინუსები ჩვენც გაგვაჩნია. ამიტომ, საჭიროა, მეტი შემოქმედებითობა სიტუაციის მორგების თვალსაზრისით, უნდა გავიჩინოთ საზრისი ასეთ გარემოში“, - აცხადებს For.ge-სთან საუბარში პროფესორი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს გეშტალტთერაპევტთა ასოციაციის პრეზიდენტი დიმიტრი ნადირაშვილი.
ჩაკეტილ სივრცეში, იზოლაციაში ყოფნა რამდენად რთული იქნება ჩვენი მოსახლეობისთვის. ადამიანებმა როგორ უნდა „მოკლან“ დრო, რათა იზოლაციის სტრესი გადაიტანონ?
- რეალობა, რომელიც დღეს დადგა, სრულიად მოულოდნელი იყო თითოეული ჩვენგანისთვის და მსოფლიოსთვის. გლობალიზაციამ მოიტანა სწორედ ეს პრობლემა, რომლის წინაშეც ახლა ვდგავართ. კიდევ უფრო ზევიდან რომ დავხედოთ სიტუაციას, ეს არის პრობლემა, რომელიც ჩვენს ბუნებასთან დამოკიდებულებას განსაზღვრავს, ეს არის ეკოლოგიის პრობლემა და დანარჩენ ცოცხალ სამყაროსთან ადამიანის ურთიერთობის პრობლემა. თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში უკვე აღარ არის ადამიანის გადარჩენისთვის ბრძოლის დილემა ველურ ბუნებაში, როდესაც რაღაც ცოცხალი, მასზე ძლიერი ორგანიზმი, ცხოველი შეჭამდა ადამიანს, დღეს უკვე პრობლემად იქცა ვირუსი, რომლის მატარებელიც გახდა ადამიანი და ეს მოითხოვს გარკვეული ურთიერთობის სტილს.
სამყაროსთან ახლებური ურთიერთობის ფორმის პრელუდიასა და რეპეტიციას გავდივართ ახლა, ვსწავლობთ, როგორ ვიურთიერთოთ სხვებთან. ქართველისთვის ოჯახში ყოფნა და ოჯახში ცხოვრება ტიპური იყო და დღესაც ასეა. გარკვეული თვითინსტრუქტაჟისა და ცხოვრების გააზრების შემდეგ, შესაძლებელია, ასეთ რეალობასთან მეტ-ნაკლებად შეგუება, თუკი ეს არ იქნება დაკავშირებული ეკონომიკურ კრიზისთან და, თუ მსგავსი რთული პერიოდი დროში ძალიან არ გაიწელება. ჩვენ ვუყურებთ იტალიელებს, თუ როგორ გამოდიან ისინი აივნებზე, რამდენად რთულია ტემპერამენტის მქონე იტალიური საზოგადოებისთვის სახლში ჯდომა. გაცილებით ადვილია ეს, ვთქვათ, სკანდინავიელებისთვის. ქართველები ამ მხრივ ვგავართ იტალიელებს. თუკი სხვა პირობებში დიდი პლუსია სოციალურობა, ურთიერთობა გარე რეალობასთან, დღევანდელ დღეს ეს ჩვენი მინუსია და ტემპერამენტის ჭარბმა რაოდენობამ შეიძლება გამოიწვიოს დეპრესია. ასეთი მდგომარეობა თითოეული ჩვენგანისგან მოითხოვს, ადაპტაცია მოვახდინოთ და დღევანდელ სიტუაციას შემოქმედებითად მოვერგოთ.
ჩვენ გვახსოვს პოლიტიკურად დატვირთული 9 აპრილი, კომენდანტის საათი, მაგრამ სამედიცინო თვალსაზრისით, ასეთი რთული დრო ბოლო პერიოდში არ გადაგვიტანია. როგორ ეხერხებათ ასეთ პირობებში ქართველებს მძიმე სიტუაციის დაძლევა, რას გვკარნახობს გამოცდილება?
- გამოცდილება ბევრ რამეს გვკარნახობს. მათ შორის, გავიხსენოთ ბირთვისის ციხე როგორ აიღეს მტრებმა. ბირთვისის ციხეში მიუწვდომელ ადგილას გამაგრებულმა ქართველებმა დიდხანს ვერ გაძლეს და ქეიფი დაიწყეს. სწორედ ამ ქეიფის შედეგად მოახერხა მტერმა ამ მიუწვდომელი გარემოს აღება. ასე რომ, ასეთ გარემოში ცხოვრების თვალსაზრისით, მინუსები ჩვენც გაგვაჩნია. ამიტომ, საჭიროა მეტი შემოქმედებითობა სიტუაციის მორგების თვალსაზრისით, უნდა გავიჩინოთ საზრისი ასეთ გარემოში.
ამ შემთხვევაში, ალბათ, ყველაზე რთულია ბავშვების, მარტოხელა მოხუცების, ასევე, ახალგაზრდების მდგომარეობა, რომელთაც ქუჩაში გასვლის სურვილი უხმობთ.
- შეიძლებოდა ამაზე ბევრი ლაპარაკი, მაგრამ მოკლედ რომ ვთქვა, გარე სამყაროში რა აქტიობებიც გვქონდა - ფიზიკური, ინტელექტუალური, შემეცნებითი, ეს აქტიობები არ უნდა მოვიკლოთ და მხოლოდ იმით არ შემოვიფარგლოთ, რასაც სახლში ვაკეთებდით, არამედ ახლა საჭიროა, იმის გადმოტანა ჩვენი სახლის გარემოში, რაც სამყაროში გარეთ და შიგნით ხდებოდა. გადმოსატანია ის, რაც კარს გარეთ იყო და არა მარტო კარს შიგნით. ამაში ვგულისხმობ ფიზიკურ ვარჯიშებს, რომელიც გარეთ იყო, სოციალურ ურთიერთობებს, რომელიც, ასევე, გარეთ იყო, სოციალურ კონტაქტებს, რომელიც გარეთ იყო. უბრალოდ, ახლა ეს უნდა მოხდეს სხვა ტექნოლოგიური საშუალებებით, ანუ ტექნოლოგიური საშუალებები უნდა გახდეს ამ ყველაფრის ვიწრო სივრცეში შესრულების ინსტრუმენტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, დეპრესიები, ან ჭარბი ემოციების გამოვლენის გამო ურთიერთკონფლიქტები ოჯახის წევრებს შორის გარდაუვალი იქნება.
სხვათა შორის, სომხებმა ეპიდემიის პერიოდში პანიკის გამომწვევი ინფორმაციის გავრცელებაც კი აკრძალეს. ესეც ერთგვარი თავის დაზღვევაა ემოციური ფონის დასარეგულირებლად?
- რა თქმა უნდა, ახლა ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება საკუთარ თავთან და იმ ადამიანებთან ურთიერთობას, რომ ეს იყოს სიამოვნების მომტანი, ეს იყოს პროდუქტიული, პიროვნული ზრდისთვის შესაძლებელი, ეს იყოს ინტელექტუალური, სულიერი, ფიზიკური აქტივობის გარემო. როგორც ფსიქოთერაპევტი გეტყვით, რომ ძალიან რთულია ყოფნა ახლანდელ რეალობაში, მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ ადამიანს ფსიქოლოგიურად თავისი ქრონიკული, დაცვითი მექანიზმები გააჩნია, რომლითაც იგი მიეჩვია გარემოსთან ადაპტაციას იმ სოციალურ ველში, რომელშიც იგი ცხოვრობდა. ისე აღარ უნდა ვიცხოვროთ, როგორც ვცხოვრობდით აქამდე და, როგორც მიჩვეულნი ვიყავით, არამედ უნდა ვიცხოვროთ გაცნობიერებულად, ვიგრძნოთ, სად ვართ, განვიცადოთ, გავიაზროთ, ვინ ვართ და ასე დავამყაროთ ურთიერთობა ჩვენს სასიცოცხლო ველთან. ეს რთულია, მაგრამ შესაძლებელია. ეგოისტური „მე“ უნდა შეიცვალოს ჩვენით და ეს ჩვენი უნდა იტევდეს საკუთარ უნიკალურ და ავთენტურ „მე“-საც. სხვათა შორის, ქართულ საზოგადოებას ეს გამოცდილება, ადაპტაციის უნარი მთელი თავისი შორეული კულტურიდან გამომდინარე გააჩნდა. ადაპტაციის უნარი გვქონდა ისეთ იმპერიებთან მიმართებით, რომლებთანაც ადაპტაცია თითქოს შეუძლებელი იყო. ეს იყო ჩვენთვის რწმენის, ენის თვალსაზრისით უცხო იმპერიები - ოსმალური, რუსული იმპერია, მანამდე იყვნენ არაბები, ირანელები. ახლა ახალი გამოწვევაა ადაპტაცია კორონავირუსის საფრთხის მიზეზით. როგორც ვხედავთ, ადაპტაცია ჯერჯერობით ხერხდება ბევრი ობიექტური, თუ სუბიექტური მიზეზის გამო. ამ შემაშინებელი და დამთრგუნველი კორონავირუსის პირობებში სხვა საზოგადოებებთან და სხვა სახელმწიფოებთან შედარებით ჩვენ გაცილებით უკეთ გამოვიყურებით. ეს ძალიან კარგია. შესაძლოა, ეს ჩვენზე დიდად დამოკიდებული არც არის და გარე პირობებია ისეთი, რომ ჩვენ არ ვართ ტურიზმის ისეთი ეპიცენტრი, როგორც მილანი, რომი, მადრიდი, ან ბარსელონა. მეორე მხრივ, ჩვენს თვისებებზეც იქნება დამოკიდებული, რამდენად მოვახერხებთ ამ პრობლემის გადალახვას და ადაპტირებას.