სწრაფი ტესტები საქართველოში ამ კვირაში იქნება

სწრაფი ტესტები საქართველოში ამ კვირაში იქნება

საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 70 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის 9 გამოჯანმრთელებულია. კარანტინის რეჟიმში რჩება 4055 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ არის 252. კარანტინის გამოცხადების შემდეგ 8 050 მოქალაქე გამოიკვლიეს მარნეულსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში.

როგორც ცნობილია, 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა. მთავრობის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე შეჩერებულია ყველა სახის მიმოსვლა – სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო. ჩარტერული ფრენები იგეგმება საჭიროებისამებრ. ჩერდება სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრების გადაყვანა, გარდა სატვირთო გადაზიდვებისა.

ჩერდება საქალაქთაშორისო სამგზავრო გადაყვანა, გარდა ემ–2 და ემ–3 კატეგორიის ტრანსპორტით, რაც გულისხმობს სამარშრუტო ტაქსებსა და ავტობუსებს. ჩერდება შიდა საჰაერო მიმოსვლა მგზავრთა გადაყვანის მიზნით. თვითმმართველი ქალაქის და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრების საზღვრებში შეჩერებულია შიდა მიმოსვლა ემ–2 კატეგორიისთვის.

ასევე 21 აპრილამდე შეჩერებულია სასწავლო პროცესი. აიკრძალა ყველა ტიპის კულტურული ღონისძიებების ჩატარება როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში. 10–ზე მეტი პირის თავშეყრა დასაშვებია იმ კერძო დაწესებულებაში, რომლებიც აგრძელებენ მუშაობას, ისინი ვალდებულები არიან დაიცვან 2 მეტტრიანი სოციალური დისტანცია და დაემორჩილონ ჯანდაცის სამინისტროს რეკომენდაციებს.

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ვარაუდობს, რომ თუ ვირუსის გავრცელება აპრილის დასაწყისში დაღმა არ წავიდა, სადღაც აპრილის ბოლოსკენ მაინც წავა. მისი თქმით, ჩვენ, ჯერჯერობით, არ ელოდებიან, რომ კორონავირუსი თვისებებს შეიცვლის. შესაძლოა, მასში მოხდეს ე.წ. წერტილოვანი მცირე ზომის მუტაცია, ანუ მან რაღაც მცირე თვისება შეიცვალოს – შეიძლება გახდეს უფრო გადამდები ან პირიქით, ნაკლებად გადამდები.

„უახლოესი ერთი წლის მანძილზე ამ ვირუსის სერიოზულ სახეცვლილებას არ ველოდებით. ასეთი ვირუსი სწრაფ სახეცვლილებას არ განიცდის. ხშირ შემთხვევაში, მის სახეცვლილებას წლები სჭირდება. კორონავირუსი ჯერჯერობით, გრიპის ვირუსივით არ იქცევა. მარტის ბოლოდან გრიპის ვირუსის ტალღა თავისით იკლებს, ყოველგვარი ღონისძიებების გარეშე. ვარაუდოებენ და მეც იმედი მაქვს, რომ თუ ვირუსის გავრცელება აპრილის დასაწყისში დაღმა არ წავიდა, სადღაც აპრილის ბოლოსკენ მაინც წავა. ეს ჩვენი იმედი და სურვილია, მაგრამ კორონავირუსი ჯერჯერობით, ასე არ იქცევა.

საქართველოს კორონავირუსის არ უნდა ეშინოდეს, რადგან ქვეყანაში ამაზე ბევრად უფრო მძიმე ინფექციებიც გავრცელებულა. კორონავირუსი ხალხს შიშის ზარს არ უნდა სცემდეს, რადგან მისგან გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი საშუალოდ 2–3%–ია. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ევროპის ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში: იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, ნიდერლანდებში, დანიაში, შვეიცარიაში, ინგლისში, აშშ–ი და სხვა ქვეყნებში, კორონავირუსზე იმ მასშტაბების ტესტირება არ ხორციელდება, როგორც ეს საქართველოში ხდება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

უკვე ცნობილია, რომ კორონავირუსის დასადგენი სწრაფი ტესტები საქართველოში ამ კვირაში იქნება. სწრაფი ტესტებით პირველ რიგში, მარნეულში ისარგებლებენ. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჩინეთიდან სწრაფ ტესტებს სახელმწიფო დღეს ელოდება და პირველ რიგში, მათი საშუალებით მარნეულში მოსახლეობის გამოკვლევა მოხდება. მინისტრი ამბობს, რომ სწრაფი ტესტირება რეგიონში ეპიდემიის სწრაფად გავრცელების შეკავების შესაძლებლობას მისცემთ.

„დღეს ჩვენ ველოდებით სპეცრეისს, რომელიც განხორციელდება ჩინეთიდან საქართველოში და მივიღებთ ორი ტიპის სწრაფ ტესტს. ერთ–ერთი იქნება იმის მსგავსი, რომელიც უკვე საქართველოში გვაქვს და მოხდება ჩვენი მარაგების კიდევ დამატებით შევსება. მეორე ტესტი არის სწრაფი ტესტი, რომელიც პირველ და მეორე დღეს აიდენტიფიცირებს ორგანიზმში ვირუსის არსებობას და შესაბამისად, ჩვენი გეგმა არის შემდეგი, რომ იქ, სადაც ვთვლით, რომ ეპიდემიური აფეთქების რისკია, დავიწყებთ იმ მოსახლეობის გამოკვლევას.

ამ ეტაპზე ეს რეგიონი შერჩეულია და ეს არის მარნეულის რეგიონი, რაც, რა თქმა უნდა, მოგვცემს შემდეგ ეფექტს, რომ მოხდება მარნეულში არა ეპიდემიის ისე სრაფად გავრცელება, რომელიც შესაძლებელი იქნებოდა ტესტის არქონის შემთხვევაში, არამედ ეს მოგვცემს საშუალებას, რეგიონში ეპიდემიის გარკვეულწილად შეკავების და მისი დინამიურობის გაკონტროლების“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

სპეციალისტების განცხადებით, სწრაფი ტესტების გაკეთების საჭიროება დგება მაშინ, როდესაც ქვეყანაში იზრდება ინფიცირებულთა რიცხვი მკვეთრად და წყაროების დადგენა არ არის ადვილი. თუ მოიმატებს საქართველოში მკვეთრად შემთხვევები, მაშინ დადგება საჭიროება მოხდეს ტესტის ჩატარება და ამ დროს აპრობირებულია სწრაფი ტესტის ჩატარება. ექპერტისმ ჯანდაცვის საკითხებში, აკაკი ზოიძის განცხადებით, არ უნდა იყოს იმის მოლოდინი მოსახლეობაში, რომ გავარდება და გაიკეთებს ტესტს. მისი თქმით, ყველაზე დიდი საფრთხეა, თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანები.

„აიღებენ ამ ტესტს და შეწყვეტენ თვითიზოლაციას დროზე ადრე. თუ ტესტირება არ მოხდა დანიშნულების მიხედვით სიმპტომატურ პაციენტებთან და რისკ–ჯგუფებზე და უბრალოდ, ადამიანს მოუნდა და ტესტი გაიკეთა, ეს იქნება ერთი მხრივ წყალში გადაყრილი რესურსი და მეორე, მოგვცემს ყალბი თვითდაჯერების და იმედის საფუძველს, რომ არ ვართ ვირუსით დაავადებული. მე ვიცი, რომ თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანები უფრო შეეცდებიან სწრაფი ტესტების ჩატარებას და თვითიზოლაციას დროზე ადრე შეწყვეტას, რაც ძალიან დიდი საფრთხეა.

სწრაფი ტესტების გამოყენება აუცილებელი და საჭიროა მიზნობრივ ჯგუფებზე. მას შემდეგ, რაც ინფიცირებულების ტალღა წამოვა, სამედიცინო პერსონალს ყოველ დღე უნდა ჩაუტარდეს ტესტირება და ამ მხრივ სწრაფი ტესტირება იდეალური ვარიანტია. რომელ დაწესებულებებში და როგორ გაკეთდება სწრაფი ტესტირება, ეს ყველაფერი ჩამოიწერება სპეციალურ ინსტრუქციაში. ყველა ექიმს ეცოდინება და როგორც კი მომატებული გავრცელება გვექნება, ეს გაწერილი სქემები ამუშავდება“, – აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

„ევროპული საქართველოს“ წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, სწრაფი ტესტები არის სასწრაფოდ დასაწყები, რაც მოგვცემს საშუალებას, ვებრძოლოთ ვირუსის გავრცელებას და ასევე, დავიცვათ ყველაზე დიდი რისკჯგუფები დაინფიცირებისგან.

„სწრაფი ტესტები არის ის გამოცდილება, რომელიც უკვე გამოიყენა ისრაელმა და სამხრეთ კორეამ და აჩვენა საკმაოდ დიდი ეფექტურობა კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით. ამიტომ, სწრაფი ტესტები არის სასწრაფოდ დასაწყები ჩვენს ქვეყანაში. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ვებრძოლოთ ვირუსის გავრცელებასაც და ამავდროულად, პირველ რიგში, დავიცვათ ყველაზე დიდი რისკჯგუფები.

ესენი არიან ჩვენი ექიმები და ექთნები, ესენი არიან პოლიციელები და სამხედროები, რომლებიც კარანტინს ახორციელებენ და რაც მთავარია, ეს არის ახლად აღმოჩენილი კლასტერები, სადაც ჩვენ კარანტინისა და სწრაფი ტესტის კომბინაციით, სწრაფად შეგვიძლია, შევზღუდოთ ვირუსის გავრცელება,“ – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

„ახალი საქართველოს“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, დღეს ხელისუფლებამ აღიარა, რომ სწრაფი ტესტები არის აუცილებელი. მისი თქმით, ახლა მთავარია, რომ ჩამოიტანონ ბევრი, რათა ხელმისაწვდომი გახდეს ფართო მასებისთვის.

„დღეს ხელისუფლებამ აღიარა, რომ სწრაფი ტესტები არის აუცილებელი, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას და ამ აღიარებისთვის მინდა მადლობა ვუთხრა, სჯობს გვიან ვიდრე არასდროს. ახლა მთავარია, ჩამოვიტანოთ ბევრი და რაც შეიძლება გამართული იყოს ალგორითმი და ლოგისტიკა, რომ ხელმისაწვდომი გავხადოთ ეს ფართო მასებისთვის, რათა მასიური ტესტირება და დიაგნოსტიკა დაიწყოს ქვეყანაში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.