მარნეულის ტელევიზიის ჟურნალისტი: მოსახლეობას ნამდვილად არ აქვს ენის ბარიერი, რომ კორონავირუსზე ინფორმაცია ჰქონდეს

მარნეულის ტელევიზიის ჟურნალისტი: მოსახლეობას ნამდვილად არ აქვს ენის ბარიერი, რომ კორონავირუსზე ინფორმაცია ჰქონდეს

„ჯეოჰოსპიტალსის“ 12 მედიკოსს, რომელთაც შეხება ჰქონდათ მარნეულში ინფიცირებულ ქალთან, ტესტი ჩაუტარდა და კორონავირუსი არც ერთ მათგანს არ დაუდგინდა, - ამის შესახებ „იმედის დღეში“ ჩართვისას მარნეულის ტელევიზიის ჟურნალისტმა, ლელა ხარშილაძემ განაცხადა.

ჟურნალისტმა ამჟამად მარნეულში არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ზემოთ აღნიშნულის შესახებ მას „ჯეოჰოსპიტალსის“ მენეჯერმა უთხრა.

„გვითხრა, რომ 12 მედიკოსს, რომელთაც შეხება ჰქონდათ ინფიცირებულ ქალთან, ტესტი ჩაუტარდა. ჯერჯერობით კორონავირუსი არც ერთ მათგანს არ დაუდგინდა, თუმცა კარანტინში რჩებიან. რაც შეეხება საველე კარვებს, ჯერჯერობით იქ არავინ გადაუყვანიათ და ამ მხრივ სიმშვიდეა“, - განაცხადა ხარშილაძემ.

მან ასევე ისაუბრა კარანტინში მყოფ პირებზე, რომელთაც შეხება ჰქონდათ ინფიცირებულ ქალთან. ხარშილაძის თქმით, ისინი იცავენ კარანტინის წესებს და გარეთ არ გამოდიან. 14 დღის შემდეგ მათ ტესტს განმეორებით ჩაუტარებენ.

ამასთან, მერიის თანამშრომლებთან ერთად სოფლის ექიმები კარდაკარ დადიან და ამოწმებენ მოქალაეებს. ტემპერატურას უსინჯავენ, არკვევენ, აქვთ თუ არა სიმპტომები.

„ჯერჯერობით არაფერი გამოვლენილა. ეს პროცესი მთელი მარნეულის მუნიციპალიტეტში ხდება“, - დასძინა ხარშილაძემ.

ასევე, მისივე თქმით, მერიასთან ამ მომენტში მოხალისეები იკრიბებიან, რომლებიც გავლენ მუნიციპალიტეტის სოფლებში და საჭიროების მქონე მოსახლეობას საჭირო ნივთებსა და პირველად მედიკამენტებს გადასცემენ.

ჟურნალისტმა იმის შესახებაც ისაუბრა, არსებობს თუ არა ენის ბარიერი ადგილობრივებისთვის კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის მისაღებად. მისივე თქმით, მარნეულის მუნიციპალიტეტში ენის ბარიერი არ არის.

„მარნეულის ტელევიზია ორ ენაზე აშუქებს მოვლენებს და თქვენ წარმოიდგინეთ, სახელმწიფო სტრუქტურების ბრიფინგებსაც კი. ასევე, მარნეულის მერიას აქვს ვებ-გვერდი, სადაც ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზეა ახალი ამბები. მოსახლეობას ნამდვილად არ აქვს პრობლემა, რომ კორონავირუსზე ჰქონდეთ ინფორმაცია. უბრალოდ, მიდგომა აქვთ ცოტა სხვაგვარი. დღესაც მარნეულის ქუჩები გადავსებულია, ისეთი მოძრაობაა“, - დასძინა ადგილობრივმა ჟურნალისტმა.