საქართველო 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში იცხოვრებს. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ახალ კორონავირუსს უკავშირდება, რომელსაც მსოფლიო თითქმის 3 თვეა ებრძვის, მათ შორის საქართველოც, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 54–მდე გაიზარდა. კარანტინის რეჟიმშია 1966 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 259 პირი.
საქართველოს მთავრომამ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, საზღვრების ჩაკეტვის, ფრენების შეწყვეტის, გარკვეული სავაჭრო ობიექტების, რესტორნების და სასტუმროების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა საგანგებო რეჟიმში ცხოვრობს, მთავრობის გადაწყვეტილებით, შეზღუდვები არ შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს.
მთავრობის საპარლამენტო მდივნის, ბექა დოჭვირის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობა შეიძლება გაუქმდეს ვადაზე ადრეც, იმ კონკრეტული ვითარების აღმოფხვრისთანავე, რის გამოც გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა.
„საგანგებო მდგომარეობა შეიძლება გაუქმდეს იმ ვითარების აღმოფხვრისთანავე. შესაბამისად, თუ მაგალითად, ვითარება აღმოიფხვრება 10 დღეში, 10 დღეში გაუქმდება საგანგებო მდგომარეობა. ხოლო თუ 10 დღეში არ იყო და ერთი თვე იყო საჭირო, მაშინ, ბუნებრივია, ერთი თვე გაგრძელდება“, – განაცხადა ბექა დოჭვირმა.
კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვები ხელს არ შეუშლის საპარლამენტო არჩევნებს. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, კახა კალაძე აცხადებს, რომ ჯერ არჩევნების და კამპანიის დრო არ არის.
„დღეს ყველაზე მთავარი გამოწვევა, ესაა კორონავირუსი. ყველა ერთად, ერთიანი კონსოლიდაციით უნდა ებრძოლოს ამ უმძიმეს გამოწვევას. როგორც ხედავთ ხელისუფლება თანმიმდევრულია და ვდგამთ აუცილებელ ნაბიჯებს პრევენციისთვის. ყოველდღიურად ვაკონტროლებთ სიტუაციას და პულსზე გვიდევს ხელი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
იმ შემთხვევაში, თუ პრობლემა ზაფხულში სრულად მოგვარდა, ამ შემთხვევაში წინასაარჩევნო კამპანია საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ჩვეულებრივად წარიმართება.
„თუ პრობლემა ზაფხულში სრულად მოგვარდა, ამ შემთხვევაში წინასაარჩევნო კამპანია ჩვეულებრივად წარიმართება. დიდ იმედი გვაქვს, ასეც იქნება. ყველაფერი დამოკიდებულია როგორც გლობალურ ტენდენციებზე, ასევე იმაზე, თუ როგორ გაგრძელდება საქართველოში ეს პროცესი. დიდი იმედი გვაქვს, ზაფხულისთვის პრობლემა მთლიანად იქნება მოგვარებული.
როგორც კი სრულდება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა, იქიდან 60 დღეში ტარდება არჩევნები. ეს ყველაფერი კონსტიტუციითაა გაწერილი. ვფიქრობთ, აქამდე არ მივა საქმე. წესით, ამ გზით წასვლა არ უნდა დაგვჭირდეს. ალბათ, მსოფლიოსა და საქართველოში არსებობს რესურსი, რომ ზაფხულისთვის პრობლემა მთლიანად აღმოიფხვრას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვები რომ დაბრკოლება არ იქნება, დარწმუნებულია „ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგა ბოკერია, რომლის განცხადებით, არჩევნები ჩატარდება და იმ მომენტისთვის ეს ვითარება არ იქნება. ბოკერიას განმარტებით, ამ გამოწვევის გადალახვამდე მსოფლიოს მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება ნაკლები ადამიანის სიცოცხლეს შეექმნას საფრთხე. მისივე თქმით, ეპიდემიის გადალახვის შემდეგ ეკონომიკაში უმძიმესი შედეგები დადგება, ამიტომ, ნაბიჯები ახლა უნდა გადაიდგას.
„რა თქმა უნდა, ეს ეპიდემია გადაივლის, საქართველო და მთელი მსოფლიო ამ გამოწვევას გადალახავს. მე დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნები ჩატარდება და იმ მომენტისთვის არ იქნება ეს ვითარება. მაგრამ ამ გამოწვევის გადალახვამდე, ჩვენი ქვეყნის და სხვა ქვეყნების ამოცანაც არის, ვიდრე ეს გადაივლის, მანამდე რაც შეიძლება ნაკლები ადამიანის სიცოცხლეს შეექმნას საფრთხე.
დრო რომ გავა და ეს ეპიდემია გადაივლის, უმძიმესი შედეგები დადგება, ამიტომ ნაბიჯები ახლა არის გადასადგმელი ყველა ქვეყნის მთავრობის და ამ შემთხვევაში საქართველოს მიერ, რათა საგრძნობლად ნაკლები იყოს ის ზიანი, რასაც ჩვენ ვნახავთ შემდგომი თვეების განმავლობაში“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო კამპანია ჯერ არ დაწყებულა, პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, შექმნილი ვითარება ხელისუფლების სასარგებლოდ მუშაობს, თუმცა ამბობს, რომ არჩევნებზე დიდ გავლენას ვერ მოახდენს, რადგან ოპოზიციას არ აქვს რეიტინგი.
„ოპოზიცია სულ ცდილობს ხელისუფლების რეიტინგის დაცემას და ამ ფონზე გამოჩნდა, რომ ხელისუფლებას რაღაცა შეუძლია. ფაქტიურად, კორონავირუსის წინააღმდეგ გამოწვეულმა შედეგებმა ათმაგი გახადა ხელისუფლების მიმართ დამოკიდებულება ისე, რომ თავისდაუნებურად, ოპოზიციამ, აი, ამ პესიმიზმის დანერგვით ხელი შეუწყო იმას, რომ უფრო მკაფიოდ, რელიეფურად გამოჩნდა ხელისუფლების წარმატება.
ცოტა ზედმეტი მოუივიდა ოპოზიციას ხელისულების გინება. აქ დიდი მოფიქრება არ არის საჭირო, ის, რომ შენმა ქვეყანამ ამ გამოწვევას მეტ–ნაკლებად უკვე გაუძლო, ეს ფაქტია. ეს, რა თქმა უნდა, ამ არჩევნებზე იქონიებს გავლენას. ოპოზიცია რას სთავაზობს საზოგადოებას, გარდა ამ ხელისუფლების სიძულვილისა, მეტს არაფერს. შეიძლება ასეთი სიძულვილი აღარ იყოს პოპულარული მაშინ, როცა დადგება არჩევნების დრო. ნუ იქნება პოპულარული სიძულვილი, რადგან ეს სიძულვილი არც თუ ისე პოპულარული მოვლენაა, რომ თუ მან პოპულარობა დაკარგა, ამაზე გული დაგწყდეს“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.
მიმდინარე პროცესები რომ ხელისუფლების სასარგებლოდ მუშაობს, ამის შესახებ საუბრობს ექსპერტი გელა კვარაცხელია, რომლის განცხადებით, ამ ნაწილში უნაკლოდ იმუშავა სამედიცინო ბლოკმა და ჯანდაცვის სისტემამ იმის ჩათვლითაც, რომ ხელისუფლება ძალიან ზუსტი გეგმით ამუშავა ამ წუთამდე.
„პრაქტიკულად, მათი რეკომენდაციით მუშაობდა ხელისუფლება. ამან შედეგი გამოიღო, რაც მნიშვნელოვანი შედეგია. მაგრამ პროცესები არაპროგნოზირებადია და ვერავინ ვერ გათვლის, რა იქნება. როგორც კი გამოცხადდება ეპიდემიის დასასრული, ანუ როცა დაიწყება ცხოვრების ჩვეულებრივი რეჟიმი, მნიშვნელოვანია, როგორი იქნება ეკონომიკური მდგომარეობა. საუბარია იმაზე, ეკონომიკის რომელი სექტორი როგორ იმუშავებს.
ყველაზე მგრძნობიარე არის ტურიზმი, რომლის საშუალებითაც ჩვენ მოსახლეობის ფართო ფენებს ვეხებით. საქართველში ბევრი ადამიანია, ვინც ამისგან მეტ–ნაკლებად ეკონომიკურ შემოსავალს იღებს. თუ ტურიზმი გაჩერდება, შესაბამისად, გაჩერდება ყველა მიმართულება, რაც ტურიზმსს ასულდგმულებს. ეს რა ტიპის ცვლილებებს გაუძლებს, არავინ იცის“, – აცხადებს გელა კვარაცხელია.
მისი თქმით, ეს დაგროვილი უარყოფითი ოპოზიციური ენერგია სად და რომელ ნაწილში აისახება, რომელი დარგი გახდება მაპროვოცირებელი, არავინ არ იცის.
„იგივე, საყოველთაო ტაშის აქცია, რომელიც მედიკოსებს ეკუთვნოდა, ჩაითვალა, რომ ხელისუფლებას ეკუთვნოდა. ახლა ხელისუფლებამ უნდა გამონახოს რესურსი, რომ გართულების პირობებშიც დაიჭიროს ეს პროცესები. ამაზე ფიქრი უნდა დაიწყოს. ახლა ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია, როგორი იქნება პოსტეპიდემიური სიტუაცია.
შეიძლება ძალიან მძიმე შედეგი დადგეს, თუ არ იქნება სწორად გათვლილი ის რისკები, რომელიც დადგება, სწორედ, ეპიდემიის დასრულების შემდეგ. ეს თუ არ იქნა სწორად დათვლილი და სწორად მიწოდებული საზოგადოებისათვის, შედეგი იქნება უფრო მძიმე, ვიდრე ეპიდემიამდე. კრიზისების მართვის შტაბის პარალალელურად, პრემიერთან მუშაობა უნდა დაიწყოს შტაბმა, რომელიც პოსტეპიდემიური სიტუაციის ძირითად გამოწვევებზე იმუშავებს“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას გელა კვარაცხელიამ.
ახალი ამბავი, რომ საქართველოს მოქალაქეთა გარკვეულმა ნაწილმა სახელმწიფო ენა არ იცის! ზოგიერთმა, ეს შეიძლება მართლა ახლა გაიგო...
სამაგიეროდ, ეს უნდა იცოდეს ხელისუფლებამ!
არ არის ეს, ვერ დასანახი თემა! ამას წაუყრუა ყველა ხელისუფლებამ და... მათი შეცდომების განმეორება, გამოიწვევს მათი პოლიტიკური დასასრულის განმეორებას.
მიხედეთ მაგ სასაზღვრო ზონებს თორემ...
პ.ს. პრეზიდენტის ბიბლიოთეკასთან რომ სააკაშვილის სექტანტები სამედიცინო რაღაცეებს არიგებენ* ხელთთმანები,პირბადეები...
ესენიც დედამისის პენსიით იყიდა და გამოაგზავნა სააკაშვილმა ალბათ...
ივანიშვილის ქებაზე რა აზრისაც ვარ, მგონი იცით აქაურებმა...
არადა, მოდი და ნუ აქებ!