შეუძლიათ თუ არა ქართველ ინფექციონისტებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოგონებაში მსოფლიოს დაეხმარონ და რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ კორონავირუსს არ გავუკვალოთ გზა ჩვენს ორგანიზმში მოსახვედრად?! ამის შესახებ For.ge-სFდაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე შოთა ცანავა ესაუბრა.
რამდენად ადეკვატურად იქცევა საქართველოს მოსახლეობა იმ მოწოდებების ფონზე, როცა მათ სახლში დარჩენას სთხოვენ, ისინი კი (მათ შორის, ვირუსით დასნეულებულებიც) გარეთ გადიან?
- ამაში ადეკვატურობა არ ჩანს. როდესაც გვეუბნებიან, თავი ავარიდოთ მასობრივი თავშეყრის ადგილებს, ეს განუხრელად უნდა დავიცვათ. ვეცადოთ აბსოლუტურად თუ არა, შეძლებისდაგვარად დავიცვათ მაინც, რომ ამით მაინც გავაადვილოთ ამ ვირუსთან ბრძოლა.
სამარშრუტო ტაქსებით გადაადგილება აიკრძალა, მაგრამ საქალაქო ტრანსპორტში მგზავრთა სიჭარბე არანაკლებ საშიშია ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით. რამდენად მომზადებულად მოხდა ეს ყველაფერი, რომ სატრანსპორტო კოლაფსი არ შექმნილიყო დედაქალაქში?
- სხვათა შორის, მე რაც ვნახე დედაქალაქის ქუჩებში, როცა დავდიოდი ჩემი მანქანით და ვუყურებდი ავტობუსებს, იქ ნამდვილად არ იყო შესაშური ხალვათობა, იქ იყო ჩემთვის მისაღები პროპორციები ხალხის რაოდენობის მხრივ. პირველ ეტაპზე და პირველ დღეს, ალბათ, ასეც იქნებოდა. ამიტომაც შეძლებისდაგვარად უნდა ავარიდოთ თავი ყოველგვარ გადაადგილებას. მესმის, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მთლად შევწყვიტოთ გარეთ გასვლა, მაგრამ უნდა მივუახლოვდეთ მაინც ამ რეკომენდაციებს. ამ შეზღუდვების განხორციელება თუ არ დავიწყეთ ახლავე, მაშინ როდისღა? გვიტევს ეს ვირუსი. ახლა ფეხით სიარული უკეთესიც კია, გასაგებია, რომ ზოგჯერ ცუდი ამინდია, ზოგჯერ გარკვეული ბარიერებია, მაგრამ ამ ღონისძიებების გატარების გარეშე შეუძლებელია იმ ჰიგიენის დაცვა, რასაც მთავრობა, ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი გვთავაზობს. კომპლექსური ღონისძიებების გარეშე ვერ დავამარცხებთ ვირუსს. გვესმის ცალკეული შეფასებები, რომ ესა თუ ის გადაწყვეტილება ნაადრევია, ნაჩქარევია, ან გვიანია, ეს ყველაფერი არასერიოზულია იმასთან შედარებით, რაც გვემუქრება.
პური ცხვება 220 გრადუსზე და ამით გამორიცხულია კორონავირუსი გავრცელდეს, მაგრამ ნებისმიერი პროდუქციის შეფუთვისას და დახარისხებისას ხომ შეიძლება ვირუსი გავრცელდეს დასნებოვნებული ადამიანისგან?
- ეს თავად საზოგადოებამ უნდა აკონტროლოს. პროდუქცია უნდა იყოს ქაღალდში, პარკში ჩადებული. პურით, წყლითა და საკვებით, ჩვენდა საბედნიეროდ, ვირუსი არ გადადის, მაგრამ ჰიპოთეტურად წარმოვიდგინოთ, თუ იმ პურზე დააცემინა ვიღაცამ, ვისაც აქვს ეს ვირუსი, თეორიულად არის შანსი, ადამიანმა ხელი მოკიდოს იმ პურს, არ დაიბანოს ხელი სახლში მისვლისას, ის ხელი ცხვირ-პირთან მიიტანოს და დაიინფიციროს თავი. ეს ისეთი მინიმალური გზაა დაინფიცირების და ისეთი მიზერული შანსია, რომ არც განვიხილავ. რაც არ უნდა მოხდეს, ხელი აუცილებლად უნდა დავიბანოთ, ამას ვაკეთებ მთელი ჩემი ცხოვრება და ასე უნდა მოიქცეს ყველა.
72%-იან საპონზეა საუბარი?
- არა, ნებისმიერი საპნით კარგად გავისაპნავთ ხელს, 10-20 წამი ვაცლით, რომ საპონი შევიდეს ფორებში და მერე გულდასმით დავიბანთ ხელს, ან სადეზინფექციო ხსნარით დავიმუშავებთ.
ამბობენ, ხელების საშრობი აპარატი ისხლეტს ვირუსს და დაავადებული ადამიანისგან ჰაერში აფრქვევს. ამის შესახებ რას იტყვით?
- იცით, რა შემთხვევაში იქნება ეს საშიში? როდესაც ადამიანს ხელებზე იმდენი კონცენტრაციით აქვს კორონავირუსები, რომ ჰაერიდან მოდენილი ნაკადი აისხლიტავს ამ ვირუსებს. ესეც მიზერული შემთხვევებია, მაგრამ ახლა მაინცდამაინც ნუ ჩავიციკლებით იმაზე, რომ ჰაერის ნაკადით გავიშროთ ხელები. სრულიად შესაძლებელია ქაღალდის სალფეტკით შევიმშრალოთ ხელი და არა პირსახოცით.
კორონავირუსი უსულო საგნებზე 12-დან 24 საათამდე ჩერდება. ეს ნიშნავს, რომ გარეთ ჩაცმული ტანსაცმელიც ამდენ ხანს ინახავს ვირუსს?
- 12-დან 24 საათს ჩერდება, თუმცა ეს დრო მაინც ძალიან ბევრია.
აქვს აზრი ტანსაცმლის მზეზე გაკიდებას?
- რა თქმა უნდა, მზის სხივების პირდაპირი მოქმედებით კვდება არა მარტო კორონავირუსი, არამედ სხვა ვირუსებიც, რომლებიც უფრო პათოგენურები არიან. ასე რომ, გამზიურება არასოდეს მოგვიტანს ზიანს, გამზიურება ყოველთვის კარგია, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი აბსოლუტური საშუალება ამ ვირუსის წინააღმდეგ.
ინფექციონისტების ნაწილს ზაფხულის მოახლოების იმედი აქვს, რადგან 33-36 გრადუსზე კორონავირუსი კვდება. თუმცა რამდენად შესაძლებელია, მზის სხივებმაც არ იმოქმედოს ამ ვირუსზე უარყოფითად, ვირუსმა განიცადოს მუტაცია და თვით მაისის ბოლოსაც არ გაქრეს? მით უფრო, რომ ცალკეულ თბილ ქვეყნებში დღემდეა ეს ვირუსი შენარჩუნებული?
- არის მთელი რიგი ნაშრომები იმის შესახებ, გაგრძელდება თუ არა ეს ვირუსი, რეზისტენციის უნარს შეიძენს თუ არა, ჩვენს ორგანიზმში მას ექნება თუ არა ბინადრობის საშუალება ისე, რომ დაავადება არ გამოიწვიოს, ანუ ვიცხოვროთ ერთად-კორონავირუსმა და ჩვენ, ადამიანის უჯრედებმა და კორონავირუსებმა. ეს დაკვირვების საგანია, ეს არის დროში გაწელილი თემები. რაც შეეხება კითხვას, თბილ ქვეყნებში მოქმედებს თუ არა ეს ვირუსი, უამრავი პასუხგაუცემელი კითხვაა და ამის გადასაჭრელად უნდა შევასრულოთ რამდენიმე მარტივი რჩევა: პირველი - არ დაველოდოთ თბილი პერიოდის დადგომას, არ ვიყოთ დათბობის იმედად და მასობრივი თავშეყრის ადგილებს თავი ავარიდოთ. ეს არის ოქროს წესი. ისეთ საგნებთან ყოველი კონტაქტის შემდეგ, რომელზეც გვეეჭვება, რომ დაბინძურებული იყო, ხელები გულდასმით დავიბანოთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მივდივართ ან მოვდივართ სამსახურიდან და სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულება ხშირ კონტაქტს მოითხოვს უსულო თუ სულიერ საგნებთან. ამას თუ გავაკეთებთ, ზაფხულის ლოდინი არ დაგვჭირდება და კორონაც არ შეგვხვდება. ეს არის ბედნიერება, რომ აღნიშნული ვირუსი ჰაერიდან არ გადადის, ჰაერში ვერ ტივტივებს, რადგან მძიმეა და წვეთში მოთავსებული ეცემა დაინფიცირული ადამიანის სიახლოვეს, რომელიც გამოდევნის ამ ვირუსს დაცემინებით ან სხვა საშუალებით 2 მეტრზე ახლოს. ამიტომ ნუ ჩავეხუტებით მაინცდამაინც ადამიანებს, ავკრძალოთ ცოტა ხანს ჩახუტება, გადახვევა, კოცნა. საერთოდ, ღმერთმა ნუ აგვაკრძალინოს კოცნა, მაგრამ ამ ეტაპზე თავი შევიკავოთ.
რამდენად სარისკოა მოხალისეთა ჩართვა ამ საქმეში?
- მოხალისეთა ჩართვა იმ შემთხვევაშია სარისკო, თუ ისინი არ არიან დატრენინგებულები, გაწვრთვნილები. ამას აკეთებს ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი.
ისრაელის მედიკოსები ამბობენ, რომ კორონავირუსი არ ყოფილა ისე საშიში, როგორც თავიდან ჩანდა. თუმცა ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის გამოგონება ჯერ კიდევ რთული დილემაა. ხომ არ ველით იმას, რომ ადამიანის ორგანიზმი თავად გამოიმუშავებს ბრძოლის იმუნიტეტს ახალ ვირუსთნ მიმართებით?
- არ ველით იმას, რომ ადამიანის ორგანიზმი თავისით გამოიმუშავებს ამ ვირუსის საწინააღმდეგო იმუნიტეტს და ადამიანის ორგანიზმი და კორონავირუსები მოძებნიან ერთმანეთთან ურთიერთობის ფორმებს. კაცობრიობა ამის იმედზე ვერ იქნება. ამჟამად გამძვინვარებული მუშაობა მიმდინარეობს ვაქცინის შესაქმნელად. ეს ძალზე რთულია. მე ვიცი ეს ყველაფერი, მახსოვს გრიპის დროს როგორ იყო და სხვა ინფექციების დროსაც, ახლოს ვარ ამ თემებთან, ამას სჭირდება დრო, ცდა, დამტკიცება, რომ სხვა რამეს არ ავნოს ანტივირუსულმა პრეპარატმა. რა ვქნათ, თუ ჯერ კიდევ არ გვაქვს ანტივირუსული პრეპარატი, კორონავირუსი არ იყო ჩვენთან, არ ვიცნობდით კარგად, ჩვენს ორგანიზმში არ უნდა მოხვედრილიყო. კარგია, რომ მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა ისეთ ქვეყნებში, ვისაც აქვს ანტივირუსული პრეპარატის შექმნის საშუალება.
იმის გამო, რომ ქართველებს კარგი სპეციალისტები გვყავს, ვერ დავეხმარებით მსოფლიოს ამ საქმეში?
- სპეციალისტებიც კარგი გვყავს და გადასარევი ხალხიც ვართ, მაგრამ ამის პოტენცია ახლა არ გვაქვს. მოვა დრო და ჩვენც გამოვიგონებთ ასეთ პრეპარატებს.