წმინდა სინოდი საგანგებო შეხვედრისთვის ხვალ იკრიბება. ისინი ერთადერთ საკითხზე იმსჯელებენ - კორონავირუსის შესახებ. წინასწარი ინფორმაციით, გამორიცხული არ არის, საპატრიარქომ გარკვეული შეზღუდვები დააწესოს რელიგიური რიტუალის შესრულებისას.
თეოლოგები მიიჩნევენ, რომ ახლა ღმერთის გამოცდის დრო არ არის, ამიტომ ისინი რადიკალური ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ საპატრიარქოს. საუბარია იმაზე, რომ ერთი კოვზით არ მოხდეს ზიარება. გარდა ამისა, საეკლესიო მსახურების დროს, შეიზღუდოს მრევლის დასწრება, რადგან დაავადების გავრცელების რისკი სწორედ ხალხმრავალ ადგილებშია.
რაც შეეხება სხვა მართლმადიდებლურ ეკლესიებს, ელადის ეკლესია ღია სივრცეში ჩაატარებს წირვებს, ნაცვლად დახურული სივრცისა. კონსტანტინოპოლის ეკლესიამ კი საერთოდ შეწყვიტა მრევლის დასწრება რელიგიურ მსახურებაზე, ეს ნიშნავს, რომ კონსტანტინოპოლის ეკლესიებში გაგრძელდება რელიგიური მსახურება სასულიერო პირთა მონაწილეობით, მაგრამ ეკლესიებში არ იქნება მრევლი.
მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარ, დეკანოზ ალექსანდრე გალდავას აზრით, ზიარების წესი დროებით უნდა შეიცვალოს, რადგან ახლა სხვისი სიცოცხლის გარისკვის ფასად გმირობის და თამაშის დრო არაა.
„მაცხოვარი ამბობს, ადამიანისთვის არის შექმნილი შაბათი და არა ადამიანი შაბათისთვის, ანუ წესი არის შექმნილი ადამიანისთვის და არა ადამიანი - წესისთვის. ამიტომ დროებით უნდა აღდგეს ის წესი, რომელი წესითაც მე-8 საუკუნემდე ეზიარებოდნენ ადამიანები, რაც საერთო კოვზით ზიარებას გამორიცხავდა“,-ამბობს ალექსანდრე გალდავა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, ექსპერტი კონფლიქტების საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი, რომელიც თავის დროზე ილია მეორის ერთ-ერთი პირველი სტიქაროსანი იყო, მიესალმება იმ ფაქტს, თუკი ერთი კოვზიდან ზიარების წესი შეიცვლება. For.ge-სთან საუბრისას ის აცხადებს, რომ კარგია ის, რაც დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ თქვა, რადგან ზოგიერთი მღვდელი ისეთ რამეს ამბობს, გული გაგისკდება, არაფერი საერთო არ აქვს ეკლესიასთან.
„ერთ-ერთმა მღვდელმა ისიც კი თქვა, ზიარების წესის შეცვლა ზიარების მაკურნებელ თვისებებს შეცვლის და, რაც კურნავს, როგორ შეიძლება იმან დააავადოსო. უკაცრავად, მაგრამ კოვზი კი არ აცხოვნებს ადამიანს, არამედ აცხოვნებს მაცხოვრის სისხლი და ხორცი. იმდენიც არ ესმით ზოგიერთებს, რომ კოვზი არაფერ შუაშია. როდესაც მაცხოვარმა აზიარა მოციქულები, იქ არ ყოფილა კოვზი. ამიტომ ნუ გვაბოლებენ და ნუ გვატყუებენ ჩვეულებრივ რიგით მოქალაქეებს. მართლადიდებლურ ეკლესიაში შვიდი საიდუმლოა, აქედან მხოლოდ და მხოლოდ ორად-ორი საიდუმლოა ახსნილი სახარებაში, ეს არის ნათლისღების საიდუმლო და ზიარების საიდუმლო. ზიარების საიდუმლოში არსად არ წერია კოვზი. იქ წერია, მხოლოდ ქრისტეს მაცხოვნებელ სხეულსა და მის მაცხოვნებელ სისხლზე, პური გარდაიქმნება ქრისტეს ხორცად, ხოლო ღვინო ქრისტეს სისხლად. კოვზი რა შუაშია, არ მესმის, გინდ ოქროს კოვზი იყოს, გინდ ვერცხლის. ერთჯერადი კოვზის გამოყენებაში არავითარი ტრაგედია და სირცხვილი არ არის“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.
მისივე განმარტებით, პირიქით, ერთჯერადი კოვზის გამოყენება რომ დაეწესებინათ, ამით გამოჩნდებოდა, რომ ჩვენი ეკლესია ცოცხალი ორგანიზმია. ცოცხალი ორგანიზმი კი იმით განსხვავდება მკვდარი ორგანიზმისგან, რომ რეაგირებს მოვლენებზე, მკვდარი კი არ რეაგირებს. მკვდარი გინდ წვიმაში ეგდოს, გინდ თოვლში, გინდ სიცხეში, მკვდარი მკვდარია. ვინაიდან ეკლესია უკვდავი ორგანიზმია, ის რეაგირებს გამოწვევებზე. თავის დროზეც ზიარებისას კოვზი არ გამოიყენებოდა, მოგვიანებით შემოვიდა ეს წესი.
„მე-8 საუკუნეში კი არ უნდა ვბრუნდებოდეთ, არამედ 21-ე საუკუნეში უნდა „ვბრუნდებოდეთ“ და უნდა ვხედავდეთ დღევანდელ გამოწვევებს. ცივა? ადამიანი თბილად იცვამს. წვიმა მოდის? ქოლგას იჭერს. ცხელა? ადამიანი ტანსაცმელს იხდის. ეს ნიშნავს, რომ ადამიანი ყველაფერზე რეაგირებს. ამიტომ კეთილი ინებოს ეკლესიამ და თქვას, მე ვარ ცოცხალი ორგანიზმი და გამოაცხადოს, ვიდრე არ დასრულდება კორონავირუსის პრობლემები, გადავდივარ ერთჯერად კოვზებზე. ამით კიდევ ერთხელ დადასტურდება, რამდენი ეკლესიაა კონსერვატიული, ჩაკეტილი თავის თავში და არ შესწევს უნარი რეაგირებდეს გამოწვევებზე. გულდასაწყვეტია, როდესაც კოვზი გაუტოლეს ქრისტეს ხორცსა და სისხლს. ეს აბსურდია“, - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.
თეოლოგი გოჩა ბარნოვი აცხადებს, რომ საბერძნეთის ხელისუფლებამ უკვე გამოსცა ბრძანება, რათა ყველანაირი მსახურება შეჩერდეს, სადაც ადამიანები იკრიბებიან. ეს არის სახელმწიფო გადაწყვეტილება, რომელსაც ემორჩილება საბერძნეთის ეკლესიაც. იქ სახელმწიფო და ეკლესია ერთად არის. საქართველოშიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა, საგანგებო მდგომარეობის დროს ეკლესიას ასევე გადაედგა გონივული ნაბიჯი, რომელიც ადამიანს დაიცავდა პანდემიისა და სნეულებისგან.
„ადამიანი ყველაზე დიდი ფასეულობაა ამ სამყაროში. აქედან გამომდინარე, ყველაფერი კეთდება ადამიანისთვის. რაც შეეხება ზიარებას მაცხოვრის სისხლითა და ხორცით, მთავარი ზუსტად ეს არის, რომ ეს გახლავთ სისხლი და ხორცი, ანუ ადამიანის შეხვედრა და თანაზიარება ქრისტესთან. უნდა გადავწყვიტოთ, რა ფორმით მოხდეს ეს თანაზიარება, ერთი კოვზით, სხვადასხვა კოვზით, თუ ჩალბობის წესით, რომელიც არსებობდა მე-8 საუკუნემდე, როდესაც პურს ჩააწობდნენ ღვინოში და ეს საკმაოდ ძველი წესი იყო. მე-8-9 საუკუნეების შემდეგ უკვე შემოდის ერთი კოვზით ზიარება. თქვენ წარმოიდგინეთ, მე-12 საუკუნეშიც კი წერდნენ, რომ ჯერ კიდევ ზოგიერთ ეპარქიაში იყენებდნენ ჩალბობის წესსო, ანუ ერთი კოვზის გამოყენება ჯერ კიდევ არ იყო მე-12-13 საუკუნეში ყველა ეკლესიაში გავრცელებული. მოგვიანებით რატომღაც მაინც ერთი კოვზის გამოყენების წესი დადგინდა ეკლესიაში, მაგრამ ეკლესია ყოველთვის ეპოქის მოთხოვნებს ითვალისწინებდა. ეს ასახულია კიდეც საეკლესიო სამართალში, რომ კანონებსაც ცვლიდნენ, ახალ კანონებს იღებდნენ იმის მიხედვით, რა გამოწვევებსაც ეპოქა სთავაზობდა“, - აღნიშნა გოჩა ბარნოვმა For.ge-სთან საუბრისას.
თეოლოგის თქმით, ეკლესია არასდროს ღრმა კონსერვატიზმში არ ვარდებოდა. აქედან გამომდინარე, როდესაც იკრძალება საზოგადო მსახურება, ეს იკრძალება არა იმიტომ, რომ სისხლისა და ხორცის მეშვეობით შეიძლება სნეულების გადაცემა, რაც რწმენის საკითხია, არამედ იმიტომ, რომ კოვზმა შეიძლება ვირუსი გაავრცელოს. გარდა ამისა, პანდემიის დროს გარკვეულ საფრთხეს ქმნის ადამიანთა ურთიერთობა, რომლებიც რიგში ერთმანეთთან ახლოს დგანან საზიარებლად და ლოცულობენ. ასეთ დროს ეკლესია თანხმდება, რაღაც შეცვალოს თავის მსახურებაში. შეცვალოს არა ის, რაც არსობრივია და რაც შინაარსია მსახურების, არამედ შეცვალოს ფორმა. თორემ ზიარება არის სისხლი და ხორცი ქრისტესი და ზიარება ადამიანს საუკუნო ცხოვრებას აძლევს, რწმენაში აძლიერებს. აქ ფორმაზეა ლაპარაკი, ანუ ზიარებას რა ფორმით ვირჩევთ. საუკუნეების მიხედვით იცვლებოდა ეს ფორმა, ამიტომ ეს არანაირ დოგმატურ საკითხს არ წარმოადგენს.
„ქრისტემ მოწაფეებს მისცა პური, შეუძლებელი იყო მაშინ კოვზით ზიარება. ესეც მითები და ზღაპრებია, რომ მხოლოდ მეორედ მოსვლისას შეჩერდება წირვა და ახლა არაფრით არ უნდა შეჩერდეს. ჩემი აზრით, ჩვენი ეკლესია, ალბათ, რაღაც გადაწყვეტილებას მიიღებს, შეიძლება ზიარების ძველი წესი დააბრუნონ, შეიძლება ახალი წესი შემოიტანონ, ეს ფორმის შეცვლა იქნება, მეტი არაფერი“.