დავით ზარდიაშვილი: ნეო-ლიბერალიზმი, როგორც პოლიტიკური დოქტრინა და იდეოლოგია, პანდემიამ მიწასთან გაასწორა

დავით ზარდიაშვილი: ნეო-ლიბერალიზმი, როგორც პოლიტიკური დოქტრინა და იდეოლოგია, პანდემიამ მიწასთან გაასწორა

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი, სოციალურ ქსელში წერს: 

ნეო-ლიბერალიზმი, როგორც პოლიტიკური დოქტრინა და იდეოლოგია, პანდემიამ მიწასთან გაასწორა: როგორ სასაცილოდ გამოიყურება ახლა მაგ. "სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვა" და ამაზე დისკუსია, ხომ წარმოგიდგენიათ?!

ნეოლიბერალური კონცეფცია თავისუფლების ნეგატიურ გაგებას - "თავისუფლება ყველაფრისა და ყოველივესგან" ეფუძნება. ის დღის წესრიგიდან ხსნის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს - "თავისუფლება რისთვის", რის გამოც უფლებებს ენიჭება არაპროპორციული უპირატესობა და არა ვალდებულებებს. ერთადერთი ვალდებულება ნეო-ლიბერალისთვის ისაა, რომ სხვის ცხვირს არ შეეხოს, რათა არც სხვა შეეხოს ცხვირზე (ცნობილი გამოთქმაა - ჩემი თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც სხვისი ცხვირი იწყება"). ხოლო თუკი ვირუსი მის ცხვირს მაინც შეეხება - უძლურია და გაოგნებული!

ასეა - ლოგიკურია, რომ "თავისუფლება ყველასა და ყოველივესგან" ბოლოს ბანალური ვირუსის მონად გაქცევს!

განსაცდელის ჟამს უმალ გამოჩნდა, რომ ნეგატიური თავისუფლების მიმდევრობა - მოწყვლადობაა. მსოფლიოში ყველაზე მეტად მოწყვლადი აღმოჩნდა ევროპა - მსოფლიო ცივილიზაციის მართლაც ციტადელი, რადგან ნეო-ლიბერალურმა დოქტრინამ სრული კრახი განიცადა.

ელემენტარული ჭეშმარიტება, რომ თავისუფლება უწინარესად პასუხისმგებლობაა, ანუ ყოველი უფლება იმთავითვე ვალდებულებასაც გულისხმობს და უფლებათა დაცვა უპირობოდ იმან შეიძლება მოითხოვოს, ვინც თავის ვალდებულებებს კეთილსინდისიერად ასრულებს, კიდევ ერთხელ დაამტკიცა ამ პანდემიამაც.

ფაქტია: ნეო-ლიბერალური ტერმინით რომ ვთქვათ - "კონკურენტული უპირატესობა", დღეს სწორედ იმათ მხარესაა, ვინც ვალდებულებებიდან გამომდინარე იცავს და უფრთხილდება უფლებებს და არა პირიქით!

პირდაპირი შედეგი, უნდა ვინმეს ეს თუ არა, ამ პანდემიისა იქნება ჩინეთის გლობალური როლის შემდგომი გაძლიერება, განსაკუთრებით - ეკონომიკაში, რადგან ისინი ისევ მუშაობენ, მაშინ, როცა მსოფლიო გაჩერდა. მცირე დრო დაკარგეს, მობილიზდნენ, ეპიდემიასა სძლიეს, ახლა მეტს იმუშავებენ. ყოველთვისა მუშაობდნენ და მუდამაც იმუშავებენ, რადგან ესაა მათი ადამიანური ბუნება. გონებასა თუ სინდისს არ დაიმძიმებენ გონებამახვილური შეკითხვებით. მაგ. რამდენი ანგელოზი დაეტევა ნემსის წვერზე ანდა უარესი - უნდა დაიცვან თუ არა და როგორ უკეთესად სექსუალური უმცირესობების უფლებები ან "გენდერული" ტანასწორობა?

იმთავითვე ისეთი, ლუარსაბივით კარგად გამაძღარზე და ტახტზე წამოკოტრიალებულზე, რული რომ მოგერევა და მოგივა თავში, შეკითხვებისთვის პანდემიამ ადგილი საერთოდაც აღარ დატოვა!

რასაკვირველია, უფლებებსა და ვალდებულებებს შორის წონასწორობა, ბალანსი უნდა აღდგეს და ეს, რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, დღეს ჩვენს ქვეყანაში, სადაც მრავალათასწლოვანი სოციალური გამოცდილება არსებობს ვალდებულებებზე დამყარებული უფლებებისა, უფრო ნაკლებად გაჭირდება, ვიდრე გაქსუებულ, გამაძღარ და იმავდოულად ნეო-ლიბერალიზმის ამაოებით მიმკვდარუნებულ, დაძაბუნებულ, პანდემიის გემრიელ ლუკმად გადაქცეულ ევროპაში.

ცხადია, მეორე უკიდურესობაც არსებობს - რუსეთი, სადაც ოდითგანვე არ არსებობდა და არც დღეს არსებობს უფლებები. უარესი - იქ ვალდებულებებიც კი პირობითია და როგორც უფლებას, ისე ვალდებულების შესრულებას ოდენ ძალა, ძალადობა, მუშტი და წიხლი განაპირობებს. ბუნებრივია, თუ ჩავთვლით, რომ ნეო-ლიბერალიზმით ევროპამ მიიძინა, აუცილებლად ისიც უნდა დავძინოთ - რუსეთი ჯერ ბანგიდან არ გამოსულა, მუდმივ პახმელიაზეა და რომანტიკას ისევ ამ თავგადასავალში (სხვადასხვა სცენარით, რაც ერთი და იგივე ჟანრის დრამატურგიაა) ხედავს: "უკრალ, ვიპილ, ტურმა" და ასე დაუსრულებლად.მისთვის კი, დაბანაგულისათვის, რა ბედენაა პანდემია? პოლ ლიტრა და მისი ჯანი!

დიახ: ჩვენ უნდა ვიყოთ თავისუფლები, რათა სათნო ვექმნეთ ღმერთსა და თუ ეს შევძელით, უნდა ვიამაყოთ კიდეც! ხოლო ეს რომ შევძლოთ, სიკეთის თესვა უნდა იყოს ოჯახის, ყოველი მოყვასის, სამშობლოსა და მეტიც - კაცობრიობის წინაშეც გაცნობიერებული ვალდებულება, რაც ქართველს სრულუფლებიან ქართველად ხდის! ერთ დროს ევროპაც სწორედ ეს იყო. იმედია, პანდემიის შემდგომაც განკურნებული, ისევ ის ევროპა იქნება!

არაგველი641 დავით ზარდიაშვილი ისევ საინტერესო აზრებს გვაწვდის! მადლობა მას!
5 წლის უკან