„ახლა გაზაფხულია და, თუ სოფლის მეურნეობაში შესაბამისი ღონისძიებები გატარდება, შედეგი შეიძლება მივიღოთ“

„ახლა გაზაფხულია და, თუ სოფლის მეურნეობაში შესაბამისი ღონისძიებები გატარდება, შედეგი შეიძლება მივიღოთ“

კორონავირუსის გავლენა მსოფლიო ეკონომიკაზე მძიმე იქნება. ეკონომიკურ ზარალს საქართველოც ვერ აცდება. ეკონომიკური კოლაფსის ასაცილებლად ანალიტიკოსები სხვადასხვა რეკომენდაციებს აძლევენ ჩვენს მთავრობას, მათ შორისაა, ქამრების შემოჭერა, სოფლის მეურნეობაში თანხების ჩადება, ზღვრული ფასების დაწესება საკვებსა და წამლებზე...

პრემიერმა გახარიამ ეკონომიკური სტიმულირების გეგმა განიხილა, რომელიც მიზნად ისახავს მსოფლიოში შექმნილი პანდემიური ვითარების შესაძლო უარყოფითი გავლენის შემცირებას საქართველოს ეკონომიკაზე. უკვე მიღწეულია შეთანხმება ფისკალური სტიმულირების ღონისძიებების მიმართულებით, ასევე, გარკვეული საგადასახადო შეღავათების დაწესებაზე ყველაზე მოწყვლადი სექტორებისთვის. მათ შორის, სასტუმროებს, რესტორნებსა და ტურისტულ კომპანიებს გადასახადი 4 თვით გადაუვადდებათ. ბანკები კი სესხებს სამი თვით გადაავადებენ.

კორონავირუსისგან მომდინარე ეკონომიკური ზიანის შესახებ For.ge ექსპერტს ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძეს ესაუბრა.

ხელისუფლება აცხადებს, რომ ეკონომიკის წამახალისებელი ღონისძიებები გაგრძელდება მანამ, სანამ კორონავირუსით გამოწვეული კრიზისი გაგრძელდება. როგორ აისახება ეს ვირუსი კონკრეტულად საქართველოს ეკონომიკაზე?

- ეკონომიკურ ზიანზე ახლა იმდენად საუბარი არ არის. ცხადია, ეკონომიკური ზიანი მთელ მსოფლიოში იქნება, მაგრამ მთავარია, ამ უბედურებას გადავრჩეთ. საჭიროა დრაკონული კანონების მიღება, ჩაკეტვა ქვეყნისა, რადგან ფაქტია, მკაცრი ზომების მიღება დააგვიანეს. მკვეთრად უარყოფითი შეფასება მივეცი იმ ფაქტს, რომ იტალიასთან ავიამიმოსვლას არ კეტავდნენ, არც განიხილებაო, რადგან რეალურად არ ჰქონდათ წარმოდგენილი საფრთხეები. ამ მხრივ დააგვიანა საქართველოს მთავრობამ, ახლა კი ყველაფერი ორგანიზებული და მობილიზებულია. ღმერთის წყალობით, ჯერ კიდევ საშუალო და უფროსი თაობის ექიმების კვალიფიკაცია საკმაოდ მაღალია. ვფიქრობ, თუკი დავიცავთ სიფრთხილის წესებს და ყველა რეკომენდაციას, უნდა გადავრჩეთ ამ ძალიან საშიშ სიტუაციას. ზოგი ჭირი მარგებელიაო, რომ იტყვიან, ჩვენ გვაქვს აუთვისებელი საკუთარი რესურსები, რასაც ჰქვია კვების პროდუქტები და სოფლის მეურნეობა, სადაც მიწების ნახევარი დაუთესავ-მოუვლელი იყო მუდამ. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, საქართველოს პირობებში ყველანაირი ბოსტნეული ირანიდან შემოგვქონდა.

ახლა გაზაფხულია და, თუ სოფლის მეურნეობის კუთხით შესაბამისი ღონისძიებები გატარდება, რამდენიმე თვეში შედეგი შეიძლება მივიღოთ. ჩვენ ვერ ვიქნებით იზოლირებული, ბევრი რამ უნდა ვიყიდოთ, რადგან სუსტი ეკონომიკა გვაქვს, მაგრამ ის, რაც გვაქვს, ამის გამოუყენებლობა უპასუხისმგებლობაა. სადაც შეგვიძლია, სხვა ქვეყნებზე არ უნდა ვიყოთ დამოკიდებულნი. ვფიქრობ, მთავრობამ ამ მიმართულებითაც უნდა გადადგას ნაბიჯი. დღევანდელ საშიშ სიტუაციაში ადამიანებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია პირველადი მოთხოვნის საქონელი. ყოველ შემთხვევაში, იმპორტის ის სტილი, რომელიც საქართველოში შემოდის, დაუშვებელია. ის, რომ, 4000 ტონაზე მეტი ვაშლი შემოდის და ამ დროს სამხრეთ საქართველო და შიდა ქართლი მდიდარია ვაშლის რესურსის თვალსაზრისით, ეს არის სწორედ იმ მავნებლური პოლიტიკის შედეგი, რასაც ნეოლიბერალური ეკონომიკური დოქტრინა იძლეოდა. წლებია, ამ დოქტრინას ჩვენი ნეობოლშევიკები მისდევდნენ.

დედაქალაქი მართლაც დაცლილია, რაიონებში არიან ახალგაზრდები, სტუდენტები გახიზნულნი, იქნებ, ახლა მაინც მიჰყონ ხელი სოფლის მეურნეობას.

- ამ მხრივ ხალხი გამოფხიზლდა. ამ ადამიანების თვალთახედვით რატომღაც ცუდად გამოიყურებოდა კავშირი სოფელთან, მაგრამ სწორედ სოფელი აღმოჩნდა ის ბუფერი, რომლითაც კრიზისულ სიტუაციაში თავი უნდა გაიტანონ. ასე იყო 90-იან წლებშიც, როცა სისტემა დაინგრა და ხალხმა სოფელს მიაშურა თავის გადასარჩენად. სოფლად ადამიანები კორონავირუსის საფრთხისგან იზოლაციაში იქნებიან, მიწა იმის საშუალებას იძლევა, თვეების განმავლობაში შედეგი მიიღონ. პატარა ტერიტორიაა საქართველო, ერთი ადგილიდან მეორემდე მისვლას სულ რამდენიმე საათი სჭირდება, ამიტომ ისეთი პირობები უნდა შევქმნათ, რომ ადამიანები იქაც იყვნენ და აქაც, ანუ კავშირი სოფელთან არასდროს უნდა გავწყვიტოთ. ბევრი რამ უნდა გადაფასდეს. ეპიდემია და პანდემია მსოფლიოში შემთხვევითი არ არის, ბევრი რამ უნდა გავიაზროთ, პირველ რიგში, უნდა გავიაზოთ სახელმწიფოს ფუნქცია რა არის. ჩვენ არ გვჭირდება ისეთი სახელმწიფო, ჩვენს სულებში რომ დაძვრება და ჭკუას გვასწავლის. ჩვენ გვჭირდება მკაცრად გამიჯვნა, რა არის სახელმწიფოს და კერძო სექტორის გასაკეთებელი. სახელმწიფო ხელს უნდა უწყობდეს კერძო სექტორს, მაგრამ უნდა ავითარებდეს იმ საზოგადოებრივი სიკეთეების მიწოდებას, რასაც ჰქვია განათლება, ჯანდაცვა...

ჩვენ მოვსპეთ ყველაფერი, სიცრუეზე ავაგეთ სახელმწიფო, ეს არ არის გონიერი საქციელი. ბოლშევიზმის ეპოქა დასრულდა და საქართველოში 1995 წლიდან დაიწყო ახალი ბოლშევიზმი, რომელიც ნეოლიბერალიზმის საბურველში იქნა გახვეული. ეს უბედურება მთელ მსოფლიოში იმარხება, სამწუხაროდ, საქართველო ჯერ კიდევ რჩება ნეოლიბერალურ ჭაობად. კორონავირუსი კი ბევრ რამეს გადააფასებს. ვისაც უნდა უყვარდეს ბიძინა, ვისაც უნდა უყვარდეს მიშა, ამას არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენ ერთ ქვეყანაში ვცხოვრობთ და უფრო მეტი სოლიდარობა უნდა გვქონდეს ერთმანეთის მიმართ, რადგან, უბედურების შემთხვევაში, ერთნაირად განწირულია ისიც, ვისაც ბიძინა უყვარს და ისიც, ვისაც მიშა უყვარს. ჩვენ გვაქვს ერთი ქოლგა, ერთი გარსი, რომელსაც ჩვენი სახელმწიფო ჰქვია.

კორონავირუსი ის იშვიათი შემთხვევაა, რომელიც ღარიბებსა და მდიდრებს ერთნაირად ემუქრება. ამ ვირუსმა თითქოს სოციალური თანასწორობა მოიტანა.

- ნახეთ, შეერთებული შტატები, ეს ფანტასტიკურად ძლიერი ქვეყანა, უძლიერესი ჯანდაცვის სისტემით და კლინიკით, რომელიც მსოფლიოში საუკეთესოდ ითვლებოდა, ნეოლიბერალური მიდგომების შემდეგ უსუსური აღმოჩნდა. მათ არ შეუძლიათ ტესტის ჩატარება კორონავირუსთან დაკავშირებით და სხვა ქალაქში უშვებენ ადამიანებს, სადაც ერთი კვირა ელოდებიან პასუხებს. ამ მცდარი მიდგომების გამო სისტემა ყველგან მოიშალა. ცხადია, კერძო სექტორს ვერ მოთხოვთ, მზად იყოს კატაკლიზმებისთვის, სახელმწიფოს გადარჩენისთვის, ეპიდემიებისთვის. ეს არ არის კერძო სექტორის საქმე, სახელმწიფომ უნდა მიხედოს იმას, რასაც კერძო სექტორი ვერასდოს მიხედავს. საქართველოში ჯერ კიდევ საკუთარ ბელადებს დასდევენ, რაც დიდი უაზრობაა, საფრთხემ გვიჩვენა, ვიყოთ სოლიდარულნი.

რა თანხა უნდა ჩადოს სახელმწიფომ სოფლის მეურნეობაში, რომ მიწების დამუშავება მაინც მოესწროს?

- მსოფლიოში არის პრეცედენტები, მათ შორის, ევროპის სოფლის მეურნეობის ფეხზე დაყენების, ამერიკის სოფლის მეურნეობის ფეხზე დაყენების, ასევე, საინტერესოა, ამ კრიზისის გამო რუსებმა რა გააკეთეს, როგორი ღონისძიებები გაატარეს, ძალიან დიდი შედეგი აქვთ ამ მიმართულებით. ჩვენთან ყველაფერი გარკვეულია, არსებობს ძალიან კარგი კონცეფცია, შესანიშნავი ხედვა, უცხოელების აზრიც ცნობილია. ნუ ჩამითვლით ქედმაღლობად, მაგრამ მე ვხელმძღვანელობდი ამ კონცეფციას. უცხოელებმა ამას დაარქვეს ინოვაციური ბიოსოფლის მეურნეობა. ჩვენ გვაქვს შესანიშნავი რესურსი და არაფერ ახალს არ ვითვისებთ. ამის ნაცვლად იმპორტზე, კლანებსა და ხელისუფლებასთან ასოცირებულ ოლიგოპოლიურ მახინჯ ჯგუფებამდე დავიყვანეთ ყველაფერი. გინდ ატომური ბომბები ჰქონია სახელმწიფოს, გინდ სიმდიდრეში ჩამხრჩვალა, ჩვენს სინამდვილეში, ეს ბობოლები, რომლებიც ქვეყნის გაღატაკების ხარჯზე გამდიდრებულან და კვლავ ძარცვავენ საკუთარ ქვეყანას, ისევე განწირულნი არიან, როგორც ჩვენი გაჭირვებული მოქალაქეები. ამიტომ ყველაფერს სჯობს მოვლენების გააზრება, ეს ჩვენს საერთო მომავალს ეხება.

საბანკო სესხების გადავადებაზეა საუბარი, ასევე, ტურიზმისა და სარესტორნო სექტორისთვის შეღავათების მიცემაზე.

- ამის გაკეთება აუცილებელი იყო. ეს არის საღი, ნორმალური ქცევა ხელისუფლების მხრიდან, თუმცა არ ვიცი, დიფერენცირება რატომ მოახდინეს ვადაგადაცილებულ სესხსა და არავადაგადაცილებულს შორის. ვადაგადაცილებული და გაჭირვებული რომ არის, მით უმეტეს, სჭირდება დახმარება, მაგრამ ასეთი შეღავათი მაინც კარგია. მახინჯი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად ქართული ეკონომიკა ტურიზმზე დავკიდეთ, რაც ეკონომიკურად და პოლიტიკური თვალსაზრისით მიუღებელია, რადგან უზარმაზარი რისკის შემცველია, მაგრამ ახლა უკვე ტურიზმის სფეროსაც სჭირდება დახმარება. უნდა გადავადდეს დავალიანებები, მთავარია, ის ბიზნესები გადავარჩინოთ, რომელთა გადარჩენაც შესაძლებელია. განადგურების შემდეგ ხელახლა ბიზნესის აწყობა მარტივი არ არის და დროს დავკარგავთ.

ლარის კურსი უფასურდება, ჩნდება ეჭვი, რომ ვიღაც ყიდულობს დოლარს, ახდენს სპეკულირებას და ამ გასაჭირში ფულს შოულობს.

- არაფერი ახალი არ არის, ეს ჩვეულებრივი სპეკულაციაა, დავარდა ფასი, რაც თავიდან ბოლომდე ეროვნული ბანკის ბრალია. სწორედ ის უწყობს ხელს ე.წ. არბიტრაჟული ოპერაციების განხორციელებას. საქართველოს ბაზრები არ არის კონკურენტული. ერთი და იგივე საქონელი ერთსა და იმავე ბაზარზე განსხვავებული თანხით ფასდება, კომერციული ბანკები ეროვნული ბანკიდან ყიდულობენ ვალუტას გაცილებით დაბალ ფასად, რომელზეც მოთხოვნა გარე ბაზარზე დიდია. ეს ქმნის იმას, რასაც ჰქვია არბიტრაჟული ოპერაცია, ანუ ერთ ადგილზე ყიდულობთ იაფად და მეორე ბაზარზე ძვირად ყიდით. სწორედ ამას აკეთებენ და ამას ხელს უწყობს ეროვნული ბანკი. აშკარად სპეკულაციური რამ მოხდა, იყიდეს დაბალ ფასად დოლარები და მაშინვე ავარდა ფასი ზევით. არ არსებობს არც ერთი წესიერი პროფესიონალი, რომელიც დაასაბუთებს იმას, რომ კურსის გამყარება და შემდეგ ასეთი ვარდნა რაიმე ეკონომიკური ან სხვა მოსაზრებებით იყო განპირობებული. ეს იყო მიზანმიმართული, „მშვენიერი“ სპეკულაციური ოპერაცია.

 

thrgg@yahoo.com ჭკვიანი კაცია ეს კაცი...
4 წლის უკან
Katana . დემურ გიორხელიძე ელჩებს: თქვენ, საერთოდ, ერთ უჯრედზე მეტი გაქვთ? (1915 წ. პოსტი, რომელიც დღეს არანაკლებ აქტუალურია). ბმული
4 წლის უკან