არგენტინის ნაკრებისა და „ბარსელონას“ კაპიტანი ლიონელ მესი კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ სიტუაციას Instagram-ზე გამოეხმაურა. არგენტინელი ფეხბურთელის თქმით, ამ რთულ დღეებში ყველამ პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს და სახლში დარჩეს.
„ყველასათვის რთული დღეები დადგა. შეშფოთებულები ვართ იმით, რაც ხდება, და გვსურს წარმოვიდგინოთ ჩვენი თავი მათ ადგილზე, ვინც ამ სიტუაციაში ყველაზე მეტად დაზარალდა, ვინაიდან ვირუსი შეეხო მათ, მათ ოჯახებსა ან მეგობრებს, და მათ ადგილზე, ვინც ბრძოლის წინა ხაზზე, ჰოსპიტლებსა და სამედიცინო ცენტრებში მუშაობს. ეს განსაკუთრებული მომენტია და ყველამ უნდა შევასრულოთ ის რეკომენდაციები, რომლებსაც ჯანდაცვის ორგანიზაციები და ხელისუფლება გასცემს. ეს არის ბრძოლის ერთადერთი ეფექტური გზა. დროა გამოვიჩინოთ პასუხისმგებლობა და დავრჩეთ სახლში. ეს ასევე საუკეთესო მომენტია იმისთვის, რათა მეტი დრო გავატაროთ საყვარელ ადამიანებთან ერთად, რაც ხშირად არ გამოგვდის. იმედი მაქვს, რომ ამ სიტუაციის გამოსწორებას უახლოეს მომავალში შევძლებთ“, - წერს ლიონელ მესი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.