საგანგებო მდგომარეობა არ შესძენს მთავრობას რაღაც ისეთ ინსტრუმენტებს, რომელიც დღეს არ გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ამ ეტაპზე საქართველოს მთავრობას აქვს ყველა ინსტრუმენტი, რათა ნაბიჯ-ნაბიჯ ამ გამოწვევას უპასუხოს და ასე გაგრძელდება.
„რაღაც მომენტი შეიძლება დადგეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობაც. ამ გადაწყვეტილებასაც მივიღებთ. ჩვენ ვამბობთ ერთ რამეს მკაფიოდ, დღევანდელი მონაცემებით იმ ობიექტური რეალობით და იმ შეფასებებით, რომელიც ჩვენ გვაქვს, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა დღეს არ არის, ხვალ თუ ამის აუცილებლობა დადგება, ჩვენ ამას მივიღებთ. ეს არის პროცესი, ეს არის მართვა მართვის პროცესი, როგორ ვებძროლოთ ვირუსს. შესაბამისად, ჩვენ ვამბობთ, რომ ყველა ინსტრუმენტი, რომელიც დღეს გვჭირდება ეფექტური ბრძოლისთვის, გვაქვს, როდესაც ეს ინსტრუმენტები დაგვიმთავრდება და აუცილებლობა იქნება საგანგებო მდგომარეობა, ამ ნაბიჯსაც გადავდგამთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.