მთავრობა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთვის ემზადება

მთავრობა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთვის ემზადება

ყველა რეკომენდაციის შესრულების შემთხვევაში, საქართველოში საგანგებო მდგომარეობის შემოღების საჭიროება არ დადგება, თუმცა საქართველოს მთავრობამ, კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, რამდენიმე ახალი გადაწყვეტილება მიიღო. მთავრობის გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან, ორი კვირით იკრძალება საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე შემოსვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის;

ასევე, საკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დროებით იკეტება საქართველოს სამთო–სათხილამურო კურორტები; კაფეებს, რესტორნებსა და ბარებს ეძლევათ რეკომენდაცია, დროებით შეიზღუდოს მოქალაქეების უშუალო მომსახურება და იმოქმედოს მხოლოდ ე.წ გატანის სერვისებმა;

მთავრობის ადმინისტრაციაში იქმნება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების მონიტორინგის მექანიზმი; 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს ეძლევათ რეკომენდაცია, მაქსიმალურად მოერიდონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და შეძლებისდაგვარად იმყოფებოდნენ იზოლაციაში, რათა თავიდან იყოს აცილებული პოტენციური საფრთხე მათი ჯანმრთელობისთვის.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არსებობს კრიტიკულად მნიშვნელოვანი 4 განზომილება, რომლის ეფექტური მართვაც საბოლოო ჯამში არსებულ გამოწვევასთან გამკლავებაზე აისახება. ესენია – ჯანდაცვა; ეკონომიკა; ლოგისტიკა და მარაგების მართვა; საზოგადოებრივი წესრიგი. თითოეულ მიმართულებაზე პასუხისმგებელია შესაბამისი პროფილის მინისტრი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 33 პაციენტია. კარანტინის რეჟიმში 427 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში 73 პირია განთავსებული. ბოლო 24 საათის განმავლობაში, ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 13 ახალი ფაქტი გამოვლინდა. თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში, იძულების წესით, ჯამში, 55 ადამიანია გადაყვანილი.

მთავრობის გადაწყვეტილებით, კლინიკური კონტროლის ჯგუფს, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მკურნალობისთვის განკუთვნილ სამედიცინო დაწესებულებებს კოორდინაციას გაუწევს, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო–პრაქტიკული ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე უხელმძღვანელებს.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო და პანდემიის პირობებში, მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანამ საგანგებო მდგომარეობა უკვე გამოაცხადა. საქართველოს კანონში საგანგებო მდგომარეობის შესახებ წერია, რომ სწორედ ეპიდემიის რისკია ერთ–ერთი იმ მიზეზთაგან, რის გამოც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შეიძლება გამოცხადდეს. რაც შეეხება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების პროცედურას – საგანგებო მდგომარეობა შეიძლება გამოცხადდეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ან მის რომელიმე ნაწილში.

საგანგებო მდგომარეობას აცხადებს პრეზიდენტი, რომელიც ბრძანებას ხელმოსაწერად პრემიერ–მინისტრს გადასცემს. ბრძანება პრემიერის ხელმოწერისთანავე შედის ძალაში, თუმცა შემდეგ დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეცემა. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი ბრძანებას არ დაამტკიცებს, ის კენჭისყრისთანავე კარგავს იურიდიულ ძალას.

საგანგებო მდგომარეობისას, კონკრეტული საჭიროებიდან გამომდინარე, მთავრობას შეუძლია შეზღუდოს მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებები და გაატაროს გარკვეული ღონისძიებები. ეს შეიძლება იყოს საზოგადოებრივი წესრიგის გაძლიერებული დაცვა, საცხოვრებლად საშიში რაიონებიდან მოქალაქეთა დროებით გასახლება. შესაძლოა, ამოქმედდეს ქვეყანაში მოქალაქეთა შესვლისა და გასვლის განსაკუთრებული რეჟიმი, შეიზღუდოს მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების თავისუფალი გადაადგილების უფლება. ასევე, სახელმწიფო უფლებამოსილია შემოიღოს კარანტინი და განახორციელოს სხვა სავალდებულო სანიტარიულ–ეპიდემიასაწინააღმდეგო ღონისძიებანი.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის თქმით, ქვეყანაში ინფიცირებული პაციენტების რაოდენობა არ გაზრდილა და კორონავირუსის 33 შემთხვევაა დაფიქსირებული. მისივე ინფორმაციით, გვიან ღამით ლუგარიდან 14 ანალიზის პასუხებს ელოდებიან. შესაბამისად, თენგიზ ცერცვაძე არ გამორიცხავს, რომ კორონავირუსის შემთხვევები ქვეყანაში გაიზარდოს. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული N1 პაციენტი, რომელიც გამოჯანმრთელდა, ორკვირიან თვითიზოლაზიაში გადავა. 

„პირველ დადასტურებულ შემთხვევას გუშინ ავუღეთ პირველი ანალიზი, რომელიც იყო უარყოფითი. დღეს, განმეორებითი ანალიზი გამოვიდა სუსტი დადებითი, ანუ ინფექციის ნიშნები ჯერ კიდევ არის, რის გამოც ამ პაციენტის გაწერა რამოდენიმე დღით გადაიდო. მაგრამ გვაქვს სხვა სასიხარულო ინფორმაცია. რიგით მესამე პაციენტს პირველი ტესტი დღეს უარყოფითი აქვს. ხვალ კიდევ გაუკეთდება, როგორც წესია და თუ ამ პირველისგან განსხვავებით, ხვალაც უარყოფითი იქნა, მაშინ ისე გამოვა, რომ გაწერაში ის მესამე გაასწრებს პირველს. ვინარჩუნებთ იმედისმომცემ სიტუაციას, რომ საქართველოში მეოთხეული გადაცემა არ ყოფილა, როცა პაციენტმა არ იცის, თუ ვისგან დაინფიცირდა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

საქართველოს მთავრობის მიერ კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში რამდენიმე ახალი გადაწყვეტილების მიღებას მხარს უჭერს კონსტიტუციონალისტი დავით ზარდიაშვილი, რომლის განცხადებით, ამ ეტაპზე საქართველოში საგანგებო მდგომარეობის შემოღების საჭიროება არ დგას. მისი თქმით, მსოფლიოს მასშტაბით ეპიდემიური მდგომარეობა უარესდება, ძალიან მძიმე მდგომარეობაა და ცხადია, რომ საქართველო იზოლირებული არ არის და მოუწევს ზომების გამკაცრება.

„გადაადგილება, კარანტინები და თვითიზოლაციის წესები პირველად ჩვენ შემოვიღეთ, რამაც გვიშველა. იმ მასშტაბის არ გვაქვს გავრცელება, რაც სხვა ქვეყნებში ხდება. რაც შეეხება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, ეს ნიშნავს მართვის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადასვლას და ადამიანის მთელი რიგი უფლებების შეზღუდვას. ამჟამად არსებითად საუბარი არის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვაზე. მათ შორის საუბარია მთელი რიგი დაწესებულების დრობით დახურვაზე. ეს ყველა ზომა გათვალისწინებულია საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ მოქმედი კანონით. დღესდღეობით სრულიად დასაბუთებულია, საფრთხე არის ძალიან რეალური და, რა თქმა უნდა, კანონმდებლობა იძლევა ამის საშუალებას და კანონიერიც არის ის შეზღუდვები, რომელიც მთავრობამ დააწესა“, – აცხადებს დავით ზარდიაშვილი.

მისი თქმით, ამ ვითარებაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არ იქნება სწორი, რადგან ეს ბევრ უფლებებს შეზღუდავს. მისი თქმით, შესაძლებელია კომენდანტის საათის შემოღება, პასუხისმგებლობის გამკაცრება რეჟიმის დარღვევისთვის.

„საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, ნიშნავს მთელი რიგი ფუნდამენტალური უფლებების დარღვევას, კონსტიტუციით გარანტირებული ძირითადი უფლებების შეზღუდვას, რისი საჭირობა ამ ვითარებაში არ არის. მთავრობამ ეს კარგად იცის და ამიტომაც გაამკაცრა ზომები, თუმცა ეს არ არის ჯერჯერობით საგანგებო მდგომარეობის საგანგებო რეჟიმი, ეს არის განსაკუთრებული მდგომარეობა პანდემიის საფრთხის არსებობის დროს, რასაც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონი ითვალისწინებს. საგანგებო მდგომარეობა ნიშნავს, ადამიანის იმ უფლელების შეზღუდვას, რაც კონსტიტუციით არის გათვალისწინებული. ჯერჯერობით არც ერთი უფლება, გარდა გადააგილების თავისუფლებისა, არ შეზღუდულა. გადაადგილების შეზღუდვა საგანგებო მდგომარეობის გარეშეც არის შესაძლებელი, ამას მოქმედი კანონი ითვალისწინებს“, – აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა.

საგანგებო მდგომარეობის შემოღების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე, რომლის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ არის დამატებითი მონაცემები, რომელიც უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის.

„მთავრობის რეგულაციები არის თუ არა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების წინაპირობა, რა თქმა უნდა, ასეა. თუმცა, ორ კვირიანი შეზღუდვები ჯერ კიდევ არ ნიშნავს საგანგებო მდგომარეობას. მგონია, რომ ჯობია ხელისუფლებამ წინასწარ მიიღოს გადაწყვეტილება  და მოახდინოს ვირუსის გავრცელების პრევენცია, რომ არ ავღმოჩნდეთ ისეთ ვითარებაში, როგორშიც ევროპის ქვეყნები. საერთო ჯამში, მე მომხრე ვარ ასეთი მკვეთრი გადაწყვეტილებების, ვიდრე ლოდინის და ნაბიჯ–ნაბიჯ შეზღუდვების. ამიტომ ჯობია, რომ თავშივე აღვკვეთოთ მოსალოდნელი საფრთხეები. პანიკა ჯერჯერობით არ იგრძნობა, თუმცა მკაცრი რეგულაციები არის საჭირო“, – აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.

Gami ძაბირაძე მომხრეა, ხუხაშვილი თავს იკავებს.... ვაი, თქვენს პატრონს! ვის აინტერესებს ამ ბოგანოს აზრი; როგორ ყველაფრის ექსპერტია.
4 წლის უკან
Gami საიტს --- ნორმალურ ხალხს რომ ჰკითხოთ აზრი, არ შეიძლება? ამოვიდნენ ყელში ეს პოლიტ-პროქტოლოგების აზრი. დავით ზარდიაშვილს ეს არ ეხება!
4 წლის უკან
Gami საიტს --- ნორმალურ ხალხს რომ ჰკითხოთ აზრი, არ შეიძლება? ამოვიდნენ ყელში ეს პოლიტ-პროქტოლოგების აზრი. დავით ზარდიაშვილს ეს არ ეხება!
4 წლის უკან
Gami საიტს --- ნორმალურ ხალხს რომ ჰკითხოთ აზრი, არ შეიძლება? ამოვიდნენ ყელში ეს პოლიტ-პროქტოლოგების აზრი. დავით ზარდიაშვილს ეს არ ეხება!
4 წლის უკან
Goliaff საგანგებო მდგომარეობას იმიტომ ვერ აცხადებენ რომ გეგმა არ აქვთ და არც მართვის რესურსი. მერე და ვინ უნდა გამოაცხადოს? პარლამენტში შეკრებილმა ბიზნესმენებმა და მათთმა ლობიმ? ეს ხელისუფლება ვერ გარკვეულა მოსახლეობის ჯამრთელობაა უფრო მნიშვნელოვანი თუ ბიზნესმა ფულის კეთება გააგრძელოს? საბოლოოდ როცა გამოაცხადებენ გვიანი არ იყოს!
4 წლის უკან