„როგორც ამ ვირუსის გადადების გზა არის სწრაფი, ასევე, შესაძლებელია მისი სწრაფი განკურნებაც“

„როგორც ამ ვირუსის გადადების გზა არის სწრაფი, ასევე, შესაძლებელია მისი სწრაფი განკურნებაც“

საქართველოში უკვე დაფიქსირდა ის შემთხვევა, რასაც ყველა უფრთხოდა - კორონავირუსის შიდა გადაცემის ფაქტი. თუ აქამდე უცხოეთიდან ჩამოსულ ადამიანთა წრიდან ხდებოდა ამ ვირუსის გავრცელება, ამჟამად ვირუსის გადაცემის მესამეული ფაქტის წინაშე აღმოვჩნდით.

როგორ გავიძლიეროთ იმუნიტეტი, რომ კორონავირუსმა არ დაგვამარცხოს, ამის შესახებ For.ge-ს კონკრეტულ რჩევებს აწვდის ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი ლაშა უჩავა.

კორონავირუსის შიდა გადაცემის პირველი ფაქტი ხომ არ ნიშნავს, რომ ამ ვირუსის მასშტაბი საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზრდება?

- ინფექციის შიდა გადაცემის გზა რომ დაფიქსირდა, ცხადია, ეს ცუდია. თუმცა ასეთი ერთეული შემთხვევები თავიდანვე იყო ნავარაუდევი, რადგან თვითონ ამ ვირუსის გადაცემის ფორმა იმდენად აგრესიულია, ჩვენ ამას ვერ ავცდებოდით. დამამშვიდებელია ის ფაქტი, რომ დაავადებათა ეროვნული კონტროლის ცენტრი შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს აკეთებს ამ დაავადების გადაცემის შესამცირებლად. თუკი სხვა ქვეყნების სტატისტიკას გადავხედავთ, მივხვდებით, რომ ჩვენი ქვეყანა ნამდვილად ლიდერია კორონავირუსის გადაცემის სიმცირის მხრივ. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, მესამეული გადაცემის ფაქტი ხომ არ ნიშნავს, რომ კორონავირუსის მასშტაბი საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზრდება, აპრიორი ეს ამას არ ნიშნავს. ამის მიზეზი კი ის არის, რომ, თუ თავიდან ჩვენი მოსახლეობა სკეპტიკურად უყურებდა მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას, დღესდღეობით ისინი მეტ ყურადღებას აქცევენ ამას და თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანები ცდილობენ, არ ჰქონდეთ კონტაქტი საკუთარი ოჯახის წევრებთან თუ ახლობლებთან. გარდა ამისა, შს სამინისტრო ჩართულია ამ საქმეში და აკონტროლებს ასეთ ფაქტებს. რაც ხდება სხვა ქვეყნებში და კონკრეტულად იტალიაში, სწორედ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის არქონის გამოა. სასიხარულოა, რომ ქართველებმა ბევრად მეტი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა აჩვენეს ამ კუთხით. თანაც, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ უკვე ლაბორატორიულად დადასტურებულია პირველი პაციენტის ვირუსისგან განკურნება და მეორე პაციენტის პასუხებს ელიან. იმედს გვაძლევს ისიც, რომ თვითონ ჩინეთში, ანუ იმ ქვეყანაში, საიდანაც წამოვიდა აღნიშნული ვირუსი, მნიშვნელოვნად შემცირებულია როგორც დაინფიცირების, ისე სიკვდილიანობის რაოდენობა. საიმედო პროგნოზზე მეტყველებს ის, რომ, როგორც ამ ვირუსის გადადების გზა არის სწრაფი, ასევე, შესაძლებელია მისი სწრაფი განკურნებაც. ყველა ვირუსის მსგავსად, კორონავირუსიც გამონაკლისი არ არის და იმისთვის, რომ ადვილად გადავიტანოთ, ან თავიდან ავიცილოთ ეს ვირუსი, აუცილებელია ჩვენი იმუნური სისტემის გამართული მუშაობა. ამისთვის მთავარია ჯანსაღი ცხოვრების წესი, რომელშიც მოიაზრება როგორც ჯანსაღი კვება, ისე ფიზიკური აქტივობა. გარკვეული რაოდენობით წყლის მიღება.

გულისხმობთ იმას, რომ პირი დატენიანებული უნდა იყოს, რათა ვირუსი კუჭში მოხვდეს და კუჭის სიმჟავემ მოსპოს?

- ეს მსოფლიო ექსპერტების ერთ-ერთი მოსაზრებაა, რომ ვირუსი ცხოვრობს მხოლოდ და მხოლოდ უჯრედში, სველ გარემოში კი ის ვერ ძლებს. აქედან გამომდინარე, პირი მუდმივად უნდა იყოს დატენიანებული, რომ ვირუსის შეჭრა უჯრედში არ მოხდეს და ნერწყვის გზით მოხდეს ვირუსის გადასვლა კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, სადაც ის მჟავე გარემოში იღუპება და მისი სიცოცხლისუნარიანობა აღარ არის, რაც ვირუსით ინფიცირებას ხელს უშლის. ამიტომ ყოველ 5-10 წუთში ერთხელ მივირთვათ წყალი იმისთვის, რომ პირის სიმშრალე არ განვითარდეს.

თუკი კუჭის მჟავა კორონავირუსს ანადგურებს, მაშინ რატომ გადადის ეს ვირუსი ფეკალიებითაც?

- მხოლოდ და მხოლოდ ცხოველების ფეკალიებია გამავრცელებელი ფაქტორი. ამიტომაც ერთ-ერთმა ჩვენმა კოლეგამ, ბატონმა თემურ მიქელაძემ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ამაღლებისკენ მოუწოდა იმ ადამიანებს, რომლებიც შინაურ ცხოველებს გარეთ ასეირნებენ, მათ აუცილებლად უნდა ატარონ სპეციალური ცელოფნები და საკუთარი ცხოველების ფეკალური მასებისგან გაწმინდონ ეზოები, ქუჩები, რადგან, ცხადია, ბავშვებს სახლში ვერ გამოვკეტავთ. ესეც იმუნური დეპრესიის ერთ-ერთი ფაქტორი იქნება. ბავშვებმა აუცილებლად სუფთა ჰაერზე უნდა ისეირნონ და ასეთ დროს ცხოველების ფეკალური მასებით ამ ვირუსის გავრცელება ძალიან საშიშია.

თქვენი რეკომენდაციაა, კვების პროდუქტები შედგებოდეს ცოცხალი რაციონისგან. უფრო კონკრეტულად, ჯანსაღ კვებაში რას გულისხმობთ?

- ჯანსაღი კვება მოიცავს დღის განმავლობაში, ყოველ სამ საათში გარკვეული საკვების მიღებას. რაციონში აუცილებლად უნდა იყოს ჩართული ხილი და ბოსტნეული, საუბარია ახალ ხილსა და ბოსტნეულზე. ანუ ე.წ „ფრეშ“ ხილსა და ბოსტნეულზე, რომელიც მდიდარია სხვადასხვა მიკრო-მაკრო ელემენტებითა და ვიტამინებით და ხელს უჯწყობს იმუნური სისტემის გამართულ მუშაობას. აქ უფრო აქცენტები უნდა გაკეთდეს ციტრუსზე, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს ცე ვიტამინს და იმუნური სისტემის გააქტიურებისთვის აუცილებელი კომპონენტია. რაც შეეხება ბოსტნეულს, ცე ვიტამინით მდიდარია ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო. დღის რაციონში მათი გამოყენება აუცილებელია.

ზოგიერთები ლიმონსა და გრეიფრუტს ვერ ეკარებიან, რადგან კბილის მინანქარს შლის.

- აქ არ არის საუბარი ლიმნის პირდაპირ მირთმევაზე, საუბარია ლიმნის წვენის გამოყენებაზე სალათებში, ლიმნის ჩაწურვაზე წყალში, რათა განეიტრალდეს მჟავიანობა. დღესდღეობით გვაქვს კივიც, რომელიც ასევე მდიდარია ცე ვიტამინით, კივიც შეიძლება გამოვიყენოთ კვების რაციონში, როგორც იმუნური სისტემის გამააქტიურებელი ერთ-ერთი პროდუქტი. რაც მნიშვნელოვანია, არ უნდა დაგვავიწყდეს ცილოვანი პროდუქტები, რადგან ცილები ის ნივთიერებებია, რომლებიც მნიშვნელოვანია იმუნური სისტემის გამართული მუშაობისთვის. მსოფლიო ნუტრიციოლოგები ცილოვანი პროდუქტებიდან გვირჩევენ, ძირითადად გამოვიყენოთ თევზის პროდუქტები და მარცვლოვანი, ანუ ლობიო, ბარდა, რომელიც მდიდარია ცილოვანი პროდუქტებით. ცხიმიანი, შემწვარი პროდუქტები, ასევე, კარაქი, რომელიც ქოლესტერინითაა გამდიდრებული, აზიანებს იმუნურ სისტემას და აქვეითებს მის დონეს, ვინაიდან ჭარბი წონის ერთ-ერთი გამომწვევია ჩვენს ორგანიზმში. ამიტომ ე.წ. ჯანსაღ ცხიმებს უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომელიც თხილეულშია. იმუნური სისტემის გასააქტიურებლად შეიძლება თხილის კარაქი გამოვიყენოთ. გარდა ამისა, გამოვიყენოთ მცენარეული ზეთები, კონკრეტულად კი ზეითუნის ზეთი. სხვათა შორის, რეკომენდაცია ნიორთან და მწვანე ხახვთან მიმართებთაც არსებობს, რომლებიც დიდი რაოდენობით შეიცავენ ისეთ ნივთიერებებს, რაც ააქტიურებს ჩვენს იმუნურ სისტემას.

მედიკოსთა ნაწილში აზრი იყოფა თაფლის მიღებასთან დაკავშირებით. ზოგიერთი მათგანი მიიჩნევს, რომ თაფლი ძნელად ასათვისებელია ორგანიზმისთვის.

- ბოლო პერიოდში ალერგიული ფონი ძალიან გააქტიურებულია ჩვენს საზოგადოებაში, თაფლი გახლავთ ერთ-ერთი ალერგიული პროდუქტი, გარდა ამისა, ის დიდი რაოდენობით შეიცავს ნახშირწყლებს. აქედან გამომდინარე, ვერ ვიტყვით იმას, რომ თაფლი ააქტიურებს იმუნურ სისტემას. შესაძლებელია, პირიქით, მან იმუნური სისტემის სუპრესია, დათრგუნვა გამოიწვიოს. თუმცა ე.წ. ფუტკრის რძე, დინდგელი იმუნური სისტემის ერთ-ერთი გამააქტიურებელი საშუალებაა. ამ პროდუქტისგან მიღებული სხვადასხვა მედიკამენტები, თუ უბრალოდ სახლში მიღებული ფუტკრის რძე კარგი იქნება.

საქართველოში ამ ვირუსით დაავადებული ერთი ადამიანი გამოჯანმრთელდა. მედიკოსები ამბობენ, რომ „კოვიდ 19“ ნაყოფზე არ მოქმედებს, მაგრამ არაა გამორიცხული, ამ ვირუსმა მამაკაცის ნაყოფიერებაზე იმოქმედოს.

- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გაიდლაინში, რომელშიც საუბარი იყო ორსულებსა და ახლადდაბადებულ ბავშვებზე, ნათლად იყო გამოცხადებული, რომ „კოვიდ 19“ მუცლად ყოფნის პერიოდში არ მოქმედებს ნაყოფის ზრდა-განვითარებაზე. გამორიცხული არ არის, მშობიარობის პერიოდში დედისგან ახალშობილს გადაეცეს აღნიშნული ვირუსი, მაგრამ დღემდე ამას ფატალური შედეგები არ მოჰყოლია, ვინაიდან, როცა დედას აქვს ეს ვირუსი, სისხლში გამომუშავდება გარკვეული ანტისხეულები, იმუნური სისტემა მზადყოფნაშია და ჩვილს, გარკვეულწილად, ამის მზაობა აქვს. ამიტომ ბავშვთა ასაკში ფატალურად არ დამთავრებულა არც ერთი შემთხვევა და შესაძლებელია, ამ ვირუსის ისეთნაირად გადატანაც მოხერხდეს, არანაირი გამოვლინება არ ჰქონდეს. მამაკაცის ნაყოფიერებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით აქცენტები არ არის გაკეთებული, მაგრამ არა მხოლოდ „კოვიდ 19“ ვირუსის, არამედ ნებისმიერი ვირუსის დროს, რომელიც ძალიან მაღალი ტემპერატურით მიმდინარეობს, ყოველთვისაა რისკი მამაკაცის ნაყოფიერებასთან დაკავშირებით. ეს არ ეხება მხოლოდ კორონავირუსს, ეს ეხება ნებისმიერ ვირუსს მაღალი ტემპერატურით.

 

 

 

Katana . ვერ გამოიყურება დამაჯერებლად ამ ახალგაზრდა დოქტორის ("დოხტურის", როგორც ოლღა ბებია იტყოდა) მოსაზრებები :)

1. "-- გულისხმობთ იმას, რომ პირი დატენიანებული უნდა იყოს, რათა ვირუსი კუჭში მოხვდეს და კუჭის სიმჟავემ მოსპოს?
-- ეს მსოფლიო ექსპერტების ერთ-ერთი მოსაზრებაა, რომ ვირუსი ცხოვრობს მხოლოდ და მხოლოდ უჯრედში, სველ გარემოში კი ის ვერ ძლებს."
"პირში" თუ მხოლოდ ტუჩები იგულისხმება - ჰო... მაგრამ თუ მთელი პირის ღრუ იგულისხმება, ის არასოდეს არ არის მშრალი! - ის, ნერწყვისაგან, მუდმივად სველია და წყლით ყოველ 5-10 წუთში დამატებითი "დასველება" რა ბაქტერიოციდულ უნარს შემატებს, გაუგებარია...

2. "-- თუკი კუჭის მჟავა კორონავირუსს ანადგურებს, მაშინ რატომ გადადის ეს ვირუსი ფეკალიებითაც?
- მხოლოდ და მხოლოდ ცხოველების ფეკალიებია გამავრცელებელი ფაქტორი."

რა გამოდის, ცხოველი არ გამოიმუშავებს კუჭის მჟავას და იქ მოხვედრილ კორონა ვირუსს საფრთხე არ ემუქრება? :))
წამიკითხავს: ფრინველის კუჭი ისეთ მჟავას გამოიმუშავებს, გადაყლაპულ კენჭებსაც კი შლისო და ძაღლის კუჭს რა სჭირს ამისთანა, უბრალო სინესტეში ვერგახარებულ კორონასაც რომ ვერ უმკლავდება?
4 წლის უკან