საყოველთაოდ გავრცელებული მოსაზრების თანახმად, მოსკოვის ინტერესია, რომ ყოფილი საბჭოთა ქვეყნების სათავეში მოვიდნენ ღია პრორუსული ორიენტაციის მქონე პარტიები. პოსტსაბჭოთა სივრცეში ამის საუკეთესო მაგალითს იძლევიან სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი და ყირგიზეთი, რომლებიც რუსეთმა ეკონომიკური პერსპექტივის არმქონე, თუმცა უფრო პოლიტიკური მიზნების მატარებელ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გააერთიანა.
ამგავრი მიდგომა, რომლის თანახმადაც მოსკოვის მიზანი მხოლოდ ის იყოს, რომ საბჭოთა ქვეყნების სათავეში მოვიდნენ ღიად პრორუსლული ორიენტაციის მქონე პარტიები, ჩემი აზრით, რეალურად არსებული ვითარების აშკარად გამარტივებული ხედვაა. სინამდვილეში, სხვადასხვა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში შექმნილი ვითარება არაერთგვაროვანია. შესაბამისად, აუცილებელია, რომ თითოეული ქვეყნის შემთხვევა ცალკე იქნეს განხილული.
ამ კუთხით, განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს საქართველო, რომელიც, მიუხედავად იმის, რომ აშკარად გამოკვეთილი ევრო-ატლანტიკური ორიენტაციით ხასიათდება (https://www.files.ethz.ch/isn/162767/52b05938ffcd3ea8b9c6d499e1515b35.pdf), მაინც ვერ არის თავისუფალი ე.წ. „პრორუსულობის“ ფენომენისგან. შედეგად, არა მარტო ძირითადი ოპოზიციური პარტიები („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისგან გამოყოფილი „ევროპული საქართველო“) ადანაშაულებენ სახელიუფლებლო პარტიას - „ქართული ოცნებას“ პრორუსულობაში, არამედ პირიქითაც - სახელისუფლებლო პარტია თვლის, რომ ეს ძირითადი ოპოზიციური პარტიები მოსკოვის თამაშს თამაშობენ და ამდენად პრორუსული ორიენტაციის მატარებლები (https://caucasusedition.net/nationalism-and-hegemony-in-post-communist-georgia/) არიან.
პოლიტიკური „განქორწინების“ მიუხედავად ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი განაყოფი „ევროპული საქართველო“ ადვილად პოულობს საერთო ენას, განსაკუთრებით „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. ამის დასტურია 2018 წელს მათ მიერ (სხვა მცირეზომიან ოპოზიციურ პარტიებთან ერთად) საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ერთიანი კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერა. ასე რომ, არც მომავალშია გამორიცხული ამ ორი, და სხვა მცირერიცხოვანი პარტიების ერთ საარჩევნო ბლოკში, თუ საპარლამენტო კოალიციაში გაერთიანება.
უმთავრესი არგუმენტი, რასაც ოპოზიცია იყენებს „ქართული ოცნების“ პრორუსულობის დასამტკიცებლად არის ის, რომ ამ პარტიის დამფუძნებელი და თაავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მილიარდერი რუსეთში გახდა, და, რომ დღესაც მას ისევ მართავს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რაშიც ოპოზიციამ „ქართული ოცნების“ მიერ სასამართლო და საარჩევნო სისტემების რეფორმირებაში დაშვებული შეცდომების გამო საქართველოს მეგობარი ამერიკელი კოლეგებიც კი დაარწმუნა.
„ქართული ოცნების“ მხრიდან კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და მისგან გამოყოფილი პარტიების პრორუსულობის ბრალდება ეფუძნება იმას, თუ როგორ დაეხმარა ვლადიმერ პუტინი სააკაშვილს 2003 წლის ვარდების რევოლუციის განხორციელებასა (https://www.rferl.org/a/Bloom_Off_Rose_In_Georgia/1351943.html) და 2004 წელს აჭარის პრობლემის მოგვარებაში (https://www.rferl.org/a/1052653.html), საქართველოს სტრატეგიული ობიექტების რუსეთისთვის გადაცემაში (https://www.project-syndicate.org/commentary/russia-s-economic-imperialism?barrier=accesspaylog), 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაშვებული შეცდომების (https://www.theguardian.com/world/2009/sep/30/georgia-attacks-unjustifiable-eu) გამო.
იმის გათვალისწინებით, რომ 2020 წლის შემოდგომაზე საპარლამენტო რესპუბლიკის კონსტიტუციური მოდელის მქონე საქართველოში უნდა ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები, დიდი მნიშვნელობა აქვს იმის გარკვევას, თუ რას ელის მოსკოვი ამ არჩევნებში, როგორი პოლიტიკური ძალების მოსვლა აწყობს მას საქართველოს ხელისუფლებაში.
ოპოზიციის მოსკოვისეულ „პოლიტიკურ მენიუში“, რომელიც საქართველოსთვისაა განკუთვნილი, მრავალფეროვანი არჩევანია: ღია პრორუსული ორიენტაციის მქონე პარტია „დემოკრატიულ მოძრაობა“, პატრიოტულ მოტივებზე დაფუძნებული და იმავდროულად რუსეთთან აქტიური თანამშრომლობის მომხრე „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, და საჯაროდ გაცხადებული პროდასავლური ორიანტაციის მქონე პარტიები „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“. საყურადღებოა, რომ სახელისუფლებლო პარტია - „ქართული ოცნება“ საჯაროდ ასევე პროდასავლურ ორიანტაციას აღიარებს.
ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ამ პოლიტიკური „ლანდშაფტიდან“ ერთობ ამოვარდნილია ახალდდაფუძნებული პარტია „ლელო“, რომელიც თავის მოწოდებებით ღიად პროდასავლურია და თანაც მის წარსულს პოლიტიკური „ტვირთი“ დიდად არ ამძიმებს. იმავდროულად გასათვალისწინებელია, რომ ამ პარტიის დამფუძნებლები და ლიდერები არიან საქართველოს იმ ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის ხელმძღვანელები, რომელიც ქვეყანაში აღქმულია, როგორც არაერთი ადამიანის გაკოტრებაში უმთავრესი „დამნაშავე“. აქედან გამომდინარე, პარტია „ლელოს“, სავარაუდოდ, გაუჭირდება საპარლამენტო არჩევნებში სერიოზული წარმატების მიღწევა.
თუკი გამოვალთ იმ გავრცელებული მოსაზრებიდან, რომ მოსკოვის მიზანი არის ხელისუფლებაში ღია პრორუსული ორიენტაციის მქონე პარტიის მოსვლა, მაშინ გამოდის, რომ კრემლმა უდიდესი შეცდომა დაუშვა, როცა 2019 წლის ბოლოს ხელი არ შეუწყო ქართველ ამომრჩეველში პარტია „დემოკრატიულ მოძრაობის“ პოპულარობის ზრდას. კერძოდ, 2019 წლის ნოემბერში საოკუპაციო ხაზის გადაკვეთისთვის უკანონოდ დაკავებული ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად ამ პარტიის თავმჯდომარემ, ქ-ნმა ნინო ბურჯანაძემ დეკემბერში მოსკოვში ვიზიტის შემდეგ სრული დამაჯერებლობით საჯაროდ განაცხადა, რომ მოსკოვი ექიმს უკანონო პატიმრობიდან არაუგვიანეს 13 დეკემბრისა გაათავისუფლებდა. ეს რომ მართლაც ასე მომხდარიყო ქ-ნ ნინო ბურჯანაძის და მისი პარტიის ავტორიტეტი და პოპულარობა ამომრჩეველში აშკარად გაიზრდებოდა.
სინამდვილეში კი, ეს ასე არ მოხდა და საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმი მხოლოდ 28 დეკემბერს იქნა გათავისუფლებული. სხვა სიტყვებით, 28 დეკემბერს ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლება ვერანაირად ჩაითვლება ქ-ნ ნინო ბურჯანაძის დამსახურებად.
რას გვასწავლის ეს შემთხვევა?
მოსკოვის ინტერესში რომ იყოს ღიად პრორუსული პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერა, ის არ მოატყუებდა ქ-ნ ნინო ბურჯანაძეს და როგორც შეპირდა მას, ექიმ გაფრინდაშვილის არაუგვიანეს 13 დეკემბრისა გაათავისუფლებდა. ეს კი სულაც არ უნდა იყოს გასაკვირი, თუკი გავითვალისწინებთ შემდეგ გარემოებას:
იმ შემთხვევაში, თუ კი ღიად პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკური პარტია მოვა საქართველოს ხელისუფლებაში, მაშინ მოსკოვი იძულებული გახდება თბილისთან მიმართებაში წავიდეს გარკვეულ დათმობებზე, უწინარეს ყოვლისა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართულებით. ესკი მოსკოვის ინტერესებში ნამდვილად არ შედის. რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტი და ეს მისთვის სავსებით საკმარისია საქართველოში საჭიროების შემთხვევაში გამოიწვიოს დესტაბილიზაცია.
ამიტომ, მოსკოვს ურჩევნია ღიად პრორუსული პარტიები უკეთეს შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილ იყვნენ შედარებით მცირე ფრაქციებით, ხოლო თუ ეს ასე არ იქნება, არც ეს იქნება კრემლისთვის დიდად დასანანი...
მოსკოვისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია საქართველოში სტაბილურად შეინარჩუნოს არასტაბილური პოლიტიკური სიტუაცია, რაც შეაფერხებს ქართული სახელმწიფოს განმტკიცებას და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. სტაბილურად არასტაბილურ მდგომარეობაში მყოფი საქართველოს გაწევრიანება ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში კი პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება.
მოსკოვის მიზანია, რომ იმის მიუხედავად, თუ როგორ ჩატარდება და რა შედეგით დასრულდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, ამან ხელი უნდა შეუწყოს საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის გამწვავებას, პოლიტიკურ პარტიებს შორის შეურიგებელ დაპირისპირებას. ამ მიზნის მისაღწევად მოსკოვი ნებისმიერ ხერხს გამოიყენებს, მათ შორის მისთვის უკვე ტრადიციულ კიბერშეტევებსაც. კიბერშეტევა, რომელიც საქართველოზე 2019 წლის შემოდგომაზე განხორციელდა (https://edition.cnn.com/2020/02/20/politics/russia-georgia-hacking/index.html), სულაც არ არის გამორიცხული ჩაითვალოს „გენერალურ რეპეტიაციად“ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ჩასარევად.
კრემლის არსენალში სიტუაციის დესტაბილიზაციისათვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც უნდა იქნეს მოაზრებული. მისი ფაქტორი წარმატებით გამოიყენება, როგორც საქართველოში, ისე უკრაინაშიც, იმის და მიხედვით, თუ, სად, როდისაა სიტუაციის გამძაფრება აუცილებელი.
იმისთვის, რომ საქართველომ თავი დააღწიოს მოსკოვის „პოლიტიკურ ხაფანგს“ და ქვეყანას თავიდან ააცილოს მორიგი დესტაბილიზაცია, აუცილებელია, რომ მთავრობამ ყოველგვარი გაყალბებების გარეშე, მაქსიმალურად დემოკრატიულად და სამართლიანად ჩაატაროს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, ხოლო ოპოზიციამ იქონიოს მხედველობაში, რომ დესტაბილიზაცია საქართველოში, უწინარეს ყოვლისა, კრემლის ინტერესებშია.
ამ კუთხით დამაიმედებელია თბილისში აკრედიტებული ზოგიერთი ქვეყნის (აშშ, ევროკავშირი, გერმანია, და სხვ.) საელჩოს აქტიური მონაწილეობით 8 მარტს მიღწეული შეთანხმება დაპირისპირებულ პარტიებს შორის (https://civil.ge/ka/archives/341390) 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სისტემასთან დაკავშირებით.