საქართველოს ხელისუფლება იმედოვნებს, რომ, თუკი მედიკოსთა რეკომენდაციებს დავიცავთ, თავიდან ავირიდებთ საგანგებო მდგომარეობას, ისეთს, როგორიც ახლა იტალიაშია გამოცხადებული.
საკუთარ ბინებში გამოკეტილი იტალიელები საგანგებო მდგომარეობას სიმღერით ხვდებიან და ერთმანეთს სახლებიდან ამხნევებენ. ეს ყველაფერი იმ დრამატული სურათის ფონზე ხდება, როცა იტალიელები ყოველდღიურად ხედავენ მათი კორპუსებიდან როგორ გაჰყავთ მედიკოსებს კორონავირუსით დასნეულებული ადამიანები.
იტალიელები იმ შეზღუდვებზეც საუბრობენ, რაც საგანგებო მდგომარეობამ მოიტანა. ისინი იძულებულნი არიან, სპეციალური ფორმა შეავსონ და განაცხადონ, რა მიზნით გადიან ბინიდან და სად აპირებენ გადაადგილებას. თუკი პოლიცია ამ წერილობითი ახსნა-განმარტებით არ დაკმაყოფილდება, მას შეუძლია, ქუჩაში გასული პიროვნება დააკავოს, ან დააჯარიმოს. შევსებული ფორმა ქუჩაში გამსვლელს თან უნად ჰქონდეს. შეზღუდვები მოქმედებს მაღაზიებშიც. იტალიელები მაღაზიაში მარტო შედიან, სასეირნოდაც მხოლოდ მარტონი გადიან. ისინი კანონმორჩილებას არ არიან შეჩვეულნი, მაგრამ კორონავირუსის შიშით ამ ინსტრუქციებს ზედმიწევნით ასრულებენ.
მხოლოდ იტალიელები არ არიან ამ შეზღუდვაში. კორონავირუსის პანდემიის გამო დონალდ ტრამპმა თავის ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და კორონავირუსის ინფექციასთან ბრძოლისთვის 50 მილიარდი დოლარი გამოყო.
იმ შემთხვევაში, თუ ჩვენს ქვეყანაშიც კორონავირუსის ეპიდემიური გავრცელება დაფიქსირდება, საქართველოს ხელისუფლება საგანგებო სიტუაციას გამოაცხადებს. ეს კი ნიშნავს, რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მოქალაქეების თვითიზოლაცია სახლებში.
პრემიერ გიორგი გახარიას 13 მარტის განცხადებით, იგი ამ ეტაპზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხდების აუცილებლობას ვერ ხედავს. თუმცა, მისივე თქმით, ღონისძიებები, რასაც ითვალისწინებს საგანგებო მდგომარეობა, ნაწილობრივ უკვე დაწყებულია. მაგალითად, სასწავლო დაწესებულებებში სწავლის შეჩერება, მასობრივი ღონისძიებების აკრძალვა.
რაც შეეხება საქართველოს კონსტიტუციას, აქ ტერმინი „ეპიდემია“ 71-ე მუხლშია ნახსენები და საგანგებო და საომარ მდგომარეობას ეხება. მუხლის მეორე პუნქტში რამდენიმე მიზეზია ჩამოთვლილი, რომლის დროსაც ხელისუფლების ორგანოები მოკლებულნი არიან კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობას. ასეთი მიზეზებია: მასობრივი არეულობა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა, სამხედრო გადატრიალება, შეიარაღებული ამბოხება, ტერორისტული აქტი, ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფა, ან ეპიდემია.
საგანგებო მდგომარეობა მოქალაქეებისთვის შემდეგ შეზღუდვებს ითვალისწინებს: მათ ეკრძალებათ ოფიციალურად გაცემული საშვებისა და პირ ადობის დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე თავიანი ბინის ფარგლებს გარეთ გავიდნენ. წესის დამრღვევ პირებს დააკავებს პოლიცია ან პატრული; იზღუდება სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა; უნდა შემოიღონ კარანტინი და განახორციელონ სანიტარულ-ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები; დააწესონ სახელმწიფო და კერძო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მუშაობის განსაკუთრებული რეჟიმი.
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი ლაშა უჩავა დასაშვებად და ნორმალურად მიიჩნევს. For.ge-სთან საუბრისას ის აცხადებს, უფრო ადრეც რომ ყოფილიყო საკარანტინო ზონები შექმნილი, შესაძლოა, არც დაფიქსირებულიყო კორონავირუსის შიდა გადაცემის ფაქტი.
მისივე შეფასებით, საქართველოში მაინც ადრეულად მოხდა საგანგებო სიტუაციის გამოცხადება. ჩვენგან განსხვავებით, 13 მარტს, ანუ ბევრად დაგვიანებით გამოაცხადა საგანგებო სიტუაცია დონალდ ტრამპმა. გარდა ამისა, სანამ, დაიწყებოდა კორონავირუსის გავრცელება და მხოლოდ ჩინეთში გვხდებოდა მსგავსი ფაქტები, საქართველო უკვე მზადყოფნაში იყო ვირუსის დაიაგნოსტირების მხრივ, რაც მნიშვნელოვანი იყო.
„საქართველოში დღეს არ არის საგანგებო მდგომარეობა, უბრალოდ, ეს არის საგანგებო სიტუაცია, რაც ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავდება. საგანგებო მდგომარეობა ვითარდება სახელმწიფოებს შორის მძიმე პოლიტიკური დაპირისპირების, ან ომის პერიოდში, საგანგებო სიტუაცია კი ითვალისწინებს კონტროლის გამკაცრებას, რაც დღესდღეობით ისედაც მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში. ცხადია, ასეთი სიტუაცია ცოტა რთულია, მაგრამ აუცილებელია სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლება. ჩვენ თუ ჩამოვდივართ ე.წ. აგრესიული ქვეყნებიდან, ანუ იმ ქვეყნებიდან, რომლებიც საშიშად გამოცხადდა, ნებისმიერი აეროპორტის გავლის შემდეგ აუცილებელია საკარანტინო პერიოდის დაცვა, ეს იქნება თვითიზოლაციით, თუ საკარანტინო ზონაში გადაყვანით“,-აღნიშნა ლაშა უჩავამ.
ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ, თუ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება, ჩვენი მოსახლეობა ამას გაგებით შეხვდება და დაემორჩილება საერთო წესებს. ჩვენი ხალხი არ არის უჭკუო და უპასუხისმგებლო. უბრალოდ, საქართველოს მოსახლეობას ბოლო 30 წელია, ძალიან უბედურ სიტუაციაში მოუწია ცხოვრება, ბევრჯერ ენდო ხელისუფლებას მაშინ, როცა არ შეიძლებოდა ყველა ხელისუფლებისადმი ასეთი დიდი ნდობა ყოფილიყო.
„დღეს კი ჩვენ უნდა ვენდოთ საკუთარ მთავრობას, რომელსაც, სავარაუდოდ, იმდენად სრულყოფილი ინფორმაცია ექნება, რომ, თუ კლანურ ინტერესს არ დაექვემდებარებიან თავიანთ გადაწყვეტილებებში, საგანგებო მდგომარეობა მაშინ უნდა გამოაცხადონ, როცა ეს აუცილებელია. უფრო მეტიც, საგანგებო მდგომარეობა უნდა გამოცხადდეს მაშინ, სანამ ამის აშკარაობა გამოიკვეთება, თორემ ურემი რომ გადაბრუნდება, მერე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება სწორი არ იქნება. ღმერთმა არ მიიყვანოს საქართველოში მკაცრ აკრძალვებამდე საქმე, თუმცა გამორიცხული არაფერია. ფაქტობრივად, იტალია უზარზმაზარი ომის წინაშეა, რა მნიშვნელობა აქვს, გბომბავენ, თუ გარეთ გადიხარ და ვირუსდები?! საშინელი სიტუაციაა იტალიაში, ამ ფანტასტიკურ ქვეყანაში, საოცარი, ცოცხალი და არაჩვეულებრივი ხალხით, რომელიც ახლა პანიკაშია. კიდევ უფრო გაიზარდა სიკვდილიანობა, არ მცირდება დაავადებები და მთელ ევროპაში ძლიერდება ეს ტენდენცია“.
მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაცია „ეტიკის“ ხელმძღვანელი ამირან შენგელია For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ, ქართული მენტალიტეტიდან გამომდინარე, დაჯერება არავის გვინდა, რომ კორონავირუსი შეიძლება ნებისმიერ ადამიანს შეეყაროს. იტალიელებიც ჩვენსავით არიან, დაუჯერებელები და იმიტომ აქვთ ასეთი პრობლემები.
„ტერმინ „თვითიზოლაციას“ თავი დავანებოთ, უფრო სწორი სიტყვაა „თვითდისციპლინა“. თუკი თვითდისციპლინას შევძლებთ, ამით დავიცავთ ჩვენს თავსაც და ახლობლებსაც. ძალიან კარგია, ახალგაზრდა მოხალისეთა ჯგუფები იზოლირებულ ადამიანებზე მზრუნველობენ. ასეთი კარგი ახალგაზრდები გვყავს, ამ დროს კი იტალიიდან 200 კაცი რომ შემოდის, არც კი სურთ, გაჩერდნენ და გაიარონ კარანტინი. არადა, საქართველოში ეს ადამიანები რომ შემოვლენ, საკუთარ ახლობლებს მაინც ხომ გადაეხვევიან? თავისი ახლობლების საკეთილდღეოდ მაინც გაიარონ კარანტინი. ცოტა სიმკაცრეა საჭირო. მკაცრი გამოცდა მოგვიწყო უფალმა. მეც მყავს შვილები, შვილიშვილები, სახლში ვართ ჩაკეტილი. თუ ვინმეს ვირუსი აქვს, რატომ უნდა გადასდოს სხვას?! არც ის მიმაჩნია სწორად, ცალკეული ადამიანები უამრავ საკვებს რომ იმარაგებენ და სხვებს არაფერს უტოვებენ. უბრალოდ, დავფიქრდეთ, რამდენი საკვები უნდა მოვიმარაგოთ? თორემ ახლა მინიმალური საკვები ყველას აქვს მომარაგებული“, - აცხადებს ამირან შენგელია.