თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის იძულებით კარანტინში კიდევ 10 ადამიანი გადაიყვანეს

თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის იძულებით კარანტინში კიდევ 10 ადამიანი გადაიყვანეს

შსს-ს და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, თვითიზოლაციის წესების დარღვევის ბოლო 24 საათში 10 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

თბილისიდან, ასევე კახეთის, ქვემო ქართლის, აჭარის, გურიის და იმერეთის რეგიონიდან 10 მოქალაქე, რომლებმაც თვითიზოლაციის წესები დაარღვიეს იძულებით საკარანტინო ზონაშია მოთავსებული.

ამ დროისათვის, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში იძულების წესით ჯამში 22 ადამიანია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მონიტორინგს საქართველოს მასშტაბით აქტიურად აგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და პატივი სცეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის გადაწყვეტილებებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ აღნიშნულ რეგულაციებს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.