ტექნოლოგიური ერის დასაწყისად მეორე მსოფლიო ომის და შემდგომი პერიოდია მიჩნეული (აქტიური განვითარება მე–19 ს.–დან იწყება). მიუხედავად ამისა, სწორედ მეორე მსოფლიო ომის დროიდან უპრეცენდენტო ცვლილება და გარდატეხა ხდება ადამიანის ფსიქიკაში, მომხმარებლური ტიპის აზროვნება ხდება დომინანტი და პარადიგმული, ტექნიკის საუკუნეში. გიუნთერ ანდერსი, გერმანელი ფილოსოფოსი, რომელმაც ნაცისტური რეჟიმისგან ამერიკას შეაფარა თავი, წერდა: ჰაიდეგერისგან მე ვისწავლე ის, რომ ადამიანი ყოფიერების მწყემსია (მოძღვარია), მაგრამ დღეს მეჩვენება, რომ ის „მანქანათა მწყემსი“ უფროა. მანქანის, რომელიც გონებრივად ისეა აღჭურვილი, რომ ჩემსას (გონებას) აღემატება. ასე რომ, მე „პრომეთესეულ სირცხვილს“ ვგრძნობ, როცა მანქანების მუშაობას ვუყურებ“.
ანდერსს მიაჩნდა, რომ ნაცისტურმა რეჟიმმა ბევრად რადიკალური და ტრაგიკული გადატრიალება მოახდინა ფსიქიკაზე და შესაბამისად, – მენტალობაზე, ვიდრე 6 მილიონი ებრაელის განადგურება იყო. მას მხედველობაში ქონდა გარდამავალი პერიოდი „ქმედებიდან კეთებაზე“, რაც გულისხმობდა გარკვეულ ქმედებათა მარტივ თანმიმდევრობათა სისრულეში მოყვანას „ჩვეულებრივი მიზნების შესაბამისად“, მაგრამ ეს „კეთება–ქმედება“ შემოისაზღვრება კონკრეტული ლოკალური ამოცანების შესრულებით, – სუბიექტი არ ინტერესდება საბოლოოდ ვის მიზანს ემსახურება, თუმცა, რომც იცოდეს, მას ეხსნება პასუხისმგებლობა, რადგან პირადი პასუხისმგებლობის ზონა მხოლოდ „თითზე ღილაკის დაჭერით“ შემოიფარგლება. ნიურნბერგის პროცესზე, როცა გენერლებს უსვამდნენ პასუხისმებლობის შესახებ კითხვებს, ისინი თავდაჯერებით ამაყად პასუხობდნენ: „მე უბრალოდ ვასრულებდი ბრძანებას“. სწორედ ანდერსმა უწოდა ნაციზმს „პროვინციული თეატრი“. მისი აზრით, ნაცისტებმა ჩაატარეს მსოფლიო რეპეტიცია ტექნოლოგიური საუკუნის შესაძლო ეფექტებზე დასაკვირვებლად, როდესაც „მოქმედებიდან“ გადასვლა მოხდა „კეთებაზე“. საკუთარი პასუხისმგებლობა კი მარტივად იქნა დაყვანილი „უბრალო ამოცანის“ შემსრულებლის როლზე – იგი ამას „წმინდა კეთებას“ უწოდებს. ხოლო როდესაც გერმანელ–უნგრული წარმოშობის ინგლისელმა მწერალმა და ჟურნალისტმა ქალმა, გიტა სერენიმ ფრანც სტანგლთან ინტერვიუში (სტანგლი ცნობილი ტრებლინკის ბანაკებს ლიდერობდა, ეს იყო ოკუპირებულ პოლონეთში სოფელ ტრემბლინკთან განლაგებული ორი ბანაკი. მსხვერპლშეწირვით აუშვიცს უთმობდა პირველ ადგილს) მას ასეთი კითხვა დაუსვა: როგორ კლავდა ერთ დღეში 5000 ადამიანს და რას განიცდიდა ამ დროს, სტანგლმა ვერც კი გააცნობიერა კითხვის სერიოზულობა (ფონის უგრძნობლობა–დაბალი EQ) და მონოტონური ტონით განაგრძო, რომ ყოველდღიურად ბანაკში 3000 ადამიანი შედიოდა, ამიტომ აუცილებელი იყო ადგილების გამოთავისუფლება, რადგან დანარჩენი 2000–ის მიღებაც შესაძლებელი ყოფილიყო. თვითონ კი „უბრალოდ ასრულებდა სამუშაოს“.
საინტერესოა პოლ ტიბეტსთან დაკავშირებული ფაქტიც (პილოტი, რომელმაც ჩააგდო ბომბი ჰიროსიმაში). უკვე მოგვიანებით, როდესაც მას ანდერსის 60 გვერდიანი წერილი შეახსენეს (მან უპასუხოდ დატოვა მაშინ გიუნთერ ანდერსი, რომელიც ცდილობდა გაერკვია საიდან ეყო პილოტს ძალა და მოტივაცია, გაენადგურებინა სრულიად უცნობი ადამიანები, ის ხომ ცხადად ხედავდა შედეგსაც) და კითხეს: რას იტყოდა ანდერსის მისამართით, უპასუხა: „ეს ჩემი სამუშაო იყო“. პოლ ტიბეტსი თავს ბოლომდე კარგ პილოტად თვლიდა, რადგან იცოდა, როდის და რომელი ღილაკისთვის დაეჭირა თითი (ფონის უგრძნობლობა–დაბალი EQ). ლოკალური ტექნიკური კომპეტენტურობა–სულ ეს იყო საჭირო „წარმატებისთვის“. სწორედ სიტყვა „სამუშაო“, რომელიც დღემდე მხოლოდ პოზიტიური კონოტაციით გვესმის, ტექნოლოგოიურ ერაში საკმაოდ საშიშ იერს იძენს, რადგან ბრძანების შესრულებით ამოიწურება მისი პასუხისმგებლობა და „წარმატების საიდუმლო“. ამდენად, დგება ძალიან რთული ტიპის კითხვების კასკადი. მაგალითად, რა დავარქვათ ადამიანებს, რომლებიც (ჰიპოთეტურად) ასაფეთქებელი მოწყობილობების ქარხანაში მუშაობენ: მუშები, შემსრულებლები, ამორალურები თუ გაჭირვებულები? ეს მხოლოდ ერთ–ერთია იმ უამრავი პასუხგაუცემელი კითხვიდან, რომლის პირისპირ უკვე დღეს ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება აღმოჩნდეს.