რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო მატჩს საქართველოს ნაკრები რუსეთთან მაყურებლის გარეშე გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილება ახალ კორონავირუსს უკავშირდება.
„ძვირფასო მეგობრებო, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ ყოველდღიური კონსულტაციები გვაქვს როგორც, საქართველოს მთავრობასთან, ასევე დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან.
არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 14 მარტს, საქართველოსა და რუსეთის მატჩი გაიმართოს მაყურებლის გარეშე. ყველამ, ვინც უკვე შეიძინეთ მატჩზე დასასწრები ბილეთები, გთხოვთ მიმართოთ TKT.GE-ს თანხის დასაბრუნებლად.
კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს შექმნილი მდგომარეობის გამო და დიდ მადლობას გულშემატკივრობისთვის“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
რაგბი ევროპის ჩემპიონატის სპონსორია „თიბისი“. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას კი ტელეკომპანია „იმედი" ექსკლუზიურად ახორციელებს. პირდაპირი ტრანსლაცია 14 მარტს 16:00 საათზე დაიწყება.
საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით 24 ადამიანია დაინფიცირებული. პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.