„მსოფლიოსა და ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება, სფფ-ის ეგიდით გამართული ყველა ჩემპიონატის, მათ შორის, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის, ლიგა 3-ის, ასევე ასაკობრივი ჩემპიონატების 1-ელ აპრილამდე შეჩერების თაობაზე“, - ნათქვამია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ფეხბურთის ფედერაციის განმარტებით, მათი მთავარი პრიორიტეტი ფეხბურთელებისა და გულშემატკივრის ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა. კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 126 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 46 პაციენტი რჩება.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.
ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
2020 წლის 30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. 9 მარტს კი, ჯანმოს დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსიმ განაცხადა, რომ ახალი კორონავირუსის პანდემიის საფრთხე რეალური გახდა.