ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ლარნაკას აეკ-თან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ქართველი სპეციალისტის განცხადებით, მისმა გუნდმა ბოლო პერიოდში წარუმატებელი მატჩების ფონზე პოზიცია დაკარგა, თუმცა, ჩემპიონობისთვის ბრძოლაში რჩება.
ქეცბაიამ ჯანო ანანიძის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართველ შემტევს დრო სჭირდება.
„ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ ძლიერი გუნდის წინააღმდეგ. არ უარვყოფ, რომ არ ვართ იმ სიტუაციაში, რომელშიც ადრე ვიყავით, რაც რა თქმა უნდა, ჩვენი ცუდი შედეგებითაა გამოწვეული. ეს პერიოდი ჩვენთვის ადვილი არ იყო, მაგრამ ისევ აქ ვართ, სამი ქულა მოვიპოვეთ და „ომონიასთან“ ერთად ლიდერები ვართ.
ანანიძე? მე ვიცი მისი შესაძლებლობები და ვიცი, რომ ნდობა და სათამაშო დრო სჭირდება. ვიმედოვნებთ, ჩვენი ფეხბურთელები საუკეთესო ფორმას დაიბრუნებენ“, - თქვა ქეცბაიამ.
შეგახსენებთ, „ანორთოსისი“ კვიპროსის ჩემპიონატს 23 ტურის შემდეგ 46 ქულით ნიქოზიის „ომონიასთან“ ერთად ლიდერობს. ბოლო ტურში ფამაგუსტელებმა ლარნაკას აეკ-ი 3:0 დაამარცხეს და ერთი გოლი თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა.