იტალიური „მილანი“ და მილანის ფონდი რეგიონალური გადაუდებელი სასწრაფო დახმარების კომპანიას 250 ათასი ევროს ოდენობით დაეხმარება.
ხსენებული კომპანია ლომბარდიის რეგიონში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაშია ჩართული და „როსონერის“ ხელმძღვანელობამ შემოწირულობა გაიღო.
„ცხოვრებაში უფრო მნიშვნელოვანი რამეც არსებობს, ვიდრე ფეხბურთია. უნდა ვიზრუნოთ მათზე, ვინც ყველაზე მეტად დაუცველია და უნდა ვიმოქმედოთ მაქსიმალური პასუხისმგებლობით. მე კლუბის სახელით ვამაყობ და მხარს ვუჭერ ყველას, ვინც საგანგებო სიტუაციებთან გამკლავებისთვის მუშაობს. საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. „მილანი“ უფრო მეტია, ვიდრე საფეხბურთო კლუბი, ჩვენ ვიზრუნებთ საზოგადოებაზე“, - თქვა „მილანის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ივან გაზიდისმა.
აქვე გეტყვით, რომ იტალიურმა გრანდმა გულშემატკივრებს „ჯენოასთან“ მატჩში შეძენილი ბილეთების თანხა აუნაზღაურა (თამაში უმაყურებლოდ ჩატარდა).
შეგახსენებთ, იტალიაში სპორტული აქტივობები 3 აპრილამდე შეწყდა, მათ შორის სერია A-ს მიმდინარე სეზონი. მთელი იტალია წითელ ზონად გამოცხადაა, რადგან ბოლო 24 საათში კორონავირუსით დაინფიცირებულ და გარდაცვლილთა რაოდენობა სარეკორდოდ გაიზარდა.