შენგელიამ შერმადინს აჯობა

შენგელიამ შერმადინს აჯობა

ესპანეთის ლიგა ენდესას XXIII ტურში ქართული დერბი შედგა, თორნიკე შენგელია გიორგი შერმადინის წინააღმდეგ. მიმდინარე სეზონში „იბეროსტარ ტენერიფე“ უკეთ ირჯება, მაგრამ დღეს „ბასკონიამ“ იძალა და დამაჯერებლად, 75:58 იმარჯვა.

ვიტორიელებმა პირველი და ბოლო მეოთხედი თითო ქულის სხვაობით წააგეს, მაგრამ სამაგიეროდ, მეორე-მესამე პერიოდები იმდენად კომფორტული სხვაობით მოიგეს, რომ მათ გამარჯვებაში ეჭვი არავის შეუტანია.

თორნიკე შენგელიამ 24:45 წუთში 11 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 4-დან 2 ორქულიანი (50%) და 8-დან 7 საჯარიმო (88%) ჩააგდო, ხოლო ორი სამქულიანი ააცილა (0%). შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 17-ს გაუტოლდა, რაც მხოლოდ გიორგი შერმადინზე და თანაგუნდელ ლიმანე დიოპზე (19) დაბალი შედეგი გამოდგა.

რაც შეეხება შერმადინს, ქართველმა ცენტრმა 25:08 წუთში 16 ქულა, 9 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა, შედეგად ორმაგ დუბლამდე ერთადერთი მოხსნა დააკლდა. გიორგიმ 11-დან 7 ორქულიანი (64%) და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 20-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო, თუმცა, რადგან „იბეროსტარმა“ წააგო, ჩვენებური MVP-ის ტიტულის გარეშე დარჩა.

„ბასკონიამ“ ზედიზედ მესამე თამაში მოიგო და პლეი-ოფის ზონაში შეაბიჯა. ვიტორიელებს 12 მოგების წილ 11 წაგება აქვთ და მერვე ადგილზე არიან, ხოლო მომდევნო ტურში 15 მარტს, „ვალენსიას“ ესტუმრებიან. „იბეროსტარ ტენერიფე“ კი 14 გამარჯვებით და 8 მარცხით იწონებს თავს, რაც მეოთხე შედეგია. შერმადინი და მისი თანაგუნდელები 14 მარტს, ბექა ბურჯანაძის „გრან კანარიას“ სტუმრად დაუპირისპირდებიან.