„თუ „ოცნება“ საარჩევნო ბარიერს 0%-1%-მდე დასწევს, მაშინ ძალიან ბევრი პატარა პარტია წამოვა გაერთიანებული ოპოზიციიდან და დამოუკიდებლად იყრის კენჭს“

„თუ „ოცნება“ საარჩევნო ბარიერს 0%-1%-მდე დასწევს, მაშინ ძალიან ბევრი პატარა პარტია წამოვა გაერთიანებული ოპოზიციიდან და დამოუკიდებლად იყრის კენჭს“

ოპოზიციისა და ხელისუფლების ნერვების ომი ფინალს უახლოვდება. ოპოზიცია აცხადებს, რომ ერთადერთი სწორი, მათემატიკურად გამართული თანაფარდობა 130/20-ზეა და მათთვის ეს ერთადერთი მისაღები ვარიანტია, სხვა დანარჩენი კი სადღეგრძელოს ჰგავს. ახლა ჯერი ხელისუფლებაზეა, დათანხმდება თუ არა ოპოზიციის შემოთავაზებას.

რისი დათმობა შეუძლია ხელისუფლებას, ამის შესახებ For.ge-ს კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი ესაუბრა.

არსებობს სხვადასხვანაირი თანაფარდობები, მათ შორის, ოპოზიციისთვის სანუკვარი 130/20-ზე თანაფარდობა, მაგრამ რაზეა წამომსვლელი ხელისუფლება, დათანხმდება მაჟორიტართა რაოდენობის მკვეთრ შემცირებას და პროპორციულად ასარჩევთა რაოდენობის გაზრდას?

- ხელისუფლება, ალბათ, წავა მაჟორიტართა შემცრებაზე და პროპორციული სიით ასარჩევთა რაოდენობის გაზრდაზე, მაგრამ ეს არ იქნება 110-ზე მეტი, ანუ 110/40-ზე - ასეთი იქნება შეთავაზება ხელისუფლების მხრიდან.

ეს ბოლო დათმობა იქნება ხელისუფლების მხრიდან?

- იმ დაპირებიდან გამომდინარე, რომელიც თავის დროზე იქნა მიცემული საზოგადოებისთვის, რა თქმა უნდა, ეს არ არის დიდი დათმობა, მაგრამ სიტუაცია ახლა ცოტა განსხვავებულია. თუ ჩვენ გვინდა, სამართლებრივ ჩარჩოში მოექცეს მომავალი არჩევნები, არ დადგეს მისი არალეგიტიმურობის საკითხი, არ მოჰყვეს ამას არასასურველი მოვლენები, არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადება და არ დავკარგოთ ჩვენი პარტნიორების ნდობა, ალბათ, რაღაც შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ. ჩემი აზრით, ხელისუფლებას ესმის, ხელისუფლებამ გააცნობიერა, რომ არ ღირს სიტუაციის ესკალაცია. ალბათ, გარკვეულ დათმობებზე წავლენ, მაგრამ, მე ვფიქრობ, ეს დათმობა 110-ზე ზემოთ არ ავა, მით უმეტეს, არ გადავლენ მთლიან პროპორციულ სისტემაზე. ეს გამორიცხულია.

თამარ ჩუგოშვილი არ გამორიცხავს, ხელისუფლება ახლა შეთანხმებაზე წავიდეს, მაგრამ შემდეგ უკან დაიხიოს, როგორც ეს ერთხელ უკვე მოხდა პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით. როგორ ფიქრობთ, ხელისუფლება სანდოა და არ შეცვლის დანაპირებს?

- ეჭვი მეპარება, ხელისუფლებამ ასე გააკეთოს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ კონსტიტუციაში ცვლილება უნდა შევიდეს ¾ ხმით, ანუ 113 ხმით. ის, ვინც ჩააგდო პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, ანუ ხუნდაძე და მისი გუნდი თანახმანი რომც იყვნენ, ამისთვის საჭიროა კიდევ ოპოზიციის მხარდაჭერა. ოპოზიციის გარეშე 113 ხმას დღევანდელ სიტუაციაში, მე მგონი, „ოცნება“ ვერ შეაგროვებს. გამოდის, ამას ბესელიამ და ე.წ. დამოუკიდებელმა დეპუტატებმაც უნდა დაუჭირონ მხარი. ხელისუფლების მხრიდან დაპირების ხელმეორედ უკან წაღება, ალბათ, არ მოხდება. შეიძლება, მმართველი გუნდის მიმართ ეჭვი არსებობდეს, მაგრამ ორჯერ საზოგადოების უხერხულ მდგომარეობაში ჩაგდება „ოცნების“ ინტერესებში ნამდვილად არ იქნება.

მით უმეტეს, კონგრესმენთა განცხადებების შემდეგ.

- ეს ერთია და მეორეა, რომ საერთაშორისო ფაქტორი გასათვალისწინებელია. მედიატორებთან ერთად მიღებულ გადაწყვეტილებას „ქართული ოცნება“ ვერ გადაუხვევს. თუმცა მე სხვა რამ უფრო მაფიქრებს. ოპოზიცია შემთხვევით არ ვახსენე, მხოლოდ პროპორციული სისტემით ასარჩევთა რაოდენობის გაზრდა ოპოზიციისთვის არ იქნება საკმარისი. პირველი, გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალ პატარ-პატარა პარტიებს 3%-იანი საარჩევნო ბარიერი ძალიან აღელვებთ. თუ „ოცნება“ ჩამოვა ბარიერის 1%-ზე, ან 0%-ზე (2% არ არის საკმარისი), მაშინ შეიძლება მან დიდი მოგება მიიღოს, ვინაიდან გაერთიანებული ოპოზიციიდან პატარ-პატარა პარტიებმა შეიძლება დამოუკიდებლად იყარონ კენჭი. მთავარია, დათქმა იყოს იმის თაობაზე, რომ კონსტიტუციაში ცვლილება შევიდეს, რათა მომდევნო საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს მხოლოდ პროპორციული სისტემით. კიდევ არის საინტერესო მომენტი, რომელზეც შემიძლია ჩემი აზრი გამოვთქვა, თუ როგორია დღეს პოლიტიკური კონფიგურაცია, ერთ ფრონტზეა გაერთანებული ოპოზიცია და ევროპელები, მათთან თითქოს ახლოსაა, მაგრამ თავის თამაშს თამაშობს „ლელო“ და არის მმართველი პარტია. მესამე ძალა ვინ იქნება, დღეს უკვე კითხვის ნიშნის ქვეშაა. „პატრიოტები“ თავისი 5%-ით, ალბათ, დაეხმარებიან „ოცნებას“ კოალიციური მთავრობის შექმნაში. არა მგონია, ირაკლი კობახიძე მართალი იყოს, როცა ამბობს, ჩვენ არათუ 40%-ს, არამედ აბსოლუტურ უმრავლესობასაც ავიღებთო. დღევანდელი გადასახედიდან, 35%-ზე მეტს, ალბათ, „ოცნება“ პროპორციულ სისტემაში ვერ მიიღებს. ამიტომ საჭირო გახდება პარტნიორების ძებნა მთავრობის ჩამოსაყალიბებლად.

რას იტყვით 40%-იანი ზღვარის დაწესებაზე, რომლის მიხედვითაც, 40%-ის ან უფრო ნაკლები მხარდაჭერის მქონე პარტია მთავრობას ვერ დააკომპლექტებს?

- არ ვიცი, საიდან აიღეს ეს ჩამკეტი 40%, კონსტიტუციონალიზმის ისტორიაში მე არ მახსოვს ასეთი კონსტიტუციური პირობის არსებობა რომელიმე ქვეყანაში.

როგორც ამბობენ, ბიძინა ივანიშვილთან გამართული საგანგებო კონსულტაციის შემდეგ გადაწყდა 40%-იანი ზღვარის დაწესება.

- ჩემთვის გაუგებარია ამ ნორმის არსებობა. კარგით, 40% შეაგროვეს და მთავრობის ჩამოყალიბება დაიწყეს, როგორ ჩამოაყალიბებენ მთავრობას? მათ ხომ უმრავლესობა არ ექნებათ? ეს არ მესმის, ამიტომაც ვამბობ, აქ პოლიტიკურ კონფიგურაციაზე იქნება საუბარი. „პატრიოტთა ალიანსთან“ ერთად „ქართული ოცნება“ უმრავლესობას ვერ შექმნის. „ქართული ოცნება“ კატეგორიულად უარყოფს „ნაციონალებთან“, „ევროპელებთან“, გაერთიანებულ ოპოზიციასთან კოალიციის შექმნას, მაშინ ვინ რჩება? რჩება „ლელო“. ანუ „ლელოზე“ ბევრი რამ იქნება დამოკიდებული და მიუხედავად იმისა, რომ ხაზარაძე ხშირად ამბობს, არც მიშასთან, არც ბიძინასთანო, მე რატომღაც მგონია, ის იქნება ის ძალა, რომელიც კოალიციაში შევა „ოცნებასთან“.

ფიქრობთ, რომ „ლელო“ ხელისუფლების სასარგებლოდაა შექმნილი, სასამართლო პროცესებზე ხშირი დაბარების მიუხედავად?

- მეც ამას ვამბობ. თუ არ ვცდები, მათ განაცხადეს კიდეც, რომ მაჟორიტარებში თავის კანდიდატურას დააყენებენ და არა გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად. აქ უკვე გარკვეული „სეპარატიზმი“ იგრძნობა. თუ მარგველაშვილიც მივა მათთან და კვირიკაშვილიც გამოჩნდება, ან თუნდაც არ მივლენ „ლელოში“, მაგრამ მხარდაჭერას გამოუცხადებენ და თავის ამომრჩეველს მოუწოდებენ „ლელოს“ დაუჭირონ მხარი, მაშინ 10%-ზე ნაკლებს „ლელო“ არ მიიღებს. ეს 10% უკვე საკმარისი იქნება იმისთვის, რომ კოალიციური მთავრობა შექმნან „ოცნებასა“ და „პატრიოტთა ალიანსთან“ ერთად. მე თავიდან ვამბობდი და რატომღაც არ მიჯერებდნენ ჩემი კოლეგები, რომ პირველ ადგილზე, ალბათ, „ოცნება“ გავა, მანამდე მისთვის მთავარი იქნება პარტნიორების მოძებნა. თუ პარტნიორები მოძებნეს მომავალ კოალიციურ მთავრობაში, ყველაფერი ნორმალურად ჩაივლის და სტაბილურად იქნება.

ხომ არ ფიქრობთ, რომ ხელისუფლებამ შესაძლოა, ოპოზიცია დაქსაქსოს, რადგან ბევრი ოპოზიციონერისთვის არც არის არსებითი ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლება. უკვე წინმსწრებ განცხადებას აკეთებს გიორგი ვაშაძე, „არ ვიცი, რომელ ოპოზიციას გაიფორმებს ხელისუფლება საკუთარ ოპოზიციადო“.

- თუ „ოცნება“ საარჩევნო ბარიერს 0%-მდე, ან 1%-მდე დასწევს, მაშინ ძალიან ბევრი პატარა პარტია წამოვა გაერთიანებული ოპოზიციიდან, დამოუკიდებლად იყრის კენჭს და მერე ვისთან შექმნის კოალიციას, ეს უკვე ძნელი წარმოსადგენი არ არის. ამიტომ ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, შეუძლია, დაშალოს ოპოზიცია. რაც შეეხება პოლიტპატიმრებს, ამაში საერთაშორისო მხარდაჭერა სჭირდება ოპოზიციას, რათა ეს პიროვნებები მართლაც პოლიტპატიმრებად იქნენ ცნობილი. თუ მიაქციეთ ყურადღება, არც ერთი პარტნიორი არ ამბობს სიტყვა „პოლიტპატიმარს“, ისინი ამბობენ, ოპოზიციური პარტიების ლიდერები არიან დაჭერილნიო. ირიბად ეს, რა თქმა უნდა, დაახლოებით იგივეა, რაც პოლიტპატიმარი, მაგრამ არც ერთი უცხოელი არ იტყვის პოლიტპატიმარს იმ ადამიანზე, რომელსაც დანაშაული აქვს ჩადენილი და ეს დადასტურებულია სასამართლოს გადაწყვეტილებით.

 

 

tngh "ნაც-ოპოზიციის" ყველა დემაგოგია, უკვე კარგად არის ცნობილი საზოგადოების უდიდესი ნაწილისათვის. ამიტომაც, მხარდაჭერის ნაცვლად, მხოლოდ ირონიულ ღიმილს იწვევს...
4 წლის უკან
tngh "ნაც-ოპოზიციის" ყველა დემაგოგია, უკვე კარგად არის ცნობილი საზოგადოების უდიდესი ნაწილისათვის. ამიტომაც, მხარდაჭერის ნაცვლად, მხოლოდ ირონიულ ღიმილს იწვევს...
4 წლის უკან
tngh "ნაც-ოპოზიციის" ყველა დემაგოგია, უკვე კარგად არის ცნობილი საზოგადოების უდიდესი ნაწილისათვის. ამიტომაც, მხარდაჭერის ნაცვლად, მხოლოდ ირონიულ ღიმილს იწვევს...
4 წლის უკან