საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაში გიორგი შერმადინი შედეგიან თამაშს აგრძელებს. მერვედფინალის პირველ შეხვედრაში „იბეროსტარ ტენერიფემ“ „ოსტენდეს“ უმასპინძლა და ბელგიელთა ძლევა ადვილად, 85:75 მოახერხა.
ესპანელები უპირატესობას საწყისი წუთებიდანვე დაეუფლნენ და თამაში ლოგიკურ გამარჯვებამდე მიიყვანეს.
გიორგის მატჩის MVP-ის ტიტულამდე ძალიან ცოტა დააკლდა. შერმადინმა პარკეტზე 24:18 წუთი გაატარა, მაგრამ 25 ქულა მაინც ჩააგდო, ამასთან 5 მოხსნა, 1 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 13-დან 9 ორქულიანი (69.2%) და 8-დან 7 საჯარიმო (87.5%) ჩააგდო, შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 28-ს გაუტოლდა.
25 ქულით ჩვენებური მატჩის საუკეთესო მექულე გახდა, მაგრამ მარგი ქმედების კოეფიცენტის მაჩვენებლით მცირედით ჩამორჩა თანაგუნდელ მარსელინო უერტასს (29).
ამრიგად, „იბეროსტარ ტენერიფე“ სერიაში დაწინაურდა, ხოლო მეორე მატჩი 10 მარტს, ბელგიაში შედგება.