კორონავირუსის გამო საფეხბურთო კალენდარს საფრთხე ემუქრება. იტალიაში ორი ტური შეფერხებით და დიდი პოლემიკით მიმდინარეობს, საუბარია ევრო 2020-ის ჩაშლაზეც, რასაც უეფა ამ ეტაპზე არ გამორიცხავს.
მანამდე კი, ოფიციალურად დადასტურდა ცნობა, რომ ზაფხულში გასამართი საერთაშორისო ჩემპიონთა თასი აზიის კონტინენტზე არ ჩატარდება. ეს ტურნირი წინასასეზონო მოსამზადებელი ეტაპია, რომელიც ძირითად აზიაში, თუმცა სხვა კონტინენტებზეც ტარდება. დამდეგ ზაფხულს ვითარება ოდნავ შეიცვლება და მატჩები აზიაში არ გაიმართება.
„ფეხბურთელთა, კლუბების, გულშემატკივრებისა და პერსონალის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია. აზია რჩება ჩვენი გლობალური ზრდის სტრატეგიის მთავარ კომპონენტად და მომავალში სხვა თამაშებს აუცილებლად ჩავატარებთ“, - თქვა ტურნირის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.
აქვე გეტყვით, რომ ევროპაში უკვე შეჩერდა შვეიცარიის ჩემპიონატი, სადაც საფეხბურთო მატჩები 23 მარტამდე არ გაიმართება.