სოფო ნიჟარაძე:

სოფო ნიჟარაძე: "არაფრის არ მეშინია!.."

ჩვენს ჟურნალში უამრავი მასალა გამოქვეყნებულა და მუდმივად გვინდოდა მისი კომენტარის მოპოვებაც, მაგრამ ბოლო წლებში ქართული ესტრადის პრიმადონა მიუწვდომელი გახდა და არც ერთ სატელეფონო ზარს არ პასუხობდა, ამიტომაც მას არ უნდა უკვირდეს, რომ ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ მასთან დაკავშირებული ჭორები კიდევ უფრო გამოიკვეთა და აქტიურად ლაპარაკობდნენ, რომ მომღერლის დრო წარსულს ჩაჰბარდა. ჩვენ წინა ნომერშიც ვწერდით იმის შესახებ, რომ მართალია, "იავნანას" კონცერტის გარდა ბოლო დროს არსად გამოჩენილა და ფაქტობრივად, დაკარგულია, სოციალურ ქსელებში მაინც საკმაოდ აქტიური გახლდათ. როგორც ვიცით, სოფოს გული სწყდება, რომ ჟურნალისტები მას არ უკავშირდებიან და არაფერს ეკითხებიან და ამის შესახებ საჯაროდ უთქვამს კიდეც, თუმცა ჩვენი ჟურნალი მზადაა, მასთან ინტერვიუ ჩაწეროს იმ პირობით, თუკი ყველა იმ შეკითხვას უპასუხებს, რაც მის გარშემო წლების განმავლობაში ტრიალებდა და რისთვისაც საზოგადოებამ პრეზიდენტ სააკაშვილის ფავორიტი უწოდა. მას რომ შეკითხვებზე თავისი პასუხები აქვს, ეს მისი "ფეისბუქის" ოფიციალური გვერდიდანაც მშვენივრად ჩანს, სადაც მოსაზრებებს მეგობრებს უზიარებს. ამას წინათ მომღერალი ძალიან ხალისობდა იმ ჭორზე, თითქოს ის საქართველოდან წავიდა და მინაწერიც კი გაუკეთა ფოტოს, "რას არ გაიგებს კაცი"... "დიდი მადლობა, რომ განიცდით ჩემს მომავალს, მაგრამ მოდით, ჩემს საქმეს მე მივხედავ, არსად არ მივდივარ და არავისი არ მეშინია, ან რისი უნდა მეშინოდეს? კონცერტების დაფინანსებას რაც შეეხება, მე სოლოკონცერტი არ მქონია და არავის დაუფინანსებია, ასე რომ, დაწყნარდით და საქმეს მიხედეთ, ხო, ახლა ჩემზე ბევრად უფრო "საინტერესო" ამბები ხდება ქვეყანაში და "ისიამოვნეთ", - წერს სოფო ჭორების საპასუხოდ და მათთვისაც, ვისაც ჰგონია, რომ ის ქვეყნიდან წასვლას აპირებს. მის ამ მინაწერს უამრავი ადამიანი გამოეხმაურა, მათ შორის, ერთ-ერთი, ნანა წერს, რომ სოფო ნიჟარაძემ ბევრად კარგი პირობები დატოვა საზღვრებს გარეთ და საქართველოში ჩამოვიდა. თანაც, აქვე დასძენს, რომ წინა დღე მასთან ერთად გაატარა და მომღერალი ნამდვილად თბილისშია - "უი, სოფო, სად წახვედი? მე რომ შენთან გუშინ ვიყავი და ერთად ვიცინოდით იმ ზოგიერთი იდიოტის კომენტარზე, მეც უცხოეთში ვიყავი? თუ გუშინწინ შენი ორეული ბრწყინავდა "იავნანას" კონცერტზე? ან სად იპოვიდნენ შენს ორეულს. რა ეშველება ამდენ არარაობას. ღმერთო, უშველე საქართველოს!.." ამავე მეგობრის თქმით, როდესაც სოფო თურქეთში გაემგზავრა კლიპის გადასაღებად, მაშინვე იცოდა, რომ როცა მომღერალს აეროპორტში შეამჩნევდნენ, აუცილებლად გავრცელდებოდა ჭორი, რომ სოფომ ქვეყანა დატოვა. ერთ-ერთი მეგობარი, გიორგი კი სოფოს ეკითხება - "არ აპირებ გაქცევას? აბა, ამ სახლზე რომ გადამახდევინე ბე პარიზში, ის ქალი დამდევს, როდის გადაიხდის ფულსო". სოფო პასუხობს: "უთხარი, რომ ამ კვირის ბოლოს დავფარავ, მაგრამ ისე აქ არ უნდა დაგეკონკრეტებინა ჩემი მომავალი ადგილსამყოფელი. თან გუშინ ის ყელსაბამი გავყიდე, საქართველოს ბიუჯეტის ფასი რომ აქვს და ახლა მაგით ვგეგმავ ცხოვრების აწყობას". "ფეისბუქის" გვერდზე გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ფოტოზე სოფოს მართლაც ძალიან ლამაზი ყელსაბამი უკეთია და სავარაუდოდ, სწორედ ამ ნაკეთობას გულისხმობს. ეს მინაწერები ამავე სულისკვეთებით გრძელდება, როგორც ჩანს, სოფოსთვის ღიმილისმომგვრელია ის ჭორები, რომლებიც მის შესახებ ვრცელდება, თუკი ეს ასეა, "რეიტინგი" პირველია მედიასაშუალებებიდან, რომელიც უკვე მეათასედ სთავაზობს მას ინტერვიუს ჩაწერას საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხებზე.