დიდებული, მაგრამ ტკივილისმიერი რამაა ეს სპორტი. ადამიანი ჯერ გვარიანად წელგამართული და ტიტულმრავალი არ გგონია, რომ უკვე წლები ემატება და კარიერის დასასრულიც ახლოსაა. რას ვიზამთ, დიახაც მეტი ხანი გვინდოდა გვეხილა ბალახზე თუ თიხნარზე შენი კივილი და ჩოგნის მარჯვედ ქნევა, მაგრამ წლებს რას ვუზამთ?...
ნახვამდის მარია. ნახვამდის და გვჯერა, რომ არასოდეს მიეცემა დავიწყებას შენი ძალმოსილება და დიადი სითავხედე როგორც მინდორზე, ასევე მის მიღმა. ისიც გვემახსოვრება როგორ აკრიტიკე პუტინი და როგორ არ შეუშინდი შენთვის არცთუ მშობლიური რუსული პოლიტიკური მანქანის ჟანგიან ჭახრაკებს.
ახლა ის დროა, როდესაც კარიერადასრულებული სხვა სპორტსმენებივით თასები და მედლები ჩაამაწკრივო და მათი დანახვისას ცხვირსახოცის კიდით თვალიდან ჩამოციალებული ობოლი ცრემლი იმშრალო. მსუბუქი ყოფილიყოს შენი ძლიერი ფეხებისთვის ყოველი თიხნარი ნაწვიმარზე. სულ გვემახსოვრები მარია შარაპოვა!