სანდრო მამუკელაშვილის “სეტონ ჰოლი” ამერიკის სტუდენტური ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო კონფერენციის ჩემპიონობისკენ მიიწევს. რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტურით ადრე “მეკობრეები” პირველ ადგილზე არიან. სეტონჰოლელებმა გასულ მატჩში სტუმრად “მარკეტი” 88:79 (სტატისტიკა) დაამარცხეს, ქართველმა ფორვარდმა კი 26 ქულით მიმდინარე სეზონის პირადი რეკორდი დააფიქსირა. აქამდე მისი მაქსიმუმი 17 ქულა იყო, რომელიც ქართველ ფორვარდს ვილანოვასთან ჰქონდა მოგროვებული.
სანდრო საოცარი სიზუსტით ისროდა – თამაშიდან განხორციელებული 13 სროლიდან 10 ჩააგდო, მათ შორის სამივე სამქულიანი ზუსტი იყო. ქართველმა ფორვარდმა სამივე საჯარიმოც ზუსტად შეასრულა. ორმაგ დუბლამდე მას მხოლოდ მოხსნა დააკლდა, რადგან საკუთარ ფარზე ბურთი 8-ჯერ მოხსნა, შეტევაში კი – ერთხელ. მის ანგარიშზე 3 პასიც გახლდათ. მამუკელაშვილმა ორჯერ ბურთი დაკარგა და ის ორჯერ დაჯარიმდა.
მაილს პაუელმა სეტონ ჰოლს 28 ქულა მოუტანა, რასაც 5 პასი დაუმატა. სანდრომ და მაილსმა ერთად სეტონ ჰოლის 88 ქულიდან 54 ჩააგდეს: “ერთად თამაში გვიყვარს და გამოგვდის და ამისგან სიამოვნებას ვიღებთ”, – განაცხადა სანდრომ თამაშის შემდეგ მისი და მაილს პაუელის დუეტზე.
App.com მამუკელაშვილზე: “როგორ უნდა დაიცვა თავი 211 სმ. სიმაღლის ფორვარდისგან, რომელსაც შესანიშნავი ხელები აქვს და მოედნის ხედვა, რომელსაც შეუძლია შორიდან სროლაც და ფარქვეშ შეჭრაც? დიახ, ვერანაირად! როცა სანდრო საუკეთესოდ თამაშობს, მაილს პაუელს სიმძიმე ეხსნება მხრებიდან. ნახეთ მამუკელაშვილის ციფრები: 26 ქულა, 13-დან 10 ზუსტი სროლა, მათ შორის 3 სამქულიანი, 9 მოხსნა, 3 პასი – ეს ხომ თითქმის უნაკლო შედეგია”.
კონფერენციაში სეტონ ჰოლს მხოლოდ ორი მატჩი დარჩა – შინ ვილანოვასთან და სტუმრად კრეიტონთან. აღსანიშნავია, რომ მამუკელაშვილის გუნდი ამერიკის სტუდენტური ლიგის ოფიციალურ რეიტინგში მე-13 ადგილზეა, რაც იმის კვალობაზე, რომ NCAA-ში მთლიანობაში 480-ამდე გუნდია, ძალიან მაღალი შედეგია.