"მილანის" ერთ-ერთი დირექტორი ზვონიმირ ბობანი აღშფოთებულია კლუბის აღმასრულებელი დირექტორის, ივან გაზიდისის საქციელით. ამ აღშფოთებას იზიარებს "როსონერის" კიდევ ერთი მაღალჩინოსანი და ყოფილი კაპიტანი პაოლო მალდინიც.
ტიტულოვანი კლუბის ლეგენდებს დაუშვებლად მიაჩნიათ (და მართლებიც არიან ალბათ) მათ ზურგსუკან მოქმედება, როგორც ეს გაზიდისმა გააკეთა. საქმე ისაა, რომ ეს უკანასკნელი დამოუკიდებლად, კოლეგებთან შეთანხმების გარეშე მოელაპარაკა გერმანელ მწვრთნელ რალფ რანგნიკს, რომ მომავალი წლიდან სათავეში ჩაუდგეს გუნდს და თან სპორტული დირექტორის ფუნქციებიც იტვირთოს, რითაც თავის დროზე "ლაიპციგში" იყო დაკავებული.
მალდინი და ბობანი სასწრაფო წესით ითხოვენ დირექტორთა საბჭოს მოწვევას, რათა ეს თემა გაირჩეს: "ეს არ არის სწორი საქციელი და ეს არ არის "მილანის" სტილი, თან მაშინ, როცა ყველა ვხედავთ, რომ გუნდი უკეთესი ხდება და ამაში ძალიან დიდია ჩვენი მწვრთნელის, სტეფანო პიოლის დამსახურება, მისი მძიმე შრომის ნაყოფი. უბრალოდ, ეს არის კოლეგების უპატივცემულობა და მეტი არაფერი. ჩვენ ველაპარაკეთ გაზიდისს, მაგრამ საჭიროა უფრო ფართო მასშტაბის შეხვედრა, რომელსაც კლუბის მეპატრონეც დაესწრება", - ამბობს ბობანი.