დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ იტალიური სერია ჩ-ს ერთ-ერთი გუნდის ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდგინდა. ახლა კი, უფრო დეტალური ცნობები გავრცელდა.
ტოსკანას რეგიონში, სიენას პროვინციაში საფეხბურთო კლუბ „პიანეზეს“ 22 წლის მოთამაშე კინგ უდო ინფიცირებულია. დაავადების პირველი ნიშნები შაბათს გამოჩნდა, როდესაც სიცხე ჰქონდა ამის გამო ბოლო თამაში არ ჩაუტარებია, სახლში დამოუკიდებლად დაბრუნდა. მოგვიანებით მან ექიმებს მიმართა და კორონავირუსი დაუდასტურდა.
უდო ნიგერიული წარმოშობის იტალიელია, რომელიც 2011-2016 წლებში „იუვენტუსის“ ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა, ხოლო 2016 წლიდან დაბალი ლიგის გუნდებში ირჯებოდა.
აქვე გეტყვით, რომ „პიანეზემ“ ბოლო მატჩი „იუვენტუსის“ 23-წლამდე გუნდის წინააღმდეგ ჩაატარა. ამიტომაც, ტურინელთა სარეზერვო გუნდმა საწვრთნელი პროცესი კონტინასას ბაზაზე შეწყვიტა, სადაც მთავარი გუნდი ვარჯიშობს, ხოლო ახალგაზრდები მომზადებას ვინოვოზე გააგრძელებენ.