"გენტი" ევროპა ლიგას დაემშვიდობა

ბელგიური „გენტი“ ევროპა ლიგის გათამაშებას 1/16 ფინალში გამოეთიშა. გიორგი ქვილითაიასა და გიორგი ჩაკვეტაძის გუნდმა ერთი კვირის წინ რომში, „რომასთან“ 0:1 მარცხი ვერ აღმოფხვრა და ტურნირს დაემშვიდობა.

ჯონათან დავიდმა 25-ე წუთზე ბელგიელები დააწინაურა და ორი მატჩის ჯამში წონასწორობა აღადგინა, თუმცა 4 წუთში ჯასტინ კლუივერტმა უპასუხა და მერე ანგარიში აღარ შეცვლილა. ამრიგად, „გენტი“ მიმდინარე სეზონში ბელგიის ჩემპიონატის ამარა დარჩა.

იეს თორუპმა ქართველები ძირითად შემადგენლობაში არ გაამწესა, თუმცა 66-ე წუთზე რომან ბეზუსა და ლორენ დეპუატრის ნაცვლად ორივე ერთდროულად ჩართო თამაშში.

ვერ ვიტყვით, რომ ჩვენებურებმა მატჩში გარდატეხა შეიტანეს და იტალიელებს პრობლემები შეუქმნეს. ბელგიურმა გამოცემა Hln.be-მ ჩაკვეტაძის თამაში ხუთიანით შეაფასა და დაწერა, რომ ქართველი ხშირად ერიდებოდა დუელებს და დრიბლინგიც ვერ განახორციელა. უფრო მაღალი შეფასება მიიღო ქვილითაიამ (6), რომლის შემთხვევაში გამოცემის აზრით, თავიდან აქტიურობდა, თუმცა ეს ძალიან ცოტა იყო გოლის გასატანად.