კანადის მთავრობა სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას უსაფრთხოებას აღარ უზრუნველყოფს.
მას შემდეგ, რაც პრინცი ჰარი და მისი მეუღლე კანადში გადავიდნენ საცხოვრებლად, მათ დაცვას კანადის პოლიცია უზრუნველყოფდა. პრინცი ჰარი და მეგან მარკლი სამეფო ოჯახს ოფიციალურად 31 მარტს დატოვებენ.
ტელეკომპანია CBC news-სთვის გაკეთებულ განცხადებაში კანადის მთავრობა აღნიშნავს, რომ ვინაიდან ჰერცოგი და ჰერცოგინია ამჟამად აღიარებულნი არიან, როგორც საერთაშორისოდ დაცვის ქვეშ მყოფი პირები, კანადა ვალდებული იყო, მათი უსაფრთხოება დაეცვა, თუმცა ეს მას შემდეგ შეწყდება, რაც მათი სტატუსი შეიცვლება.
პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა 8 იანვარს გაავრცელეს განცხადება იმის შესახებ, რომ სამეფო ოჯახის მაღალი რანგის წევრების სტატუსს ტოვებენ, ფინანსური დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად მუშაობას აპირებენ, ცხოვრებას კი დიდ ბრიტანეთთან ერთად კანადაში გააგრძელებენ.
18 იანვარს ცნობილი გახდა, რომ პრინცი ჰარი და მეგან მარკლი სამეფო ტიტულებით აღარ ისარგებლებენ და საჯარო სახსრებს არ მიიღებენ, წყვილს აღმატებულობის ტიტული ჩამოერთმევათ, თუმცა ისინი სასექსის ჰერცოგად და ჰერცოგინიად დარჩებიან.