მთელს მსოფლიოში ახალი კორონავირუსით 82 000 ადამიანია ინფიცირებული, გარდაცვალების 2763 შემთხვევა ფიქსირდება. შემთხვევათა 98% კონცენტრირებულია ჩინეთში.
საქართველოში, ინფექციურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე 21 პაციენტი იმყოფება.11-დან 5 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. დანარჩენი პაციენტების კვლევა მიმდინარეობს, პასუხი ხვალ გახდება ცნობილი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა ორი დღის წინ დაფიქსირდა. ინფექცია საქართველოს მოქალაქეს, 50 წლის მამაკაცს დაუდასტურდა, რომელიც ქვეყანაში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა. ამის მიუხედავად, ამ ეტაპზე არ არსებობს რისკი, საქართველოში კორონავირუსის ფართოდ გავრცელება მოხდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეპიდემიის საფრთხე არ არის, თუმცა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი გვირჩევს, რომ თავი შევიკავოთ კოცნისგან.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის და ჯანმრთელობის სისტემის გადმოსახედიდან, ამირან გამყრელიძე ირწმუნება, რომ ამ ეტაპზე, ქვეყანაში ინფექციებთან ბრძოლის მზაობა ბევრად მაღალია, ვიდრე ეს ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში იყო. აქედან გამომდინარე, გამყრელიძე ამბობს, რომ საქართველო შეძლებს კორონავირუსთან გამკლავებას.
„ამ ეტაპზე, ყველაზე მეტი ტვირთი ეპიდემიოლოგებზე გადადის, რომლებმაც საქართველოში, ყველა საბაჟოზე, საზღვარზე კონტაქტი მოიძიეს. როდესაც საქმე გვაქვს ეპიდემიასთან და პანდემიასთან, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ზედმეტად არ დავთესოთ მოსახლეობაში პანიკა. ზოგადად, სიტუაცია მიდის უფრო გავრცელებისკენ,
პანდემიური ხასიათი ეძლევა, ამიტომ ყველა ქვეყანას უნდა ჰქონდეს შესაბამისი პანდემიური მზადყოფნის რეჟიმი, რომელიც ჩვენ საქართველოში უკვე გამოვაცხადეთ რამდენიმე დღის წინ. ეს ნიშნავს, რომ ისევ და ისევ, ვაძლიერებთ საზღვრებზე კონტროლს, რომ ქვეყანაში ინფექციის შემოსვლის ალბათობა მინიმუმამდე დავიყვანოთ, მაგრამ ინფექცია შედის ყველაზე უფრო დაცულ ქვეყნებშიც“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
კორონავირუსის დაფიქსირების მიუხედავად, საერთაშორისო სტანდარტითა და ჯანდაცვის რეკომენდაციებით, დღეის მდგომარეობით, სწავლის შეწყვეტის საფუძველს ვერ ხედავს განათლების სამინისტრო. როგორც ჟურნალისტებს ზოგადი განათლების სამმართველოს უფროსმა ეკატერინე ხუციშვილმა განუცხადა პრევენციისა და რისკის ეფექტიანი მართვის მიზნით, სამინისტრო სკოლებში სანიტარულ ნორმებს ამკაცრებს.
ჰიგიენის ნორმების დასაცავად სკოლებში მოთხოვნები კიდევ უფრო გაიზრდება. შესაბამისად, ადგილობრივი საგანმანათლებლო რესურსცენტრების მიერ სკოლების მონიტორინგის პროცესი უფრო ინტენსიური გახდება, რათა თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი გართულება. სააღმზრდელო პროცესის შეჩერება არ იგეგმება თბილისის ბაგა-ბაღებში.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოში პანიკის საფუძველი არ არსებობს. გიორგი გახარიას განცხადებით, შესაბამისი უწყებების მიერ ვითარება კონტროლდება.
„მთავარია ის, რომ ჩვენ ყველამ უნდა გავითვალისწინოთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები. ის რეკომენდაციები, რომელიც რამდენიმე დღეა მედიასაშუალებების მიერ ვრცელდება. აქტიურად გრძელდება უწყებათაშორისი საკორდიინაციო საბჭოს მუშაობა, რომელიც 28 იანვარს შეიქმნა. სწორედ, ამ საბჭოს ეფექტური მუშაობის შედეგად შესაძლებელი გახდა პირველი ფაქტის საზღვარზე დაფიქსირება, სწორედ ისე, რომ ფაქტობრივად, ამ შემთხვევას არანაირი შეხება არ ჰქონია ჩვენს მოქლაქეებთან.
ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც დაფიქსირდა კონკრეტულად საზღვარზე, რისთვისაც ჯანდაცვის სამინისტროს თითოეული თანამშრომელს უნდა გადავუხადოთ მადლობა, ისევე როგორც მესაზღვრეებს და საბაჟოს თანამშრომლებს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
კორონავირუსის გავრცელება პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზი გახდა ხელისუფელებასა და ოპოზიციას შორის. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, რომ არა გუშინდელი ფაქტი, დღემდე იქნებოდა ირანთან სახმელეთო მიმოსვლა და ინფიცირებულთა კიდევ უფრო მეტი ფაქტი გამოვლინდებოდა. მისივე თქმით, ის, რომ მსგავსი მოვლენები განვითარდებოდა, მანამდე იყო ცნობილი ხელისუფლებისთვის და პრევენციული ზომები უნდა ყოფილიყო მიღებული. ერთი მხრივ, ნიღბების მარაგები უნდა ყოფილიყო სააფთიაქო ქსელში და მეორე მხრივ, საჭირო იყო მოსახლეობასთან მუშაობა.
„მთავარი პრობლემა არის უნდობლობა, ხელისუფლებას არ ენდობა ხალხი, როცა 8 წლის განმავლობაში არაფერი გაუკეთებია, რატომ შეძლებენ ამ პრობლემის წარმატებით მოგვარებას? - ასეთი განცდა აქვს ხალხს ხელისუფლების და არაკომპეტენტური ადამიანების მიმართ, რომლითაც დაკომპლექტებულია საქართველოს მთავრობა, ჯანდაცვის სამინისტრო იქნება ეს თუ სხვა. ვხედავთ, რომ უსუსური, ერთგულების ნიშნით დაკომპლექტებული კადრებია, ეს იწვევს ხალხში შიშს.
მთავრობამ, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, მათ შორის პოლიტიკური პარტიებისგან, არ მიიღო არავითარი ზომები. ირანთან საზღვარი არ იქნა დროულად ჩაკეტილი. რომ არა გუშინდელი ფაქტი, დღემდე იქნებოდა ირანთან სახმელეთო მიმოსვლა და ინფიცირებულთა კიდევ უფრო მეტი ფაქტი გამოვლინდებოდა. როცა ურემი გადაბრუნდება, მაშინ პოულობენ გზას და ეს ბანალური ანდაზა საუბედუროდ მოქმედებს საქართველოში. მანამდე უნდა ყოფილიყო ზომები მიღებული“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
გიგი წერეთლის შეფასებით, საქართველოს ჰყავს საკმაოდ კომპეტენტური დაავადებათა კონტროლის სამსახური, მაგრამ არის საკითხები, რომლებსაც „ევროპული საქართველოს“ წევრის განცხადებით, ყურადღების მიქცევა სჭირდება.
„საქართველოში არის ძალიან სერიოზული ლაბორატორიული ცენტრი - ლუგარის ცენტრი, ეს ძალიან კარგია, მაგრამ არის ბევრი სხვა საკითხი, რომლებსაც ყურადღების მიქცევა სჭირდება. მას შემდეგ, რაც დაფიქსირდა კორონავირუსის პირველი შემთხვევა, საზოგადოებაში გაჩნდა ძალიან ბევრი კითხვა, არის შეშფოთება, არ მინდა ვთქვა, რომ პანიკაა, რადგან ყველაზე ცუდი რაც ასეთ ვითარებაში შეიძლება იყოს, ეს არის გადამეტებული რეაქციები.
პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა საჭიროა, ძალიან აქტიური მოქმედება, თანამშრომლობა საერთაშორისო ინსტიტუტებთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან და, რა თქმა უნდა, უნდა იყოს გონივრული გადაწყვეტილებები“, - განაცხდა გიგი წერეთელმა.