შემდეგ ჯერზე, როცა ვინმე გისაყვედურებთ, რომ ძალიან ბევრს საუბრობთ, არ იდარდოთ, თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს - კომუნიკაცია არა მხოლოდ ურთიერთობების გამყარებასა და კავშირების შეძენაში გეხმარებათ, არამედ საკუთარი თავის გამოხატვაშიც და უფრო მეტიც, ექსპერტების მტკიცებით, ბევრი ლაპარაკი სიცოცხლის ხანგრძლივობის მანიშნებელიცაა.
ახალი კვლევის მიხედვით, ის, ვინც ბევრს ლაპარაკობს, დიდხანს ცოცხლობს.
პოპულარული მეცნიერული კონცეფციაა, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობა გენეტიკაზეა დამოკიდებული. მაგრამ ბოლოდროინდელი კვლევების მიხედვით, სიცოცხლის ხანგრძლივობაზე გავლენას ახდენს ისიც, თუ რამდენად ბევრს საუბრობთ.
მეცნიერთა ჯგუფმა აშშ-ის ალბერტ აინშტაინის სამედიცინო კოლეჯიდან და იეშივას უნივერსიტეტიდან ჩაატარა კვლევა. მათ შეისწავლეს, თუ რამდენ სიტყვას ვამბობთ საუბრისას საშუალოდ დროის გარკვეულ მონაკვეთში და რა გავლენას ახდენს ეს სიცოცხლის ხანგრძლივობაზე.
მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ კომუნიკაბელური ადამიანები, რომლებიც ბევრს საუბრობენ, თუმცა პოზიტიურ ჭრილში, არიან ოპტიმისტები და უფრო დიდხანს ცოცხლობენ.
ექიმ ნილ ბარზილაის ხელმძღვანელობით ჩატარებულ კვლევაში მონაწილეობა 250-მა ქალმა მიიღო, რომელთა ასაკიც 95-დან 100 წლამდე მერყეობდა. მკვლევარებმა კონცენტრირება მოახდინეს მათ გენეტიკასა და პიროვნულ თვისებებზე. პიროვნების ანალიზმა აჩვენა, რომ პოზიტიურ ადამიანს სიამოვნებას ანიჭებს ბევრი ლაპარაკი.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მეცნიერები მსგავს დასკვნამდე მივიდნენ. ესპანელმა ფსიქიატრმა, ლუის როხას მარკოსმა დაწერა წიგნი სახელად „ჩვენ ვართ ის, რასაც ვლაპარაკობთ“ და წიგნში განმარტა, რომ ადამიანი, რომელიიც დღის განმავლობაში 15 ათას სიტყვაზე უფრო მეტს ამბობს, უფრო დიდხანს ცოცხლობს, ვიდრე ის, ვინც 15 ათას სიტყვაზე ნაკლებს.
ექიმ როხას მარკოსის თქმით, როცა ადამიანები ბევრს საუბრობენ, ბედნიერების და კეთილდღეობის განცდა აქვთ, არიან უფრო ჯანმრთელები და შესაბამისად, უფრო დიდხანს ცოცხლობენ.