11 წელი და 3 თვე - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ნიკოლოზ მარსაგიშვილის გადაწყვეტილებით, მიხეილ კალანდია დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში დამნაშავედ იქნა ცნობილი. მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა.
დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა მიხეილ კალანდია 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა. მოკლული სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე დარწმუნებით ამტკიცებდა, რომ მისი შვილი სწორედ მიხეილ კალანდიამ მოკლა და მას პროკურატურა მფარველობდა.
მოსამართლის ნიკოლოზ მარსაგიშვილის გადაწყვეტილებას დარბაზში შეხვდა დავით სარალიძე, რომელმაც სასამართლო კომენტარის გარეშე დატოვა. მისი ადვოკატის განცხადებით, ზაზა სარალიძისთვის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება ძალიან ემოციური იყო. ნესტან ლონდარიძის განცხადებით, ძალიან რთულია ეს ბოლო პერიოდი მაშინ, როდესაც მის მიმართ ამდენ ცილისმწამებლურ განცხადებას ისმენს.
„ალბათ, ძალიან ცოტამ თუ ვიცით, როგორი ემოციით უყურებს ის ყველაფერ ამას იმიტომ, რომ მას ჰყავს შვილი, რომელიც ამ ყველაფერს უყურებს. დღევანდელი გადაწყვეტილება მისთვის ძალიან ემოციური იყო, საუბარი უჭირდა და სწორედ ამიტომ, ის გარკვეული პერიოდი ეცდება, რომ მედიასთან კომენტარები არ გააკეთოს. არ მოგვეცა საშუალება, რომ მასთან გვესაუბრა. დარბაზში კი ვიყავით, მაგრამ ის ამ თემაზე ვერ საუბრობდა.
მიხეილ კალანდიას ოჯახს უფლება აქვს, რომ გადაწყვეტილება გაასაჩივროს. კანონი აძლევს მათ ამის საშუალებას. ამაში, რა თქმა უნდა, ხელს არა და ვერ შევუშლით, არც ამის სურვილი გვაქვს. შეუძლიათ გადაწყვეტილება გაასაჩივრონ და ყველა ის ინსტანცია გამოიყენონ, სადაც შეუძლიათ“, - განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.
გახმაურებული საქმის პროკურორის, ბესიკ ქვარცხავას განცხადებით, კალანდიას საქმეში არაერთი პირდაპირი და ირიბი მტკიცებულება იყო, რომელიც სასამართლომ სრულად გაიზიარა.
„ბრალდების მხარის მიერ დაახლოებით 9 თვის განმავლობაში წარმოდგენილი და უშუალოდ გამოკვლეული იქნა 150-მდე მოწმის ჩვენება, ასევე, წარმოდგენილი იქნა ათეულობით ნივთიერი მტკიცებულება და ასეულობით წერილობითი მტკიცებულება, შესაბამისად, სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყოველივე ზემოთხსენებული მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და ბრალდებულის მიმართ დაადგინა გამამტყუნებელი განაჩენი“, - განაცხადა ბესიკ ქვარცხავამ.
ამ განაჩენით სასამართლომ დაადასტურა თუ არა, რომ სასიკვდილო ჭრილობა დავით სარალიძეს სწორედ კალანდიამ მიაყენა, ამაზე პროკურორი აცხადებეს: აღნიშნული განაჩენით დადასტურდა, რომ მსჯავრდებული „მიხეილ კალანდია იყო თანააღმსრულებელი და ჯგუფის მეორე წევრთან ერთად, ჩაიდინა განზრახ მკვლელობა. მისი თქმით, აღნიშნული ჭრილობა მიაყენა ბასრი საგნის გამოყენებით მსჯავრდებულმა დავით სარალიძეს.
მოსამართლის მიერ განაჩენის გამოცხადებას დარბაზში კალანდიას ოჯახის წევრების მხრიდან ხმაური მოჰყვა. დარბაზში წესრიგის დაცვის მიზნით მოსამართლემ დამსწრეებს სხდომათა დარბაზი დაატოვებინა. კალანდიების ოჯახის ადვოკატი მიხეილ კალანდიასთვის გამოტანილ განაჩენს სამარცხვინოს უწოდებს. ზურაბ თოდუას განცხადებით, მოსამართლემ მიხეილ კალანდიას გაუფორმა პოლიტიკური პატიმრის სტატუსი.
„მიხეილ კალანდიასთვის პატიმრობის შეფარდება კონკრეტულ მიზანს ემსახურება. თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ, მოსამართლე ნიკოლოზ მარსაგიშვილმა მიხეილ კალანდიას გაუფორმა პოლიტიკური პატიმრის სტატუსი - მან დღეს გაასაჯაროვა „ქართული ოცნების“, „ევროპული საქართველოს“, გენერალური პროკურატურისა და ზაზა სარალიძეს შორის მიღწეული შეთანხმება, რომელიც ემსახურება ქვეყანაში, სხვა განაჩენის გამოცხადების შემთხვევაში, დესტაბილიზაციის რეალური წყაროს დაუშვებლობას. მიხეილ კალანდია მსხვერპლია ამ გარიგებისა და ემსახურება მთავარ გარიგებას - ირაკლი შოთაძემ უპრობლემოდ განაგრძოს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე საქმიანობა“, - აღნიშნა ზურაბ თოდუამ.
სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს მიხეილ კალანდიას მამა, თენგიზ კალანდია, რომლის განცხადებით, კალანდიების ოჯახს შეახოცეს ხელი. მისი თქმით, გამოძიება სათანადოდ ვერ წაიყვანეს და ყველაზე მარტივად ხელი „შეახოცეს“ კალანდიების ოჯახს.
„ოცნებამ“ თავისი გაფუჭებული საქმე ვერ გამოასწორა და ჩემს შვილს შეტენა ყველაფერი. აქ იყო სერგი კაპანაძის, „ევროპული საქართველოს“ და „ოცნების“ ინტერესი. აუცილებლად წავალთ სტრასბურგში. ჩვენზე, კალანდიებზე ყველაზე ადვილ იყო ხელი შეხოცვა. სუბელიანის ინტერესი არანაირი არ იყო აქ. აქ იყო „ევროპული საქართველოს“ ინტერესი. არანაირი ინტერესი არ ჰქონია სუბელიანს ამ საქმეში. რა დავალებაც ჰქონდა მოსამართეს, ის შეასრულა. ზაზა სარალიძემ 2 კვირის წინ გააჟღერა, 15 წელზე მეტს არ მიუსჯიანო და ეს შეასრულეს. ჯოჯოხეთში რომ მომიწიოს გავლა, გავივლი და ბევრსაც წავათრევ კიდევ იმ ჯოჯოხეთში“, - განაცხადა თენგიზ კალანდიამ.
სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდობლობას უცხადებს ბრალდებულ მიხეილ კალანდიას ძმა. ლუკა კალანდია ამტკიცებს, რომ მოსამართლემ პოლიტიკური დავალება შეასრულა.
„ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს მოსამართლე არის არაობიექტური, მიკერძოებული, პოლიტიკური დავალებების შემსრულებელი მოსამართლე. ეს დადასტურდა დღეს. ეს არის პოლიტიკური დავალება და მეტი არაფერი. ეჭიდაონ სტრასბურგს! საქართველოში სამართალი არ არსებობს.
რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში და შემდეგ უზენაეს სასამართლოში გავასაჩივრებთ. იმედი დიდად არ გვაქვს, რომ რამე შეიცვლება, უბრალოდ, სტრასბურგამდე როდესაც მივალთ, ევროპაში ძალიან მკაფიოდ გაიგებენ, რა მოხდა, როგორ მოხდა და რატომ ზის 20 წლის ბიჭი უდანაშაულოდ ციხეში და კიდევ რატომ უნდა იჯდეს მანამ, ვიდრე სტრასბურგიდან გადაწყვეტილებას ჩამოვიტანთ“, - განაცხადა ლუკა კალანდიამ.
ბრალდებულ კალანდიას ბაბუა, ბორის კაკუბავა აცხადებს, რომ სასამართლომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო. „ამ გადაწყვეტილებას ნამდვილად არ ველოდი. ეს არ არის მართლმსაჯულება, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, ამ მიმართულებით მიჰყავდათ მთელი ეს ბრძოლა, სარალიძეს უნდა დაემხო ხელისუფლება. „ნაცმოძრაობამ“ მოისყიდა სარალიძე და ხელისუფლებაზე ზეწოლა განახორციელეს. ხელისუფლება უნიათოა. ალბათ, საერთოდ არ არსებობს საქართველოში ხელისუფლება.
საქართველოს ოცნება არ არის ეს, ვისი ოცნებაა, თავად ვერ გაურკვევიათ საცოდავებს. ამ ქვეყანაში სამართალს არავინ ემსახურება, თქვენ ამას ვერ ატყობთ?! ხელისუფლება არაქმედითუნარიანი, უვარგისი და მშიშარაა. ნაცებმა ქვეყანას ანახეს, რომ ეს ხელისუფლება ნამდვილად არ არის ღირსი, საქართველოს სათავეში იყოს“,- აცხადებს ბორის კაკუბავა.