საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი კორონავირუსის ეპიდემიის გამო ტოკიოში ოლიმპიური თამაშების გაუქმებას ან გადატანას არ გეგმავს. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Deutsche Welle საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ 2020 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის მზადება გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, ხოლო ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ ზომების მიღება ოლიმპიური თამაშებისთვის მზადების მნიშვნელოვანი ნაწილია.
საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში აცხადებენ, რომ მუდმივი კონტაქტი აქვთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან, რომელიც ასევე ოლიმპიური თამაშების გაუქმების ან გადატანის საფუძველს არ ხედავს.
ოლიმპიური თამაშები ტოკიოში მიმდინარე წლის 24 ივლისიდან 9 აგვისტოს ჩათვლით უნდა გაიმართოს.
აღსანიშნავია, რომ იაპონიაში კორონავირუსით ინფიცირების 773 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან სამი ადამიანი გარდაიცვალა.