ჰარვი ვაინშტაინი, რომელიც გუშინ ნაფიც მსაჯულებმა დამნაშავედ სცნეს, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ CNN-ი იუწყება.
მისი ადვოკატის, დონა როტუნოს განცხადებით, მას შემდეგ, რაც მის კლიენტს ვერდიქტი გამოუტანეს, მას ტკივილები დაეწყო გულმკერდის არეში, დაუფიქსირდა მაღალი წნევა და აჩქარებული გულისცემა. ის ნიუ-იორკის Bellevue Hospital-ში გადაიყვანეს.
გუშინ, ნაფიც მსაჯულებმა ჰარვი ვაინშტეინი ბრალდების ხუთი პუნქტიდან ორი პუნქტით გაასამართლეს. ჰარვი ვაინშტეინს 25 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ნაფიცმა მსაჯულებმა ვაინშტეინი დამნაშავედ ცნეს თავისი ასისტენტის მირიამ ჰალეის მიმართ სექსუალურ ძალადობაში და ასევე სტილისტის ჯესიკა მანის გაუპატიურებაში.
ამავდროულად, ნაფიცმა მსაჯულებმა ჰარვი ვაინშტეინი გაამართლეს ბრალდების სამი პუნქტით, რომელიც უფრო სერიოზულ გაუპატიურებას მოიცავდა და რომლის თანახმად, მას სამუდამო პატიმრობა ემუქრებოდა.
2017 წელს სტატიები იმის შესახებ, რომ ჰოლივუდის ცნობილი პროდიუსერი ჰარვი ვაინშტეინი წლების განმავლობაში ბოროტად იყენებდა თავის მდგომარეობას და ახალგაზრდა მსახიობ ქალებს სექსუალური ხასიათის ქმედებებისკენ უბიძგებდა, თითქმის ერთდროულად ორმა წამყვანმა ამერიკულმა გამოცემამ - The New York Times-მა და The New Yorker-მა გამოაქვეყნა.
ვაინშტეინის მხრიდან სექსუალური შევიწროების შესახებ განაცხადეს ცნობილმა მსახიობებმა, მათ შორის გვინეტ პელტროუმ და ანჯელინა ჯოლიმ.
12 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ჰარვი ვაინშტეინი 25 მილიონს გადაუხდის ქალებს, რომლებიც მას შევიწროებაში ადანაშაულებენ.
2017 წელს ჰოლივუდში სექს-სკანდალი აგორდა, რომლის მთავარი გმირი პროდიუსერი ჰარვი ვაინშტეინი იყო. სკანდალური საქმის შესახებ მასალები თითქმის ერთდროულად გამოაქვეყნა ორმა წამყვანმა ამერიკულმა გამოცემამ - The New York Times-მა და The New Yorker-მა.
პროდიუსერი ჯერ საკუთარი კომპანიიდან გააძევეს, შემდეგ ის ცოლმა მიატოვა, ამერიკულმა და ბრიტანულმა პოლიციამ მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. ამასთან, ის ბრიტანეთის და ამერიკის კინოაკადემიებიდან გარიცხეს.
2018 წლის 25 მაისს ის პოლიციას ჩაბარდა, თუმცა მილიონი დოლარის სანაცვლოდ, გირაოთი გათავისუფლდა.