ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ კვიპროსის ჩემპიონატში ეთნიკოსის „ახნასთან“ მტკივნეული მარცხი განიცადა და 0:5 განადგურდა. მატჩის შემეგ თემურ ქეცბაიამ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და თქვა, რომ იმედგაცრუებულია გუნდის თამაშით.
„ვულოცავ მეტოქეს. მოედანზე ჩანდა, რომ გამარჯვება ჩვენზე მეტად უნდოდა. ჩვეულებრივ პირიქით უნდა ყოფილიყო, რადგან პირველ ადგილზე ვართ. როდესაც კონცენტრირებული და მზარ არ ხარ, ფიქრობ, რომ ადვილად მოიგებ. თუმცა, ჩემპიონატში ადვილი თამაშები არ არსებობს. მე, როგორც მწვრთნელი პირველ რიგში ვარ პასუხისმგებელი. თუმცა, ეს ერთი თამაში ვერ წაშლის იმას, რაც ამ შვიდი თვის განმავლობაში გავაკეთეთ.
იმედგაცრუებული ვარ ფეხბურთელების თამაში და მარცხით, პასუხისმგებელი ვარ და სირცხვილია ასე წაგება. ვისაუბრე ფეხბურთელებთან და მათ ეს გაიგეს. ვიმეორებ, ეს მარცხი არ შლის იმას, რაც აქამდე გავაკეთეთ. იმედი მაქვს, ძველ დონეს დავუბრუნდებით, სამ დღეში თასის თამაში გვაქვს და თუ მომდევნო ეტაპზე გასვლა გვინდა, ბევრად უკეთ უნდა ვითამაშოთ.
პირველ ადგილზე ვართ და თამაშები უნდა მოვიგოთ. არ მინდა, „ახნასის“ გამარჯვება დავაკნინო, მაგრამ ჩვენი ბრალია. რაც არ უნდა ვთქვათ, სხვები ჩვენზე უარესად თამაშობენ და პაფოსში წააგეს („აპოელმა“ - რედ). ეს მაშინ ხდება, როდესაც საქმეს სერიოზულად არ ეკიდები. ჩვენ არ ვართ სუპერგუნდი, ამიტომ უნდა ვიბრძოლოთ“, - თქვა ქეცბაიამ.
„ანორთოსისი“ 43 ქულით ლიდერობას მაინც ინარჩუნებს, „ომონიას“ ერთი, ხოლო „აპოელს“ ხუთი ქულით უსწრებს. მომდევნო მატჩს კი, შუა კვირაში კვიპროსის თასის მეოთხედფინალში სტუმრად „ნეა სალამინასთან“ გამართავს, რომელსაც შინ (1:1) დაუზავდა.