მსახიობ დათო ცხვარაძეს ერთი კურიოზის გახსენება ძალიან უყვარს.
“სერიალ “27 დრაკონს” რომ ვიღებდით, რამდენიმე ეპიზოდის გადაღება ავჭალის ქალთა კოლონიაში მოგვიხდა. იმ საღამოს ზურა ყიფშიძესთან ერთად ციხიდან გაქცევის სცენა უნდა გადაგვეღო. ზურა ყოველთვის ადრე ცხადდებოდა ხოლმე, როგორც ჭეშმარიტ მსახიობებს სჩვევიათ.
იმ საღამოსაც ადრე მოსულა, ჩაუცვამს როლის შესაფერისად ჩამოხეულ-ჩამოკონკილი ტანსაცმელი, ცოტა გრიმიც მიუხატავს და მზადაა.
მსოფლიო ჩემპიონატია ფეხბურთში და კოლონიის დარაჯის პატარა ჯიხურში რამდენიმე კაცი ტელევიზორში იმ დღის მატჩს უყურებს. ზურაც შესულა ფეხაკრეფით, ჩამომჯდარა კუთხეში შეძველებულ სკამზე და უყურებს ტელევიზორს.
ეს მომენტია და მეც მივედი. მანქანა დარდიმანდულად გავაჩერე. გადმოვედი. სამსახურიდან მოვდიოდი ჩაჰალსტუხებული. როგორც ყველა დარაჯი, კოლონიის დარაჯიც გვარიანად ჩაბუჟბუჟებულია. გამომეგება გარეთ, თავდახრილი მომეახლა, ჩამოვართვი ხელი. კაცი გაიბადრა.
- აქეთ მობრძანდით, უფროსო, მეპატიჟება ჯიხურში. შევყევი, წამოიწიეს სკამებიდან იქ მყოფებმა. დარაჯმა სასწრაფოდ მოათვალიერა ყველა და “დაბალი ღობე”, ჩამოხეულ-ჩამოკონკილი ზურა გაიმეტა:
- ვინაა ეს შობელძაღლი! – როდის შემოიპარა, ნეტა ჯიხურში?!
- ზურა რის ზურა იყო, ეს არ გამოეყენებინა? “დაპატარავდა” და საცოდავად ააკვარკვარა თვალები.
- აა, უყურე, ახლა მაგას! – გადაირია დარაჯი. – ვითომ არ გაუგონია. ადე, შე ლაწირაკო და დასვი ეს პატიოსანი კაცი! – წამოკრა თავში ხელი.
ზურა “სლუკუნით” გავარდა ჯიხურიდან. დარაჯმა სკამი სახელოთი გაწმინდა და დაბრძანდით, უფროსოო, შემომთავაზა. გამეცინა და დავჯექი. ამის მერეც დამიწყებს ზურა ყიფშიძე, შენზე მეტად პოპულარული ვარო?!”