აზარი ტრავმირებულია

აზარი ტრავმირებულია

ბელგიის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" შემტევმა ედენ აზარმა "ლევანტესთან" წაგებულ ლა ლიგის 25-ე მატჩში ტრავმა მიიღო და 67-ე წუთზე ვინისიუსმა შეცვალა. როგორც მატჩის შემდეგ "რეალის" მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა განაცხადა, ფეხბურთელმა კვლავ იქ მიიღო დაზიანება, რომლის გამოც თითქმის ნახევარი სეზონი გაუცდა.

"კარგად არ გამოიყურება, რადგან დაზიანება იქ მიიღო, სადაც ტრავმა ჰქონდა. ეს იყო დარტყმა, მაგრამ ვნახოთ იქნება თუ არა მცირე პრობლემა. ახლა აზარი ტკივილს განიცდის და ვნახოს ტესტი რა შედეგს მოგვცემს." - განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.

მიმდინარე სეზონში აზარმა 15 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა ერთი გოლი და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელი სარეაბილიტაციო პერიოდის გავლის შემდეგ "რეალს" გასულ ტურში "სელტასთან" მატჩში დაუბრუნდა და საგოლე გადაცემა შეასრულა.