ამერიკის სტუდენტურ ლიგაში მორიგი მატჩი ჩაატარა სანდრო მამუკელაშვილის „სეტონ ჰოლმა“. ქართველი კალათბურთელის გუნდი „ბატლერ ბულდოგს“ დაუპირისპირდა და მეტოქე 2 ქულიანი სხვაობით 74:72 დაამარცხა.
აღნიშნული შეხვედრის გმირი სწორედ მამუკელაშვილი გამოდგა, რადგან შეხვედრის დასრულებამდე 6 წამით ადრე გადამწყვეტი ორქულიანი სწორედ მან ჩააგდო და საკუთარ გუნდს მოაგებინა.
ახალგაზრდა კალათბურთელმა პარკეტზე 35 წუთი გაატარა, რა დროშიც 15 ქულა, 6 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მიითვალა. მამუკელაშვილმა 9-დან 6 ორქულიანი და 3-დან 1 სამქულიანი ჩააგდო. „სეტონ ჰოლი“ 11 გამარჯვებით ბიგ ისთის კონფერენციის ლიდერია. მომდევნო შეხვედრას კი 23 თებერვალს „სენტ ჯონს რედ სტორმთან“ ჩაატარებს.