დიდი ბრიტანეთის დედოფალმა სასექსის ჰერცოგსა და ჰერცოგინიას Sussex Royal-ის ბრენდის გამოყენება აუკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი ავრცელებს.
პრინც ჰარისა და მეგან მარკლს სავაჭრო მარკის Sussex Royal-ის თავიანთი პროექტებისთვის დარეგისტრირება სურდათ. გარდა ამისა, მათ საქველმოქმედო ორგანიზაციის Sussex Royal, The Foundation of the Duke and Duchess of Sussex (სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას ფონდი) გახსნა ჰქონდათ დაგეგმილი.
მედიის ცნობით, პირად საუბრებში დედოფალი, პრინცი ჰარი და მეგან მარკლი შეთანხმდნენ, რომ მათ რებრენდინგი უნდა ჩაატარონ. წყვილი დაეთანხმა იმას, რომ სამეფო ოჯახის ტიტულზე უარის თქმის შემდეგ Sussex Royal-ის ბრენდის გამოყენება საზოგადოებაში კითხვებს გამოიწვევს. შედეგად, გადაწყდა, რომ ჰერცოგი და ჰერცოგინია თავიანთ პროექტებს ახალი სახელით დაარეგისტრირებენ.
პრინცმა ჰარიმ და მისმა მეუღლემ Sussex Royal-ის ბრენდის პოპულარიზაცია გასულ წელს დაიწყეს. მათ შექმნეს ექაუნთი Instagram-ზე, სადაც მათი ცხოვრების მთავარი მოვლენები შუქდებოდა. ეს გვერდი სწრაფად გახდა პოპულარული და მას 11 მილიონი გამომწერი ჰყავს.
პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა 8 იანვარს გაავრცელეს განცხადება იმის შესახებ, რომ სამეფო ოჯახის მაღალი რანგის წევრების სტატუსს ტოვებენ, ფინანსური დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად მუშაობას აპირებენ, ცხოვრებას კი დიდ ბრიტანეთთან ერთად კანადაში გააგრძელებენ.
18 იანვარს ცნობილი გახდა, რომ პრინცი ჰარი და მეგან მარკლი სამეფო ტიტულებით აღარ ისარგებლებენ და საჯარო სახსრებს არ მიიღებენ, წყვილს აღმატებულების ტიტული ჩამოერთმევათ, თუმცა ისინი სასექსის ჰერცოგად და ჰერცოგინიად დარჩებიან.