ფაქტია, რომ ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი ნეგატიურად არის განწყობილი პირველი რესპუბლიკის ხელისუფალთა მიმართ. დამკვიდრებული და უკრიტიკოდ აღიარებული შეხედულების თანახმად, მენშევიკები იყვნენ პირწავარდნილი რუსეთუმეები, უნიათო და უხერხემლო პოლიტიკოსები, რომლებმაც ვერაფერი გააკეთეს სრულფასოვანი სახელმწიფოს შექმნისთვის და თითქმის სამწლიანი ჯახირის შემდეგ უბრძოლველად ჩააბარეს იგი ბოლშევიკურ რუსეთს. ზოგი იქამდეც კი მიდის, რომ 1921 წლის 25 თებერვლის ოკუპაციას ამ ორ ძალას შორის არსებული იდეური ერთობითა და გარიგებით ხსნის.
დაახლოებით ორი-სამი ათეული წლის წინ ასეთ შეხედულებას, ალბათ, ჰქონდა გარკვეული საფუძველი. მაშინ ჯერ კიდევ არ იყო გამოვლენილი ბევრი დოკუმენტური წყარო, რომლებიც დღესაა ცნობილი. მკვლევართათვის ხელმიუწვდომელი იყო დემოკრატიული საქართველოს ხელისუფლების არქივი. ეს გარემოება კი ნოყიერ ნიადაგს ქმნიდა არასერიოზულ და წინასწარ განწყობაზე დამყარებულ შეფასებათა დასამკვიდრებლად. ამ შეხედულებას დაუზარებლად იმეორებდა ყველა, ვისაც არ ეზარებოდა, დილეტანტებიც და ისტორიკოსის დიპლომის მქონე ადამიანებიც. პრაქტიკამ აჩვენა, იგი საკმაოდ სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა და დღესაც კი, როცა დაინტერესებულ საზოგადოებას შესაძლებლობა აქვს, უპრობლემოდ გაერკვეს საკითხის არსში, წარმატებით განაგრძობს არსებობას.
სინამდვილეში, როგორც ქვემოთ გამოჩნდება, ასე როდი იყო.
ამ მოზრდილი პოსტის მიზანი სულაც არ გახლავთ პირველი რესპუბლიკის ხელისუფალთა ადვოკატირება. მე არ მივეკუთვნები იმათ კატეგორიას, ვინც ვარდისფერი სათვალიდან უყურებს მენშევიკთა საშინაო და საგარეო პოლიტიკას. პირიქით, საკმაოდ კრიტიკულად ვარ განწყობილი მათ მიმართ, მაგრამ ეს უფლებას არ გვაძლევს, ობიექტურობის გრძნობა დავკარგოთ და მეორე უკიდურესობაში გადავვარდეთ. შეუძლებელია, საკითხში ოდნავ მაინც გარკვეულმა ადამიანებმა ვერ დაინახონ და არ დააფასონ მათი ძალისხმევა ახალგაზრდა რესპუბლიკაში მანამდე არარსებული სახელმწიფო სტრუქტურების ჩამოყალიბების საქმეში. შეუძლებელია, არ დავინახოთ, რომ ისინი მეთოდურად, თანმიმდევრულად იბრძოდნენ მისი რეალური დამოუკიდებლობისთვის და თუ შეცდომებს უშვებდნენ, ეს, პირველ რიგში, მართვის გამოცდილების უქონლობითა და ურთულესი საერთაშორისო ვითარებით აიხსნება.
წინამდებარე პოსტში მოკლედ გიამბობთ ახალგაზრდა რესპუბლიკის საგანგებო რაზმის საქმიანობის შესახებ, რომელიც, ფაქტობრივად, პირველ დამოუკიდებელ სპეცსამსახური იყო და არსებობის ხანმოკლე პერიოდში ნამდვილ რისხვას წარმოადგენდა ყველა ჯურის ანტისახელმწიფოებრივი ელემენტისთვის. ეს მიმოხილვა ეყრდნობა დღეისათვის უკვე ცნობილ, სამწუხაროდ, მწირ დოკუმენტურ წყაროებს და სამეცნიერო ლიტერატურას, რომლებიც, ასე თუ ისე, ცნობილია სპეციალისტთა ვიწრო წრისთვის, მაგრამ სრულიად უცნობია მასობრივ დონეზე. სწორედ ეს გარემოება უწყობს ხელს მცდარი, ნიჰილისტური შეხედულებების დამკვიდრებას საზოგადოებაში.
საგანგებო რაზმის შექმნის აუცილებლობის შესახებ შს მინისტრმა ნ. რამიშვილმა უკვე 1918 წლის 6 ივლისს მიმართა მთავრობას. მისი აზრით, ახალ სტრუქტურულ ერთეულს უნდა ებრძოლა მტრული ელემენტების მიერ განხორციელებული ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის წინააღმდეგ (დივერსიები, საბოტაჟი, ხელისუფლების დამხობის მცდელობანი, მსხვილმასშტაბიანი ფინანსური მაქინაციები და ა.შ). ეროვნულ საბჭოში ცხარე განხილვების შემდეგ გადაწყვეტილება მიღებული იქნა. რაზმი (მას სათავეში მექი კედია ედგა) წევრთა რაოდენობითა (დაახლოებით 150 კაცი ტექნიკური პერსონალის ჩათვლით) და ტექნიკური საშუალებებით ნამდვილად არ იყო საკმარისი რესპუბლიკისადმი მტრულად განწყობილი ელემენტების წინააღმდეგ საბრძოლველად, მაგრამ, ამის მიუხედავად, ხელშესახებ წარმატებას მიაღწია და არაერთი სახელოვანი ფურცელი ჩაწერა პირველი რესპუბლიკის ისტორიაში.
შეიძლება მოკლედ მიმოვიხილოთ რამდენიმე, ყველაზე გახმაურებული ოპერაცია.
1918 წლის ივლისში, ფაქტობრივად, შექმნისთანავე, საგანგებო რაზმა გამოავლინა ანტისახელმწიფოებრივი ორგანიზაცია, რომელშიც გაერთიანებული იყვნენ ბოლშევიკები, სომეხი და რუსი ეროვნების ყოფილი მოხელეები და სამხედროები. ეს ორგანიზაცია მიზნად ისახავდა სტრატეგიული ობიექტების აფეთქებას და სხვადასხვა ტიპის დივერსიულ საქმიანობას. აღმოაჩინეს და გააუვნებელყვეს ასაფეთქებელი მასალის რამდენიმე საწყობი.
იმავე პერიოდში მთავრობამ გადამჭრელ ზომებს მიმართა ქვეყანაში უკვე ფორმირებული რუსული ეროვნული საბჭოსა და მისი ოფიცერთა კორპუსის წინააღმდეგ, რომელიც მტრულ საქმიანობას ეწეოდა ხელისუფლების დასამხობად. საბჭოცა და კორპუსიც დაშალეს, იარაღი ჩამოართვეს და აქტივისტები ქვეყნიდან გააძევეს.
1918 წლის ნოემბერში საგანგებო რაზმმა გამოავლინა სომეხთა ეროვნული საბჭოს აქტივისტთა ჯგუფი, რომლებმაც დივერსიული აქტი ჩაიდინეს და ააფეთქეს სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ძეგვის სარკინიგზო ხიდი. დააპატიმრეს ამ აქტის ორგანიზატორები და უშუალოდ შემსრულებლები.
იმავე წლის დეკემბერში, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, საგანგებო რაზმის ხელმძღვანელობამ აღკვეთა ე.წ. „არამიანცის სახლში“ სომეხთა ეროვნული საბჭოს მიერ წარმოებული ანტიქართული აგიტაცია და საქართველოს რესპუბლიკის წინააღმდეგ საბრძოლველად სომეხთა შეიარაღებული რაზმების ჩამოყალიბების კამპანია. დააპატიმრეს ამ საქმიანობაში ჩართული სომეხი ეროვნების პიროვნებანი და მათი თანამოაზრე ქართველი ბოლშევიკები, მათ შორის ლევან ღოღობერიძე. საგანგებო რაზმმა სომხეთ-საქართველოს ომის დროს გამოავლინა და დააპატიმრა 2000-მდე პიროვნება, რომლებიც ფარულად ჩაეწერნენ სომხურ შეირაღებულ შენაერთებში და ემზადებოდნენ დივერსიული აქტების ჩასატარებლად საქართველოს წინააღმდეგ.
1919 წლის იანვარში დააპატიმრეს, გაასამართლეს და საქართველოდან გაასახლეს რამდენიმე ათეული ბოლშევიკი (მათი აბსოლუტური უმრავლესობა სომხები და რუსები იყვნენ), მათ შორის საშა გეგეჭკორი.
კარგად ორგანიზებული ფარული მეთვალყურეობის საფუძველზე რაზმმა გამოავლინა და დააპატიმრა 246 კომუნისტი. მათი ნაწილი დახვრიტეს, ნაწილი ქვეყნიდან გააძევეს. მკაცრი პრესინგის პირობებში ბოლშევიკურ ორგანიზაციებს არ ეძლეოდათ საქმიანობის შესაძლებლობა.
ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე 1919 წლის გაზაფხულზე გამოავლინეს და გაასამართლეს საქართველოს წინააღმდეგ მებრძოლ დენიკინელებთან კავშირში მყოფი 500-მდე პიროვნება.
1919 წლის სექტემბერში, გენერალ ბარათოვსა და ოდიშელიძეზე განხორციელებული ტერაქტის შემდეგ, ცხელ კვალზე გამოავლინეს და დააპატიმრეს ამ დანაშაულთან დაკავშირებული ბოლშევიკები. თავდასხმის უშუალო შემსრულებელი, არკადი ელბაქიძე ლიკვიდირებული იქნა გაქცევის მომენტში.
საქართველოს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე საგანგებო რაზმის თანამშრომელთა მიერ ჩატარებული ოპერტიული ღონისძიებების შედეგად გამოვლენილი იქნა საზღვრის დარღვევისა და მეზობელი ქვეყნებიდან ბოლშევიკთა არალეგალური შემოსვლის ათეულობით ფაქტი.
აგენტურული მეთვალყურეობის შედეგად რაზმელებმა გამოავლინეს და გააუვნებელყვეს დიდი რაოდენობით პროკლამაცია და სხვა ტიპის კომუნისტური ლიტერატურა. დააპატიმრეს ამ საქმეში ჩართული ბოლშევიკები. ასევე, დააპატიმრეს, გასაამართლეს და ქვეყნიდან გააძევეს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გამოვლენილი ბოლშევიკი აგიტატორები.
სხვადასხვა პერიოდში საგანგებო რაზმმა გამოავილინა მსხვილმასშტაბიანი ფინანსური მაქინაციების რამდენიმეც ფაქტი. აღმოჩენილი იქნა საწყობებიდან დატაცებული, 50 მილიონის ღირებულების აღურიცხავი საქონელი, რომელიც სპეკულაციურ ფასებში იყიდებოდა ხაზინის გვერდის ავლით. ამასთან დაკავშირებით დააპატიმრეს 40-ზე მეტი ადამიანი.
საგანგებო რაზმის საქმიანობა განსაკუთრებით პროდუქტიული იყო 1920 წლის 7 მაისის ცნობილი ხელშეკრულების დადების შემდეგ, როდესაც ბოლშევიკებს საქართველოში ლეგალურად მიეცათ საქმიანობის უფლება. აქედან მოყოლებული რუსეთის საელჩო თბილისში ანტიქართული საქმიანობიის მაკოორდინებელ ცენტრად იქცა, რომელსაც უშუალოდ წარმართავდა ელჩი ს. კიროვი. საგანგებო რაზმი, ფაქტობრივად, 24-საათიანი მუშაობის რეჟიმზე გადავიდა. მეთვალყურეობა დაუწესდა უამრავ ბოლშევიკს, რომლებიც ღიად იყვნენ შემჩნეული ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში. დააპატიმრეს რამდენიმე ასეული აქტივისტი. მათ ჩამოართვეს არსენალის, სხვა სამხედრო და სტრატეგიულად მნიშვნელოვან სამოქალაქო ობიექტთა გეგმები, ხიდებისა და სარკინიგზო სადგურების ნახაზები, ბოლშევიკთა იატაკქვეშა კომიტეტის საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები. გამოავლინეს და „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადეს უცხოეთიდან შემოსული 749 მოქალაქე, რომლებიც ჩართული იყვნენ ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში.
საგანგებოდ აღსანიშნავია დამფუძნებელი კრების მიერ 1919 წლის 18 ნოემბერს მიღებული დეკრეტი „ანარქიის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების შესახებ“, რომლის საფუძველზე ბევრად გაიზარდა საგანგებო რაზმის უფლებამოსილებანი. ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობაში შემჩნეული პიროვნებების დაპატიმრება ხდებოდა რაზმის უფროსის მ. კედიას ბრძანების საფუძველზე (ზოგიერთ შემთხვევაში ამისათვის საკმარისი იყო კრიმინალური პოლიციის უფროსის პლ. ფაჩულიას ხელმოწერაც). ამ დეკრეტის საფუძველზე 1919-20 წლებში დააპატიმრეს არაერთი ცნობილი ბოლშევიკი, მათ შორის - მომავალში საბჭოთა ხელისუფლების მაღალი ჩინის პარტიული მუშაკები: ფ. მახარაძე, აბ. ენუქიძე, ლ. ღოღობერიძე, ლ. ბერია და სხვები.
ეს ზედაპირული ჩამონათვალიც კი საკმარისია იმის საილუსტრაციოდ, რა ენერგიულ საქმიანობას ეწეოდა ჟორდანიას მთავრობა ქვეყნის სამხედრო და პოლიტიკური უსაფრთხოებისთვის. თუ ყველაფერი ეს საკმარისი არ აღმოჩნდა დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად, ეს სხვა, ძირითადად არახელსაყრელმა საერთაშორისო ფაქტორებმა განაპირობეს და ოდნავაც არ აკნინებს ახალგაზრდა რესპუბლიკის პირველი სპეცსამსახურის როლს ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში.