ჩრდილოეთ ერაყში ამერიკულ ბაზაზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა

ჩრდილოეთ ერაყში ამერიკულ ბაზაზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა

ჩრდილოეთ ერაყში, კირკუკში მდებარე ამერიკულ ბაზაზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. Al Jazeera-ს ინფორმაციით, K1 ბაზის მიმართულებით საერთო ჯამში სულ მცირე 10 რაკეტა გაუშვეს.

ამერიკული სარდლობის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ამერიკელ სამხედროებს შორის დაღუპულები ან დაშავებულები არ არიან.

თავის მხრივ, პენტაგონში აღნიშნეს, რომ თავდასხმა პროირანულმა ძალებმა განახორციელეს, რაზეც მკაცრად უნდა აგონ პასუხი.

მიმდინარე წლის იანვარში ბაღდადში გამართულ დემონსტრაციაზე მომიტინგეებმა ქვეყნიდან ამერიკული ჯარის გაყვანა მოითხოვეს. ამის შემდეგ სამართალდამცველებმა ქალაქის ცენტრში დემონსტრანტების ბანაკი დაარბიეს. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებების შედეგად 75 ადამიანი დაშავდა.

აშშ-ის ხელმძღვანელობით, მოქმედმა კოალიციამ ოპერაციების დიდი ნაწილი აშშ-ის მიერ გენერალ ყასემ სულეიმანის მკვლელობის შემდეგ, 5 იანვარს შეაჩერა. საერთაშორისო ძალების მთავარი მიზანი კოალიციის ბაზების დაცვა გახდა. ერაყის პარლამენტმა კი მიიღო რეზოლუცია, რომელშიც მთავრობას ქვეყნიდან უცხოური ძალების გაყვანისკენ მოუწოდა. ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ადელ აბდულ მაჰდიმ ვაშინგტონს სამხედროების გაყვანისკენ მზადების დაწყების სთხოვა. აშშ-ის მთავრობა ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.