თორნიკე შენგელია

თორნიკე შენგელია "ოლიმპია მილანოს" სამიზნეა

ესპანური „ბასკონიას“ ქართველი კაპიტანი თორნიკე შენგელია „ოლიმპია მილანოს“ დაუკავშირეს. როგორც Superbasket-ი წერს, იტალიური გუნდის ზაფხულის სატრანსფერო გეგმებზე პირველი ცნობები გავრცელდა.

შენგელია კი, შესაძლოა იტალიის საუკეთესო გუნდის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იყოს. ლომბარდიელთა ინტერესი არც ისე დიდი ხნის წინ ორაციო კაუჩიმ დაადასტურა, რომელიც ადგილობრივი რეპორტიორია:

„შენგელია მილანში ძალიან მოსწონთ, ეს არ იქნება ადვილი, რადგან „ბასკონიასთან“ გრძელვადიანი კონტრაქტი აკავშირებს და კლუბის სიმბოლოა, მაგრამ ვიმეორებ, ეს არის მოთამაშე, რომელიც „ოლიმპია მილანოში“ ძალიან მოსწონთ“, - თქვა მან.

თორნიკეს "ბასკონიასთან" კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და ამ პერიოდის განმავლობაში 6.5 მილიონი ევრო უნდა გამოიმუშავოს.

შენგელია მიმდინარე სეზონში ლიგა ენდესაში საშუალოდ 33 წუთში 16 ქულას, 6 მოხსნას, 2.6 პასს, 0.4 დაფარებასა და 1.4 ჩაჭრას აგროვებს, ხოლო ევროლიგაში მისი საშუალო მონაგარი ასეთია: 31 წუთი, 15.8 ქულა, 5.7 მოხსნა, 2.7 პასი, 0.5 დაფარება და 0.9 ჩაჭრა.