ლეგენდარული იტალიელი ანდრეა პირლო ფეხბურთში ბრუნდება და სამწვრთნელო საქმიანობას იწყებს. როგორც 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონმა განაცხადა, ივლისიდან ახალ სამუშაოს შეუდგება.
პირლოსთვის მწვრთნელობის ინსპირაცია ანტონიო კონტე გამოდგა. „მაესტროს“ განცხადებით, ის საუკეთესოა, ვისთანაც უმუშავია და გამარჯვებითაა დაავადებული.
„მწვრთნელობას ივლისიდან ვიწყებ. დიდი სურვილი მაქვს ახალი, სრულიად განსხვავებული გზა გავიარო. ვფიქრობ, რომ შემიძლია კარგი მწვრთნელი გავხდე და ჩემი იდეები ფეხბურთელებს გადავცე. მწვრთნელობაზე ფიქრი კონტესთან მუშაობის შემდეგ დავიწყე. ის საუკეთესოა, ვინც მინახავს და ჩემს ვუთხარი, რომ მეც შემეძლო და მინდოდა მწვრთნელობა.
კონტეს „ინტერი“ - კარგად ვიცნობ, ვიცოდი, რომ ამ სიმაღლეზე აიყვანდა გუნდს და სკუდეტოსთვის ბოლომდე იბრძოლებს. ის გამარჯვებითაა დაავადებული და როდესაც მარცხდება, არ უნდა დაელაპარკო, ეშმაკი ხდება.
„იუვენტუსი“ - ძალიან ძლიერია, ყველა ასპექტში, ეს გუნდი ერთმანეთზე უკეთესი ფეხბურთელებით დაკომპლექტდა და ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად აშენდა, რისი გაკეთებაც შეუძლია. მე ვერ ვხედავ სტრუქტურულად უფრო ძლიერ გუნდს მსოფლიოში, ვიდრე „იუვენტუსია“.
ჩემი მემკვიდრე - ეს ტონალო ნამდვილად არაა, განსხვავებული სათამაშო სტილი და პოზიცია აქვს. მე დაცვის წინ ვთამაშობდი, მას კი, შეუძლია მოედნის ცენტრში ორი ნახევარმცველიდან ერთ-ერთი იყოს. ის ძალიან ძლიერია და უკვე შეუძლია დიდ გუნდში თამაში", - აღნიშნა პირლომ.
შეგახსენებთ, რომ ანდრეა პირლოს "ბრეშას", "ინტერის", "რეჯინას", "მილანის", "იუვენტუსისა" და "ნიუ-იორკ სიტის" რიგებში უთამაშია, კარიერა კი, 2017 წელს დაასრულა.